ალექსანდრ დუგინი - ჩვენ მზად ვართ, სადაო საკითხები ძალისმიერი გზით გადავწყვიტოთ - კვირის პალიტრა

ალექსანდრ დუგინი - ჩვენ მზად ვართ, სადაო საკითხები ძალისმიერი გზით გადავწყვიტოთ

"სამხრეთ ოსეთი ჩვენ გავათავისუფლეთ და ჩვენვე ვართ ვალდებულნი, მის საზღვრებზეც ვაგოთ პასუხი -აცხადებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი ალექსანდრ დუგინი რადიო "Голос России"-ს თან ინტერვიუში.

"ჩვენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ და ცხინვალთანაც ისე ვურთიერთობთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქთან, ქვეყნისა, რომელსაც სრული უფლება აქვს, მოახდინოს საკუთარი საზღვრების დემარკაცია. მეორე მხრივ, გულუბრყვილონი ნუ ვიქნებით და ნუ ვივარაუდებთ, რომ ამას ქართველები ან საერთაშორისო საზოგადოება ლეგალურად მიიჩნევენ. აქ კოლიზია გარდაუვალია. ჩვენს გარდა, სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არავინ მიიჩნევს, ასე რომ უნდა გავმაგრდეთ, რადგან პერიოდულად რუსეთზე ამ მიმართულებით იურიდიული, პოლიტიკური და დიპლომატიური შეტევები განხორციელდება.

ჩვენ, ჩემი აზრით, მივიღეთ ძალზე გადამჭრელი და ძალზე სწორი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ზნეობრივი თვალსაზრისით, ჩვენ გენოციდისგან ვიხსენით მთელი ერი. მეორე - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ევრაზიულ სივრცეში გადაწყვეტილებების მიმღები არა მხოლოდ ერთი ცენტრი - ვაშინგტონი და მისი სატელიტები არსებობს, არამედ სულ მცირე, ორი. და ჩვენ მზად ვართ, საკამათო საკითხები, აუცილებლობის შემთხვევაში, ძალისმიერი გზით გადავწყვიტოთ. თუმცა, რეალურად, ჩვენ ძალას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ვიყენებთ, როცა მოსახლეობა გენოციდის საფრთხის ქვეშაა, მაშინ როდესაც იგივე ამერიკელები ძალას ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში მიმართავენ. ჩვენ სამხედრო საკითხებში მხოლოდ მაშინ ვერევით, როდესაც საქმეა რეალურად მიდის აქამდე. ჩემი აზრით, ჩვენ მოკრძალებულად შევიკავეთ თავი 2008 წლის აგვისტოში. ჩვენ გავათავისუფლეთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ამიტომ პასუხს ვაგებთ მათ საზღვრებზე.

როგორ გადავწყვიტოთ სიტუაცია მარტივად? თუ საქართველო ევრაზიის კავშირში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად გაწევრიანდება, მაშინ ევრაზიის კავშირის ფარგლებში საზღვრების დემარკაციის საკითხი მნიშვნელობას კარგავს, ისევე როგორც, მაგალითად, ევროპაში - ევროპაში საფრანგეთსა და გერმანიას შორის საზღვრის პრობლემას აზრი არ აქვს, იტალიას და საფრანგეთს შორისაც კი, ან შვეიცარიის. ეს უბრალოდ სისულელეა.მათ ევროპაში არავინ ამჩნევს. ასევე აღარავინ შეამჩნევს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევრაზიის კავშირში გაწევრიანდება. ერთადერთი საშუალებაა, მოვილაპარაკოთ. გვეყო, ზეწოლის ასეთი ფორმით მოწყობა. ეროვნული სახელმწიფო არც თქვენ გამოგივიდათ, ისევე, როგორც არავის პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ ვუბრუნდებით განვითარების სწორ მოდელს - საზიარო, ტრანსნაციონალურ განვითარების მოდელსს რეგიონულ კონტექსტში. ასე რომ, თუ არ მოინდომებთ, ჩვენ ახლა დროებით დემარკაციას განვახორციელებთ, შემდეგ კი შეგვიძლია ამ საზღვრების მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი გავხადოთ, ან საერთოდ ნულამდე დავიყვანოთ. თუმცა ჯერჯერობით ვიღაც კვლავ ცდილობს ჩვენთან ძალისმიერი ზეწოლის კარტით ითამაშოს. თუმცაღა თბილისმა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის არჩევის შემდეგ მკვეთრად შეცვალა თავისი პოზიცია. ახლა ეს სრულიად სხვა ქვეყანაა. ვფიქრობ, რომ სიტუაციის ესკალაცია ახლა უბრალოდ შეუძლებელია. რამდენადაც საქართველოში ყველამ შეიგნო, რომ სააკაშვილის პოლიტიკა თვითმკვლელობაა. მისი გაგრძელება კიდევ რაღაც ტერიტორიის დაკარგვამდე მიგიყვანთ. ამიტომ, ივანიშვილო, მოდით, ავაწყოთ რუსეთთან ურთიერთობები, ნუ ვიჩხუბებთ საზღვრების გამო. მაშინ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს სამხრეთ ოსეთში, დემარკაცია არ იჩქარონ. ანუ, ქართველებმა ჩვენზე ზეწოლის ნაცვლად, კეთილი ნების დემონსტრირება უნდა მოახდინონ. თუმცა, ამერიკელები კვლავ აგრძელებენ მათ გამოყენებას საკუთარ თამაშში და ეს გარკვეული პერიოდი კიდევ გაგრძელდება. თუმცა საჭიროა, უკვე ურთიერთობების სულ სხვა სტილზე აიღოთ ორიენტირი.

- აღსანიშნავია, რომ თავად ივანიშვილს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

- ივანიშვილი პრაგმატული პოლიტიკოსია. ის ქართველი ნაციონალისტია. ყველა ამბობს, რომ ის "მოსკოვის ხელია", თუმცა არაფერი მსგავსი. ის უბრალოდ ქართველი რაციონალური ნაციონალისტია, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით მოქმედებს და ესმის, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა. ის სულაც არ არის პრორუსული პოლიტიკოსი, უფრო პროდასავლელი პოლიტიკოსია, მაგრამ უბრალოდ რეალისტია. ის სიტუაციას საღად აღიქვამს. რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერი გამწვავება ქართველების, საქართველოს, ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს საზიანო შედეგს მოიტანს. ივანიშვილს ეს არ სურს და სწორადაც იქცევა, რადგან ის თავისი ხალხის მეგობარია და არა მარიონეტი, რომელიც დასავლური ფონდების ხარჯზე გააქვს თავი. ის ქართული ქართველია, სააკაშვილი კი ამერიკული ქართველი. აი, სულ ეს არის განსხვავება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავსი, ეროვნული ყაიდის გონიერ პოლიტიკოსებთან, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს, საზოგადოების და არა მესამე მხარის ინტერესებზე ფიქრობენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევძლებთ ავაშენოთ საკმაოდ თანმიმდევრული და გაუმჯობესებული ურთიერთობების სისტემა. თუმცაღა რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული კონკრეტულ სიტუაციაზე. თუმცა ამასთან, მსურს, ვთქვა, რომ ივანიშვილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას სულაც არ უჭერს მხარს.