"Washington Post" - საქართველოს დემოკრატია განსაცდელშია - კვირის პალიტრა

"Washington Post" - საქართველოს დემოკრატია განსაცდელშია

საქართველოს დემოკრატია განსაცდელშია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "Washington Post"-ის სარედაქციო საბჭო. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველო და უკრაინა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გამოეყვნენ და ავტორიტარული მთავრობის წინააღმდეგ გამართული ცნობილი ამბოხებების შემდეგ ლიბერალური დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე დადგნენ.

სტატიის თანახმად, აშშ-მა და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი რესურსები და დიპლომატია გამოიყენეს მათი არასრულყოფილი პროგრესის გასამხნევებლად და რუსეთის მცდელობის მოსაგერიებლად, რომელიც ამ პროცესისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად.

"სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ ეს საქმე დაუმთავრებელი დარჩება. 2010 წლის დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ზედამხედველობდა მისი ძირითადი ოპონენტის სამართლებრივ დევნას და დაპატიმრებას, რამაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება შეაჩერა. ახლა კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" ლიდერები გასული წლის ოქტომბერში, დემოკრატიულ არჩევნებში დაამარცხა, მსგავსი ნაბიჯი გადადგა. გასულ კვირას პოსტრევოლუციური მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გირაოს შეუფარდებლად დააპატიმრეს. მას სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენება ედება ბრალად. ბრალი წაუყენეს ასევე ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შრომის მინისტრი იყო. ისევე, როგორც იანუკოვიჩმა, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც დაარწმუნა თანამემამულეები, რომ ეს პოლიტიკური სასამართლო პროცესი დასავლეთთან ურთიერთობას არ ავნებს. სამწუხაროდ, არც ობამას ადმინისტრაცია და არც ბრიუსელი მას ღიად არ შეეწინააღმდეგა", - წერს "Washington Post"-ი.

სტატიის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ორი ევროკომისრის ფრთხილი განცხადებები არ შეიცავს პროტესტს ვანო მერაბიშვილის დაკავების მიმართ, რომელიც ოპოზიციური პარტიის მოქმედი თავმჯდომარე და ამავე პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი იყო არჩევნებზე, რომელიც მოგვიანებით, წელს გაიმართება.

"ამის ნაცვლად დასავლეთის მთავრობებმა თქვეს, რომ პროცესს "ყურადღებით" აკვირდებიან და კანონის უზენაესობის პატივისცემის იმედი აქვთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ურჩია, თავიდან აიცილოს "პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმა ან რეალობა" – ეს ხაზი კი ივანიშვილმა უკვე გადაკვეთა. "სამწუხაროა, რომ ასეთი პრეზიდენტი დავკარგეთ" – ასეთი სარკასტული და ცინიკური იყო ივანიშვილი ოპონენტის დაკავების კომენტირებისას. საქართველოს წინა ხელისუფლება მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დამნაშავე იყო კანონის გვერდის ავლაში და ხანდახან ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლაში.

თუმცა, ეს წყვილი ხელმძღვანელობდა ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოს ისტორიაში და მალევე შეურიგდა არჩევნებში დამარცხებას, რომელმაც ხელისუფლებაში ივანიშვილი მოიყვანა. იმის თქმა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური მიზეზებით არ იდევნება, ისეთივე არადამაჯერებლია, როგორც ის, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს დანაშაულისთვის, რომელიც მან, როგორც პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინა. ბატონ ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, სააკაშვილისგან მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ხელისუფლების მიღების შემდეგ შეეძლო, თავი აერიდებინა წინა რეჟიმის სამართლებრივი დევნისთვის და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების ეკონომიკური ზრდის გამყარებაზე. ამის სანაცვლოდ, ეკონომიკა გაჩერდა, რამდენადაც ახალმა მთავრობამ შეუტია ოპოზიციას სასამართლოებსა და ქუჩებში", - ნათქვამია სტატიაში.

"Washington Post"-ი აღნიშნავს, რომ ბევრი ქართველი, ვინც სააკაშვილს მხარი არ დაუჭირა, ამგვარ ტაქტიკას ეთანხმება. "თუმცა, "ვარდების რევოლუციის" მტკიცე მემკვიდრეობაა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. დროა, ევროკავშირის ლიდერებმა და ობამას ადმინისტრაციამ ბატონ ივანიშვილს განუმარტონ, რომ თუ იგი ძირითადი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სამართლებრივ დევნას განაგრძობს, კარი დაიხურება", - წერს "Washington Post"-ი.