ივანიშვილი - ”სააკაშვილი იმდენად ნიჭიერია, რომ მთელი მსოფლიო მოატყუა” - კვირის პალიტრა

ივანიშვილი - ”სააკაშვილი იმდენად ნიჭიერია, რომ მთელი მსოფლიო მოატყუა”

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არ სურს, თუმცა "არაფერს გამორიცხავს".

აღნიშნულის შესახებ პრემიერი გამოცემა ,,სოფ შავუასთან" ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომელიც დაინტერესდა, რამდენად შესაძლოა სააკაშვილი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააპტიმრონ.

"სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი პირი, ის თავად იღებდა გადაწყვეტილებებს. არ მინდა, რომ ის დააპატიმრონ, თუმცა გამორიცხული არაფერია. არსებობს პროკურატურა, სასამართლო და კანონი ყველასათვის ერთია. მე არ ვაპირებ მასთან მოლაპარაკებების წარმოებას", - აცხადებს ივანიშვილი.

ამასთან, მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ნიჭიერია, ვინაიდან მთელი მსოფლიო მოატყუა.

"სინამდვილეში ის (მიხეილ სააკაშვილი) პატივს არ სცემდა საქართველოს კანონებს. ის ნიჭიერია, მან მოატყუა მთელი მსოფლიო. პირველები, ვინც მოატყუა, იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ის მოვიდა, როგორც დემოკრატი. მას ყველა მხარს უჭერდა, თუმცა მერე მიხვდნენ, რომ ის აშენებდა ავტორიტარულ რეჟიმს. ხელისუფლების ძალადობა მთელ ქვეყანას მოედო. მან დაშალა ოპოზიცია, ელიტური კორუფცია ყვაოდა. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ ყველა კერძო ბიზნესი სრულიად ემორჩილებოდა მთავრობას, არ არსებობდა თავისუფალი ბიზნესები. საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა ხაზინის გამგებელი და ისინი ითვლიდნენ ფულს, რომელსაც იღებდნენ მოქალაქეებისა და ბიზნესმენებისგან.

ის აკონტროლებდა მასმედიას, მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო თავისუფალი და ამას აჩვენებდა ის დასავლეთის წინაშე", - განმარტავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხალხი მიხვდა, რომ ახალი მთავრობა კარგია.

"სააკაშვილის ხალხი ვერ შეძლებს მობილიზებას არჩევნებამდე, მიუხედავად სურვილისა და გამოცდილებისა. ყველა ხვდება, რომ აღარ იქნება დაპირისპირება ქუჩებში," - დასძენს ივანიშვილი.