BBC - 17 მაისი - პირველი ღია კონფრონტაცია ქართულ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის - კვირის პალიტრა

BBC - 17 მაისი - პირველი ღია კონფრონტაცია ქართულ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის

"საქართველოს ძლევამოსილი ორთოდოქსული ეკლესია", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა BBC პოლ რიმპლის სტატიას ქართულ ეკლესიაზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, როცა რამდენიმე ათეული ქართველი სასულიერო პირი წინ გაუძღვა ჰომოსექსუალთა უფლებადამცველი მცირერიცხოვანი ჯგუფის წინააღმდეგ ათასობით ადამიანის ძალადობრივ თავდასხმას, ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ამის გამო შეშფოთდა.

"ქართველთა დიდი ნაწილი შეძრწუნებული იყო 17 მაისს თბილისში მომხდარით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღრმად ტრადიციული კავკასიური ერისთვის ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია. ის კი რაც მოხდა, ნათლად ასახავს საქართველოში ეკლესიის მნიშვნელობას", - აღნიშნავს პოლ რიმპლი და დასძენს, რომ ქართველები ამაყობენ თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და ტოლერანტობით, ბევრი მათგანი კი თავს ქრისტიანად მიიჩნევს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ქართველებმა ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს, მიუხედავად არა ერთი დამპყრობლის, მათ შორის ჩინგიზ-ხანისა და თემურ-ლენგის შემოსევებისა.

"1917 წელს საქართველოში 2 455 ეკლესია იყო, 80-იანი წლების შუაში კი მათი რიცხვი მხოლოდ 80-ს შეადგენდა. ეს მდგომარეობა 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ შეიცვალა, როცა მაშინდელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ეთნიკური ნაციონალიზმის ფილოსოფიას ემხრობოდა, რომელსაც ეკლესიაც მიესალმებოდა", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს მოსახლეობის 80% აცხადებს, რომ ქრისტიანები არიან, თუმცა ექსპერტთა განცხადებით, ეკლესიურ რიტუალებში აქტიურად მოსახლეობის მხოლოდ 15-25% მონაწილეობს.

"მიუხედავად ამისა, ორთოდოქსული ეკლესია საქართველოში ყველაზე სანდო ინსტიტუციად რჩება და როგორც ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, მოსახლეობის 95% მას ნდობას უცხადებს", - წერს სტატიის ავტორი და თეოლოგ ბექა მინდიაშვილის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ეს პირველ რიგში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დამსახურებაა.

"1977 წელს, როდესაც ილია II პატრიარქად აირჩიეს, საქართველოში მხოლოდ 50 მღვდელი იყო, ახლა მათი რიცხვი 1 700-ს აღწევს. პირველი მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს პატრიარქმა 1997 წელს ჩააბარა, როცა ანტი-ეკუმენური წინამძღვრები ერთობის გაწყვეტით დაემუქრნენ ზედმეტად ლიბერალობისთვის. თუმცა, ილია მეორემ თავი აარიდა განხეთქხილებას", - აღნიშნავს პოლ რიმპლი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ქართული ეკლესიის ულტრა-კონსერვატული ჩარევები ისეთ გაფრთხილებებსაც მოიცავს, როგორიც იოგას ყალბი "მომხიბვლელობაა", რომელიც ხალხს ღმერთს აშორებს ისევე, როგორც ID ბარათების საწინააღმდეგო ამასწინანდელი განცხადებები.

"ქართული ეკლესია ნეიტრალური პოლიტიკური პოზიციის შენარჩუნებისთვისაა აღიარებული, ილია II კი პოლიტიკური კონფრონტაციაში, რომელიც, შესაძლაო, ადვილად გადაიზარდოს ძალადობრივ დაპირისპირებაში, მნიშვნელოვანი მედიატორის როლითაა ცნობილი", - წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეკლესიას 15 მილიონი დოლარი გამოუყო ბიუჯეტიდან, რაც სამჯერ მეტი იყო წინა წლებთან შედარებით, 10 ეპისკოპოსი კი ძვირფასი მანქანებით დაასაჩუქრა.

"მიუხედავად გულუხვი საჩუქრებისა, ეკლესიის ბევრი კონსერვატიული პრორუსული წარმომადგენელი ღიად აცხადებდა პრეზიდენტით უკმაყოფილებას. პრეზიდენტის პროდასავლურობას, ისინი ქართული ტრადიციებისა და ეკლესიის ხალხზე გავლენის შესუსტების საფრთხედ მიიჩნევდნენ", - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სასულიერო პირებს ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინათ, ბევრმა მათგანმა ღიად დაუჭირა მხარი ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, მილიარდერს, რომელმაც თანხები ჩადო საქართველოს უდიდესი ეკლესიის, სამების საკათედრო ტაძრის ასაგებად.

"თუმცა, 13 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებელი პოზიცია დაიკავა და გახდა პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობები მისი ქვეყნის თანასწორი მოქალაქეები არიან", - წერს პოლ რიმპლი და აღნიშნავს, რომ პრემიერის ამ განცხადებიდან, სამი დღის შემდეგ ილია მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა, 17 მაისის დემონსტრაცია აეკრძალა.

"ეს პირველი ღია კონფრონტაცია იყო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომლის კულმინაციაც სასულიერო პირების მიერ ჰომოსექსუალთა დამცველი აქციის წევრების დარბევა იყო", - აღნიშნავს პოლ რიმპლი.