ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

მოვლენებით ზედმიწევნით დახუნძლული კვირის ფონზე ძნელია გამოყო გამორჩეულად მნიშვნელოვანი, თუმცა პაატა ბურჭულაძის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო წამოყენების თემა, საანალიზოდ, სხვა საკითხებთან შედარებით უფრო მსუყე მასალას იძლევა, რადგან ის შესაძლოა ქართულ პოლიტიკაში არსებულ ქვედა დინებებს სხვებზე მეტად ააშკარავებდეს.

პაატა ბურჭულაძე შეთავაზებების ნაკლებობას, როგორც თავადაც აღნიშნა, არც შევარდნაძის ხელისუფლებისგან უჩიოდა, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის. ჰოდა, რაღა ზემოთ ჩამოთვლილ ფიგურებთან შედარებით შეუდარებლად ნაკლები პოლიტიკური წონის ჯონდი ბაღათურიას უნდა დაუკავშიროს თავისი პოლიტიკური მომავალი?! ვის შეიძლება რეალურად სჭირდებოდეს მძიმეწონოსანი საზოგადოებრივი ფიგურის პაატა ბურჭულაძის გამოყვანა ასპარეზზე და ვის განეიტრალებას უნდა მოემსახუროს იგი?! და რა გარანტიებს იღებს პაატა ბურჭულაძე ამ შეთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში? ამ სავარაუდო სცენარს შეიძლება რამდენიმე ავტორი ჰყავდეს, მაგალითად: 1. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა, რომელსაც სურს შეამციროს ნინო ბურჯანაძის შანსები საპრეზიდენტო არჩევნებში საპატიო მეორე ადგილზე გასასვლელად; ან სულაც სამარქაფო ვარიანტად თუ თავის დასაზღვევად მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში; 2. დასავლეთი - ისევ იმისთვის, რომ მეორე ადგილზე პრორუსული ძალა არ გავიდეს და ისიც დიდი უპირატესობით, რაც ძირფესვიანად შეცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს საქართველოში და ა.შ.

ვერსია მრავალია. სიტუაციაში კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შეიტანა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, რაც საპრეზიდენტო კამპანიის სტარტზე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა გიორგი მარგველაშვილს, არსებითად შეამცირებდა რა მის შანსებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე ივანიშვილის ამ განცხადებას საზოგადოებრივი ტესტის სახე ჰქონდა, რომლის შედეგადაც შეიკრიბა განწყობები, დაითვალა რისკები და გადაწყდა, რომ დროებით ამ ნაბიჯისგან თავშეკავება სჯობს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი ამ ტესტზე სასამართლო ხელისუფლებამ გასცა, რომელმაც ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა, რამაც ალბათ კიდევ ერთხელ მიანიშნა ივანიშვილს, რომ მის მიერ დეკლარირებულ ამოცანამდე, დატოვოს სტაბილური სახელმწიფო და საზოგადოება, ჯერ კიდევ შორსაა.

ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ საზოგადოებაში გამეფებულ დაბნეულობას საფუძვლად შიში ედო: რადგან სხვანაირი გამოცდილება არ გვაქვს, ზვიად გამსახურდიადან დღემდე მოყოლებული, მთელი პოლიტიკური სისტემა ერთ ადამიანზე იყო მორგებული. თანაბარი წონის პოლიტიკური ლიდერების პირობებში პოლიტიკის წარმოების გამოცდილება არ გვაქვს, ალბათ, ამიტომაც გვეშინია. თუმცა, რეალური დასავლური დემოკრატია სწორედ ამას ეფუძნება - ერთნაირი წონის მქონე პოლიტიკური ძალების არსებობას, თანამშრომლობას, კონკურენციას და ბევრი პოლიტიკური ფიგურის ყოფნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოსტებზე - სწორედ ეს იწვევს სტაბილურობის განცდას და არა ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული სახელმწიფო მანქანა. და მაინც, თუ ივანიშვილი გადაწყვეტს ვადამდე დატოვოს თანამდებობდა, წასვლამდე მან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს: დღევანდელი პარლამენტი ნამდვილად არ ასახავს პოლიტიკურ ძალთა რეალურ კონფიგურაციას, ასევე საზოგადოებრივ განწყობებს და შესაბამისად, ქვეყნის სტაბილურ განვითარებასაც ვერ შეუწყობს ხელს. გავიხსენოთ, ვინც "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, მან მისცა ხმა მხოლოდ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ერთადერთ ძალას, რომელსაც შეეძლო, სააკაშვილი მოეშორებინა ხელისუფლებიდან. ამდენად, დღეს შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ხმებით მოპოვებული, სხვადასხვა სახელსა და გვარზე გადანაწილებული 83 მანდატი აქვს. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხიც დგება - არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის", არამედ, "ქართული ოცნების"" დეპუტაციისაც.