გერმანიის ელჩი: საქართველოში კოაბიტაცია ვერ შედგა - კვირის პალიტრა

გერმანიის ელჩი: საქართველოში კოაბიტაცია ვერ შედგა

"არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოება უფრო თავისუფალი გახდა", - ამ სათაურით აქვეყნებს გერმანული გამოცემა Deutsche Welle ინტერვიუს საქართველოში გერმანიის ელჩთან, ორტვინ ჰენიგთან.

როგორც ორტვინ ჰენიგმა გერმანულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე 90-იანი წლებიდან მოყოლებული დგას, საპარლამენტო არჩევნების შემდეგც აქტუალურია.

"საქართველო ახალი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას ცდილობს. გარდა ამისა, საქართველომ უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი გლობალიზებულ მსოფლიოში და ამ ყველაფერის კეთება ქვეყანას ერთდროულად უწევს, რაც საკმაოდ რთულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპულ სახელმწიფოებს ამისთვის გრძელვადიანი პროცესი დასჭირდათ", - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

Deutsche Welle-სთან საუბრისას ორტვინ ჰენინგმა ასევე განაცხადა, საქართველოში კოაბიტაცია ვერ შედგა, რადგან ქვეყანა არც მენტალურად და არც ინსტიტუციონალურად არ იყო ამისთვის მზად.

"საქართველოში აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, ყველაფერს კი სწავლა სჭირდება. კოაბიტაცია ყოველთვის რთული პროცესია დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. საქართველოში კი სიტუაციას ართულებს ის, რომ პოლიტიკოსები, მენტალურ დონეზეც კი, მზად არ არიან ოპონენტებთან საუბრისთვის, არათუ მათთან კომპრომისზე. აღსანიშნავია თავად პატრიარქის როლი, რომელიც არცთუ ისე იშვიათად თამაშობს მედიატორის როლს. იყო შემთხვევები, როდესაც ქვეყნის პატრიარქი საქართველოს პრემიერსა და პრეზიდენტს პრაქტიკულად ურთიერთობას აიძულებდა", - აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში.

ორტვინ ჰენიგმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მიუხედავად ოპოზიციის განცხადებებისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი ეჭვის საფუძველს არ აძლევს.

"მეტიც, ჩემი აზრით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პლურალიზმი მატულობს. მედიას მეტი თავისუფლება მიეცა, სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება, განათლებისა და იუსტიციის სფეროში ტარდება რეფორმები. ერთი სიტყვით, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ქართული საზოგადოება უფრო თავისუფალი გახდა და ქართველები უფრო თამამად გამოხატავენ აზრს. ეს კი გარკვეულწილად იმასთან არის დაკავშირებული, რომ საგრძნობლად შემცირდა მოსახლეობის დევნა და მათზე კონტროლი", - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მისივე თქმით, უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ იმატა უმცირესობების, მათ შორის რელოგიური და სექსუალური დისკრიმინაციის ფაქტებმა. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, შედარებით გაურკვეველია ახალი ხელისუფლების შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური კურსი.

"ძალიან მინდა, საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და საქართველომ გააგრძელოს ჭეშმარიტი ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით სვლა. ამის პოტენციალი ქვეყანას ნამდვილად გააჩნია ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა და დაინტერესება ამ კუთხით. თუმცა, ცვლილებები პირველ რიგში, თავად ადამიანებში უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს შეუძლია გამოაცხადოს, ხვალიდან სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი იქნებაო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსამართლე, რომელიც მიჩვეული იყო სახელმწიფოსგან მითითებებს, უცბად შეძლებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ადამიანი ისე აღიზარდა, მისთვის არავის უთქვამს, რომ სასამართლო მესამე ხელისუფლებაა და არც პრემიერს, არც პრეზიდენტს არ აქვს უფლება მას საკუთარი მოთხოვნები წაუყენოს. მენტალურ ცვლილებებს ათწლეულები სჭირდება", - განაცხადა ორტვინ ჰენიგმა.

როგორც Deutsche Welle-სთან ინტერვიუს დროს გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო გერმანიისთვის ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში კი იმით, რომ საქართველო ერთგვარი გასაღებია სამხრეთ კავკასიასთან და ხიდია ახლო აღმოსავლეთთან.

"საქართველო ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასავლეთ ევროპაში კასპიის ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხით. ბოლო წლებში კი არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთლიანად ნატო-სთვის გაიზარდა საქართველოს მნიშვნელობა, როგორც ალტერნატიული სატრანზიტო ქვეყნისა - ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ჯარების პაკისტანის გვერდის ავლით შეიყვანოს. გარდა ამისა, აშშ-ის შემდეგ გერმანია, საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტორია. 2012 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 592 მილიონი ევრო შეადგინა. გარდა კერძო ინვესტიციებისა, სახელმწიფო დონეზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობასთან, ინფრასტრუქტურასთან და ენერგორესურსებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებზე", - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ორტვინ ჰენიგმა.

"ინტერპრესნიუსი"