Foreign Policy – "პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში" - კვირის პალიტრა

Foreign Policy – "პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში"

"პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანა ნემცოვას სტატიას, რომელიც ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაავადება ეყრება, როცა ახალარჩეული ლიდერები თავიანთ წინამორბედებს უსწორდებიან.

"მერაბიშვილის დაკავებამ კიდევ უფრო გაყო გახლეჩილი ქართული საზოგადოება. ყოფილი პოლიციელი და სამხედრო მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გისოსებს მიღმა ხილვა ბევრ ქართველს სურს. ბევრი კი უბრალოდ გადაიღალა პოლიტიკური დევნებითა და სკანდალებით. ნაცვლად ეკონომიკის აღორძინებისა და სამუშაო ადგილების შექმნისა, რასაც პრემიერი ხალხს შეპირდა, გაპოლიტიკოსებული მილიარდერი ივანიშვილი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რევანშის კამპანიის სურვილითაა შეპყრობილი", - წერს ანა ნემცოვა.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო და ბევრი წარმატებული რეფორმა მის სახელს უკავშირდება.

"თუმცა არც ერთი მისი მხარდამჭერი, რომლებიც მის რეფორმებს აღნიშნავდნენ, არ გამოჩენილა სასამართლო დარბაზში, სადაც ვანო მერაბიშვილს სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის ასამართლებდნენ", - წერს Foreign Policy-ის ჟურნალისტი.

როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი ხშირად ადანაშაულებს სააკაშვილს რუსეთთან ომის წამოწყებაში და ამ ომს "სააკაშვილისა და მისი სამხედრო ჩინოსნების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად" აფასებს. პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილისა და მისი მოკავშირე მერაბიშვილი ფართომასშტაბიან კორუფციასა და თანამდებობრივის უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა.

"ცხადი იყო, რომ მის ამ განცხადებებს მალე მოჰყვებოდა დაკავება. გასული წლის არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილის ასობით მხარდამჭერმა დაკარგა სამსახური პოლიციასა და სხვა სამინისტროებში", - ნათქვამია სტატიაშია.

როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერები ცნობილი არიან თავიანთი პოლიტიკური წინამორბედების მიმართ განხორციელებული ვენდეტათი და ამის დასტურად ბელარუსისა და უკრაინის მაგალითები მოჰყავს.

"1994 წელს, ხელისუუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბელარუსის ავტორიტარულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბევრი ოპონენტი გამოამწყვდია ციხეში. უკრაინაში კი, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, 2010 წლის საარჩევნო კამპანიისას აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება იქნებოდა. ნაცვლად ამისა, არჩევნების შემდეგ მან პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრა, მათ შორის მთავარი მეტოქე, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. გასული წლის გაზაფხულზე ვლადიმერ პუტინის კრემლში დაბრუნებისთანავე, რუსეთის პროკურატურამ ანტიპუტინური კამპანიის ორგანიზატორების, მათ შორის ალექსეი ნავალნის, წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო", - წერს ანა ნემცოვა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, დიდხანს არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს დიდხანს არ უცდია, რათა მეზობელი ლიდერების პრაქტიკაში დამკვიდრებული სტილი გადაეღო.

"ექსპერტთა განცხადებით, ივანიშვილმა მერაბიშვილის ციხეში ჩასმა ოპოზიციის დასასუსტებლად არჩია", - წერს სტატიის ავტორი და გია ნოდიას სიტყვებს ციტირებს, რომელმაც მასთან საუბარში განაცხადა, რომ ჯანსაღი ოპოზიციის არსებობის ნაცვლად, ივანიშვილმა ვენდეტა არჩია.

როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, საქართველოს ბოლოდროინდელი ამბები არცთუ სახარბიელოა და მაგალითად NDI-ის ამასწინანდელი გამოკითხვები მოჰყავს, რომლის თანახმად, რესპონდენტთა 72% კვლავაც უმუშევარია, 5%-მა კი სამსახური ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაკარგა.

სტატიის ავტორი ასევე ეხმაურება 17 მაისს დარბეულ აქციას, რომლის დროსაც სასულიერო პირების წინამძღოლობით ათასობით ადამიანმა ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი აქცია დაარბიეს.

"პოლიციამ ვერ მოახერხა აქტივისტების დაცვა. აქციის 17 მონაწილე დაშავდა მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის გზავნილისა, რომ სექსუალური უმცირესობები იმავე უფლებებით სარგებლობენ, როგორც სხვა ადამიანები", - აღნიშნავს ანა ნემცოვა და ციტირებს გია ნოდიას კომენტარს, რომ საქართველოში სოციალური დაძაბულობა მატულობს. პოლიტიკურმა რეპრესიებმა კი, შესაძლოა, საქართველო გრძელვადიან სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს.

"მაგრამ მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ გია ნოდია ცდება", - წერს ანა ნემცოვა.