Wall Street Journal: ლობისტების ომი - ივანიშვილი კონგრესმენების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

Wall Street Journal: ლობისტების ომი - ივანიშვილი კონგრესმენების წინააღმდეგ

"საქართველო ამერიკაში ლობისტურ ბლიცკრიგს იწყებს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ჯეი სოლომონის სტატიას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ამ კვირაში კაპიტოლიუმზე იერიში მიიტანა განმარტებებით, რომელშიც აღნიშნული იყო თბილისის განუხრელი მხარდაჭერა ირანისთვის შეზღუდვების დაწესებაზე და ხაზგასმული იყო საქართველოს პროდასავლური პოზიციები.

"საქართველოს ლობისტური ძალისხმევა, რომელსაც ვაშინგტონში Patton  Boggs LLP ხელმძღვანელობს, ამერიკელი კონგრესმენების განეიტრალებისკენაა მიმართული, რომლებიც ცდილობენ შეამცირონ თბილისისთვის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა", - წერს ჯეი სოლომონი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წლის ოქტომბერში ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის ერთგული მოკავშირის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ათობით მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის ოცზე მეტი ამ კვირაში.

"ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი შიშობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი ბიზნეს მაგნატი, რომელსაც მოსკოვთან მყარი ურთიერთობები აქვს, პრეზიდენტს პოლიტიკურ მომხრეებს აშორებს, რათა საქართველო ისევ უკან, რუსეთთან სტრატეგიულ ალიანსში დააბრუნოს", - წერს ჯეი სოლომონი.

"როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია და, შესაძლოა, ამან მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონიოს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობაზე", - ციტირებს სტატიის ავტორი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ ამ თვეში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან ამონარიდს და დასძენს, რომ ობამას ადმინისტრაცია ასევე შეშფოთებული იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანული ფულის საგრძნობი მატებით, რომელიც საქართველოდან მოედინება.

ჯეი სოლომონი ასევე იხსენებს, "ვოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულ ამასწინანდელ სტატიას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ირანი, რომელსაც აშშ-მა და ევროპამ ბირთვული პროგრამისთვის სანქციები დაუწესა, მისთვის (სანქციებისთვის) თავის არიდებას საქართველოს მეშვეობით ცდილობდა.

"ივანიშვილის მთავრობამ, რომელმაც "პატტონ ბოგგს"-ის მეშვეობით კონგრესმენებსა და ლობისტებს განმარტებები გაუგზავნა, პირობა დადო, რომ საქართველოდან და კავკასიის რეგიონიდან ირანული ფულის გადინებას შეაჩერებდა. ივანიშვილის მთავრობა ასევე ცდილობდა სააკაშვილის დადანაშაულებას იმ პოლიტიკისთვის, რომელმაც ირანული ინვესტიციების გაზრდა გამოიწვია. მათ გადახედეს 2011 წლის თბილისის გადაწყვეტილებასაც – საქართველოში შემომავალი ირანელებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებაზე", - წერს ჯეი სოლომონი.

"2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი "ქართული ოცნება" ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების სრულად შესრულებაზე მუშაობს და ცდილობს, წინა მთავრობის მიერ ირანთან დამყარებული კავშირების შეკვეცას", - ციტირებს სტატიის ავტორი პატტონ ბოგგს-ის მიერ მომზადებული განმარტებიდან ამონარიდს და დასძენს, რომ განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი აძლიერებს ძალისხმევას აღკვეთოს საქართველოს ბანკებში უკანონო ირანული ფულის ტრიალი.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს.

ჯეი სოლომონი ასევე ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელ გამოსვლას, სადაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადა, რომ საქართველო ავღანეთის მისიაში მონაწილეობის ერთგული რჩება ისევე, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის მიმართ, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო.

თუმცა, როგორც ჯეი სოლომონი აღნიშნავს, სააკაშვილის მხარდამჭერები და კონგრესის ბევრი წევრი საქართველოს ახალი პრემიერ-მინსიტრის სიტყვების მიმართ ერთობ სკეპტიკურად არიან განწყობილები.

"ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის ათობით მთავარი მოკავშირის, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებამ საბჭოთა კავშირის დროს მომხდარი დაკავებები მოაგონათ", - წერს სტატიის ავტორი და ვაშინგტონელი ლობისტის, სააკაშვილის მთავრობის მრჩევლის მაიკლ გოლდფარბის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ როგორც კი ივანიშვილის მთავრობა მოვიდა, მაშინვე ოპოზიციის წევრების და იმ ადამიანების დაკავება დაიწყეს, რომლებიც წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ აშშ-სთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ირანის საკითხებზეც.

"ივანიშვილმა და მისი ხელისუფლება უარყოფს, რომ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის წევრებს პოლიტიკური მოტივებით აპატიმრებს. ისინი აცხადებენ, რომ გასულ წელს, საარჩევნო კამპანიისას საქართველოს კორუფციისგან გაწმენდის პირობა დადეს და ახლა ამ ვალდებულებას ასრულებენ", - წერს ჯეი სოლომონი.

თარგმნა მარი ჯავახიშვილმა

"ინტერპრესნიუსი"