რუსეთის პროვოკაციებს საქართველო არ პასუხობს
10-06-2013
მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთში გაგზავნილი ჯარისკაცები საქართველოსა და თბილისისგან განდგომილ პატარა რეგიონს შორის მავთულხლართებით ბარიერის შექმნაზე რამდენიმე დღე ღვრიდნენ ოფლს. მუშაობა მაისის ბოლოს დაიწყო სოფლების - დიცისა და დვანის მიდამოებში. ამასთან, საზღვარი რამდენიმე ასეული მეტრით გადასწიეს საქართველოს ტერიტორიის შიგნით.

როგორც ეტყობა, 2008 წლის აგვისტოს ომის ხუთ წლისთავზე, მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბულობა იზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ცდილობს სიტუაციის შერბილებას და აცხადებს, -  ეს ამბავი უთუოდ გაუგებრობის შედეგია და არა პოლიტიკური
გათვლისო. საზღვრის გამაგრების სამუშაოების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რათა განეხილათ ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხი. ორივე პრეზიდენტმა აღიარა, რომ ამ ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოსკოვი სამხრეთ ოსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მოსკოვმა იცის, რომ საქართველოს ორი რეგიონის
თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევით თბილისს ნატოში საბოლოოდ შესვლის უფლებას არ მისცემს.

ეს სტრატეგიული აზრი კარგად ესმის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, უარს არ ამბობს თავისი ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციაზე. პრემიერ-მინისტრმა და მისმა მთავრობამ კარგად იციან, რომ უძლიერეს მეზობელს ვერ გაუმკლავდებიან, ესმით, რომ მოსკოვი არ შეცვლის თავის მიდგომას საქართველოსადმი, დამოუკიდებლობა გამოცხადებული ორი რეგიონისადმი და თბილისის სურვილისადმი - საკუთარი ბედი დაუკავშიროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და ევროპას. ამიტომ ივანიშვილი, ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მოსკოვთან მშვიდი ურთიერთობის განვითარებას აპირებს.

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ოსები და აფხაზები რამდენიმე წელიწადში აზრს შეიცვლიან. საქართველოს სუვერენიტეტში დაბრუნდებიან და საქართველო ნატოს წევრი გახდება.
პირველი ნაბიჯი გაისად გადაიდგმება, როცა თბილისი ალიანსისგან ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის ნანინანატრ მოწვევას მიიღებს. მოსკოვისთვის ეს კოშმარის განახლებას ნიშნავს.

"ლიმესი", იტალია
(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით