დამოუკიდებლობა აფხაზურად - კვირის პალიტრა

დამოუკიდებლობა აფხაზურად

12 დეკემბერს, უკვე მეოთხედ, ხოლო რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ პირველად, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. სოხუმის სანაპირო წინასაარჩევნო ფურცლებით, პატარ-პატარა კაფეებითა და ბომჟებით არის მოფენილი. მაღაზიებში რუსული პროდუქტებია. აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლებში ცხოვრობს, მაგრამ სოფლის მეურნეობა გაჩანაგებულია. ოდესღაც ცნობილ მანდარინებს ბიუჯეტში მცირე თანხა შეაქვს. თავად ბიუჯეტიც 4 მლრდ რუბლს შეადგენს, საიდანაც 3 მლრდ-ზე მეტს რუსეთი აძლევს.

ოჩამჩირეში საშინელი სიდუხჭირეა. მაღაზიის გამყიდველი ციალა ამბობს: - დამოუკიდებლობამ უარეს დღეში ჩაგვყარა. ბაზარში ყველაფერია, მაგრამ მყიდველი არ არისო. დარეჯან ქიშმარია წუწუნებს, - ორი დღეა გროშისა არ მივაჭრიაო, თუმცა ბიჟუტერიის გამყიდველი ლუდმილა სასიკეთო ცვლილებებსაც ხედავს: - შარშან სულ სროლა ისმოდა, ახლა სიწყნარეაო...

ცენტრალურ მოედანზე ახალი პარტიის, "ახალგაზრდა აფხაზეთის" პლაკატი ფრიალებს - პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში საქაღალდეს აწვდის რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს. უჩვეულოა ამის ყურება, რადგან მედვედევს აფხაზეთში არც ახსენებენ, ყველგან მხოლოდ პუტინს ამკობენ: "დიდი ადამიანია, რუსეთი გადაარჩინაო".

გალში შარშან კაციშვილს ვერ მოჰკრავდი თვალს, ახლა გამვლელებს ვხედავთ. გადამწვარ და დაცხრილულ სახლებზე მაღაზიების აბრები გაჩნდა. ლტოლვილების საკითხში დანიური საბჭოს ინიციატივით კომპიუტერული ცენტრიც კი გაიხსნა. ამ ორგანიზაციის გალის ოფისის მმართველი დეიან დელეტიჩი გალში განხორციელებული პროექტების ფოტოებს გვაჩვენებსL - ავეჯის საამქრო, გარემონტებული საკლასო ოთახი, აღდგენილი ელექტროხაზი...

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეგრელებმა - გალელთა უმრავლესობამ, რესპუბლიკის ახლანდელ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს დაუჭირეს მხარი. ფატიმა წულაიას რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებასა და არჩევნებზე ვეკითხებით - არც ამ არჩევნების იმედი გვაქვს, ბაღაფშისა გვჯეროდა, მან კი გზაც კი არ გაგვიყვანაო. არც სამუშაო გვაქვს, არც ხელფასი, ყველაფერი გაძვირდა, - კვერს უკრავს გოგლა გელაძე.

წინ რუსეთის "ბე-ტე-ერი" გადაგვეღობა. სამხედროები ფოტოგადაღებას გვიკრძალავენ. გზის ორივე მხარეს რუსი მესაზღვრეების კარვებია ჩამწკრივებული - ისინი რომ ცუდ პირობებში ცხოვრობენ, დასამალი არაა. საზღვარი, შარშანდელთან შედარებით, უფრო საბრძოლო შთაბეჭდილებას ტოვებს. ქვით ნაშენი ოთხი დოტი სილიანი ტომრებით არის დაფარული. ტყვიამფრქვევები აფხაზეთისკენ არის მიბრუნებული, "ბე-ტე-ერის" ტყვიამფრქვევის ლულა კი ენგურის ხიდს უმიზნებს...

სოხუმში ერთ-ერთი ოპოზიციური გაზეთის, "ეხო აბხაზიის" რედაქტორი ვიტალი შარია გვიყვება, თუ როგორ გაიყვანეს სამართალდამცველებმა ქალაქგარეთ ოპოზიციური "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორი ინალ ჰაშიგი და დაემუქრნენ, დმიტრი ხოლოდოვისა და ანა პოლიტკოვსკაიას ბედის გაზიარება ხომ არ მოგინდაო... "საშინელი ზეწოლა გვაქვს ხელისუფლებისგან და ზოგიერთი ჟურნალისტი სასამართლოსაც კი გადასცესო. თურმე ანტონ კრიბენიუკს 3 წელი მიუსაჯეს სტატიისთვის "დიდი აფხაზური აფერა", - ამბობს ინალ ჰაშიგი.

მომავალ არჩევნებზე აფხაზებს ალტერნატივა კი აქვთ, მაგრამ ძალიან ეშინიათ, 2004 წლის ამბები არ განმეორდეს, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა. რუსეთი რაულ ჰაჯიმბას უჭერდა მხარს, მაგრამ გამარჯვება სერგეი ბაღაფშს დარჩა. ამჯერად რუსეთი ისე აშკარად აღარ ერევა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მაისის ბოლოს რაულ ჰაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა და ბაღაფშს დაუპირისპირდა. მისი მოწოდების ფურცლებით - "რეფორმებს - დიახ! კორუფციას - არა!" მოფენილია სანაპიროს ჯიხურები. ჰაჯიმბას შტაბი დღე და ღამე მუშაობს. "თუ ქრთამს არ მისცემ, ერთ დოკუმენტსაც ვერ აიღებ, შსს-მ და პროკურატურის ორგანოებმა ქალაქის ადმინისტრაციის კორუმპირებულობა გამოავლინეს, მაგრამ არავინ დასჯილა", - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი ჰაჯიმბა.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი ბესლან ბუთბა ყოფილი მოსკოველი ბიზნესმენია, ტელეკომპანია "აბაზა ტვ"-ის მფლობელი და "ეხო აბხაზიის" მხარდამჭერი. თავის გამოსვლებში ხშირად ხმარობს სიტყვა "მოდერნიზაციას", არ ეთანხმება ბაღაფშის საზღვრის ერთობლივად გაკონტროლების რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას და აფხაზეთის რკინიგზის მართვის რუსეთისთვის გადაცემას.

ბაღაფშის მოწინააღმდეგეა კიდევ ერთი კანდიდატი, აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას მოგვარე ზაურ არძინბა - სახელმწიფო კომპანია "აფხაზეთის სანაოსნო კომპანიის" დირექტორი, რესპუბლიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მისი მომხრეები შიშობენ, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს...