"არა მგონია, სააკაშვილი დააპატიმრონ..."
24-06-2013
"არა მგონია, სააკაშვილი დააპატიმრონ..."
"ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო ევროპის გზას დაადგეს. ამ მიზნის განხორციელება 22 წლის წინ დავიწყეთ, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა. თუმცა, უამრავი პრობლემის, მათ შორის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირების გამო, ამ პროცესის გაგრძელება ახლაც გვიწევს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ეთერში საუბრისას.

- როგორ უმკლავდება პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი მრავალრიცხოვან გამოწვევას?
- ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ 9 წლის
განმავლობაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, შევასრულოთ დასახული ამბიციური ამოცანები და არ გავჩერდეთ.

- თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გახდეთ ევროპელი საზოგადოების წევრი. საერთაშორისო საზოგადოება კი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა ახლანდელი მთავრობა მართლმსაჯულებას წინა მთავრობის წინააღმდეგ იარაღად იყენებდეს. კერძოდ,
ლაპარაკი მაქვს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებაზე.

- საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს საკუთარ ფარგლებში ხილვა სურს. ლონდონში ჩამოსვლამდე ბრიუსელში გახლდით, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გავმართეთ, მომავალ კვირას კი, საქართველოს ნატოს ატლანტიკური საბჭო ეწვევა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვექნება. 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი და მისი მეგობრები ისე მართავდნენ ქვეყანას, რომ ახალ მთავრობას ბევრი პრობლემა დარჩა მოსაგვარებელი. უამრავი მოქალაქე ჩივის, რომ ჩამოართვეს კერძო საკუთრება, უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და აწამეს ციხეში. მე არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე, პროკურატურისა და სასამართლოს გასარკვევია, კონკრეტულად ვინ დირიჟორობდა ამ სისტემურ პრობლემებს. მეორე მხრივ, არც ერთი თანამდებობა არ არის იმუნიტეტის გარანტი. ახლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, დადგება დღე, როცა ჩემს ადგილას სხვა ადამიანი იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მე რაიმე დანაშაული ჩავიდინე თავმჯდომარეობისას, დაუსჯელი უნდა დავრჩე.

ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას. ეუთოსა და ODHIR-ისგან მოვითხოვეთ მონიტორინგის მისია, რომელიც სასამართლო პროცესებს დააკვირდება. ჩვენი თხოვნით ევროკავშირმა გამოგვიგზავნა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის უფლებების დამცველი თომას ჰამერბერგი, რომელიც ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი იყო ამ საკითხში. ის დიდ დროს ატარებს საქართველოში და ყველა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიით, ჩამოვიდნენ და თავად განსაჯონ ყველაფერი.

- თუმცა მაინც არსებობს საფრთხე, რომლის თაობაზეც თქვენი მთავრობა ნატომ და აშშ-მა გააფრთხილეს - იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი გამოიყენება და ხალხს პოლიტიკური მოტივით აპატიმრებენ, ეს კი მოასწავებს იმას, რომ საქართველო ვერ შევა ნატოში და დასავლეთისთვის ღირებულებას დაკარგავს. ამბობენ იმასაც, რომ შეიძლება თვით სააკაშვილიც დაიჭიროთ.
- არა მგონია, სააკაშვილი დააპატიმრონ. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი დაფარული ამბავი გამჟღავნდა და გასაჯაროვდა. მათ შორის უამრავი თანხის გაფლანგვის ამბავი. ჩვენ დაინტერესებული ვართ ვმართოთ უკეთესი ქვეყანა და წავიყვანოთ ის ნატოსკენ, ევროკავშირისკენ, გადავჭრათ სოციალური პრობლემები, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი გაჭირვებულია. ასე რომ, ჩვენს ინტერესებში არ შედის ყოფილი ხელისუფლების წევრთა ბრალმდებლობა. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ქვეყნის სათავეში ვართ და უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა.

"ბი-ბი-სი", დიდი ბრიტანეთი
თამაზი
24 ივნისი 2013 18:05
ვააა, სააკაშვილს რა კარგი ადვოკატი ყავს, თან თურმე 9 წელი მაგარი პროგრესი განვიცადეთ, რაა ეს კოაბიტაციის მაგალითია თუ რა, სააკაშვილს დაიწერენ თუ არა, რატომ იღებთ თქვენ თავზე, ესეიგი, ნაციონალები ანგელოზები ყოფილან თითქმის, ეგრე გამოდის რა, კაი რაა,თქვენ რომ გაინაღდეთ ცხოვრება და წყნარად გსურთ ბიძინას და ხალხის(ბიუჯეტის) ფულებით ცხოვრება ეგრე არაა საქმე, ზოგჯერ დღე გადის საკვებს საერთოდ ვერ ვიღებთ,იმ რეჟიმის წინააღმდეგ ვინც ნაღდად ვიბრძოდით, დავრჩით ჩალაგამოვლებულები, ხოლო ჩვენ ვინც გვებრძოდა, იმათ მეორე დღესვე ჩაიცვეს ოცნების მაისური და ეხლა დაგვცინიან, თან უცოდინარები არიან და ისევ-ისევ გრიალებენ, გაიგეთ პარლამენტის თავმჟდომარევ, ხალხმა პირადად ბიძინას მისცა ხმა სამართლიანობის აღდგენისათვის და სოციალური პირობების გასაუმჟობესებლად. ისე ვინც იძახის პოლიტიკოსი ვარო , მაინტერესებს, რომელმა მიიღო სპეციალური პოლიტ. განათლება? ნაცების გზას ნუ გაიმეორებთ, ბიზინას ამოუდექით გვერდით, რახან თქვენზე გააკეტა ფსონი

რედაქტორის რჩევით