საქართველო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის - კვირის პალიტრა

საქართველო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის

ამ სათაურით ავრცელებს ტელეკომპანია "ევრონიუსი" ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინას ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს საქართველოს დიდ მეზობელთან ურთიერთობის "გადასატვირთად" და გასაუმჯობესებლად.

"რუსეთ-საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა არავის ინტერესებში არ შედის. საქართველომ ტერიტორიის 20% დაკარგა და ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასაბრუნებლად. თუმცა ამას მშვიდობიანად და მოლაპარაკებით მოვახერხებთ. ძალადობა და შეიარაღებული დაპირისპირება ჩვენთვის მიუღებელია, მიზანს მშვიდობიანი გზით მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობაც დაგვიჭერს მხარს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ურთიერთობის ნორმალიზების კარგი მაგალითია სერბეთი და კოსოვო. მათ მიერ მიღწეული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, რომლებსაც წარსულში არცთუ წარმატებული ურთიერთობა ჰქონდათ, ახლა საერთო ენაზე საუბრობენ და მოახერხეს შეთანხმება.

"ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჩვენს ძმებთან –- ოსებთან, აფხაზებთან და, რა თქმა უნდა, რუსებთან ურთიერთობის დასალაგებლად", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

აგვისტოს ომის გამოძიებაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა "რუსული სცენარი" უწოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს სააკაშვილის სტრატეგიაა და პრეზიდენტი ყველაფერში, რაც მას არ მოსწონს, რუსეთს ადანაშაულებს.

"სააკაშვილი ასევე ფიქრობს, რომ შეუძლებელია ნატოში გაწევრება რუსეთთან კარგი ურთიერთობის პარალელურად. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა როგორც ნატოსთან, ისე რუსეთთან. ამის ყველაზე კარგი მაგალითი სლოვაკეთია - მათ არც რუსეთთან გაიფუჭეს ურთიერთობა და ამავდროულად, შეძლეს ნატოში შესულიყვნენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველო ნატოში გაწევრდეს მომავალი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ათი წელი საკმაოდ ბევრია: "ვფიქრობ, ეს საკითხი უფრო ადრე მოგვარდება. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო ცვლილებების დინამიკა. მსოფლიო იცვლება, ყველაფერი იცვლება. ასე რომ, ერთ-ორ წელიწადში, შესაძლოა, რუსეთიც შეიცვალოს და უკეთესი ურთიერთობები დაამყაროს ნატოსთან... საქართველო ევროკავშირისკენ უფრო სწრაფი ტემპით მიიწევს, ვიდრე მანამდე. "მიუხედავად ჩვენი ოპონენტების განცხადებისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო ორ წელიწადში ჩვენ უფრო დავუახლოვდებით ევროპას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერი ასევე შეეხო სოჭის ოლიმპიადის საკითხს და განაცხადა, რომ ქართველი  სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში.

"ევრონიუსი"

იბეჭდება მცირედი შემოკლებით