ეუთოდანაც გვაკვირდებიან... - კვირის პალიტრა

ეუთოდანაც გვაკვირდებიან...

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოელის, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად შეასრულებს ეუთოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებებს და სამართლიან, დამოუკიდებელ, გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალ სასამართლო პროცესს"- ნათქვამია სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო წარმომადგენლის ჟოაო სუარესის განცხადებაში.

"შარშან "საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი - რეგიონში პირველად, ხელისუფლება ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მეორეს მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად გადასცა. საჭიროა, ამ პროცესს საფრთხე არ შეექმნას. სასამართლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების შესახებ და არ აჩენდეს ეჭვს, რომ ხდება სახელმწიფო დაწესებულებების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სატელეფონო საუბარში სუარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ციხეში ჩასმა ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით, ახალ პრობლემებს შექმნის". ეს პოზიცია სუარესმა საქართველოში სტუმრობისასაც დააფიქსირა. მან განიხილა დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების საკითხები ქვეყნის პირველ პირებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან".