პატარა ცივი ომი - კვირის პალიტრა

პატარა ცივი ომი

რუსეთ-საქართველოს შორის ცივი ომი მიდის, უფრო სწორად, ომუკა. ომუკა იმიტომ, რომ პატარაა და უკვე ისე გვეჩხირება თვალში, რომ ჩვეულებრივ ამბად აღიქმება.

საბჭოთა კავშირისა და დასავლეთს შორის ცივი ომი კომუნისტური მესიანობის შედეგი იყო, მასში გამარჯვება სტრატეგიულ ამოცანად აღიქმებოდა.

რუსეთ-საქართველოს ცივ ომუკაში გამარჯვებაზე არავინ ოცნებობს, მით უმეტეს, მისი უშუალო მონაწილეები. არც არის გასაკვირი. თბილისს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის "გადაკეთება" არ შეუძლია, პროპაგანდისა - მით უფრო. მოსკოვი მხოლოდ თავის ტერიტორიაზე ახერხებს ანტიქართული ისტერიის გავრცელებას... რუსები კი უსმენენ და თან ხაჭაპურს მიირთმევენ. მაგრამ არც ომუკას შეწყვეტის მიზეზები არსებობს - ბირთვული იარაღის გამოყენებისა არ ეშინიათ, ჩვეულებრივის ტრიალში კი კარგად გავარჯიშებული არიან. ქვეყნებს შორის კონტაქტები არ არსებობს, პირდაპირ არც თვითმფრინავები დაფრინავენ და არც მატარებლები დადიან, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, ურთიერთეკონომიკაც ნულზეა დასული.

ძნელი სათქმელია, რა იქნება. რუსეთის პოზიცია ნათელია: "სანამ სააკაშვილი არ წავა..." საქართველო კი აცხადებს: "სანამ რუსეთი წართმეულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს..."

რასაკვირველია, აშკარაა ის ფაქტი, რომ ერთმა სახელმწიფომ მეორეს იარაღით წაჰგლიჯა ტერიტორიები და რაც უნდა იმართლონ თავი, "ხალხის ნებას ვასრულებდითო", ამას წყალი არ გაუვა. აშკარა გულუბრყვილობაა იმის იმედად ყოფნა, რომ საქართველოს ახალი ლიდერი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დათმობს. გასაგებია, რომ არასამართლებრივი წაგლეჯის ფაქტორი შემდგომშიც იმუშავებს და მას, ვინც განაცხადებს, "ბედს ვერ ავცდებითო", მაშინვე მოღალატედ შერაცხავენ. ამიტომ უაზრობაა ლაპარაკი ტერიტორიის პრობლემის გადაწყვეტის "კონსტრუქციულ მიდგომაზე", რადგან ამ სიტუაციაში მხოლოდ ორი გამოსავალია - ან წართმეულის დაბრუნება და სიტუაციის საწყის მდგომარეობამდე მიყვანა, ან ათწლეულობით "მტრებად" დარჩენა. შეიძლება თურქეთს ხელს აძლევდეს მსგავსი სიტუაცია კვიპროსის გაყოფაში, მაგრამ საკითხავია, რუსეთისთვის რამდენად ხელსაყრელია ასეთსავე როლში ყოფნა.

თანამედროვე ისტორიაში საოცარი პარადოქსები ხდება, მაგრამ მათში მთავარი ის არის, რომ როგორი სამხედრო ოპერაციაც უნდა დაგეგმო და განახორციელო, რა პროპაგანდაც უნდა გამოიყენო, რაც უნდა იღონო, სულერთია - თანამედროვე ომში ვერავინ ვერავის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ ძირფესვიანად არ გაანადგურებს მოწინააღმდეგეს. მსოფლიოს გახსნილობა, თანამედროვე კომუნიკაციები, მეზობელი ქვეყნების ინტერესების მრავალსახეობა - ვითომდა დამარცხებულს მნიშვნელოვან გარანტიას აძლევს: მსოფლიო მისთვის ისევ ღიაა, მალე მოიშუშებს ომის ჭრილობებს,  უფლება აქვს, ენერგიულად და მიზანმიმართულად განუმარტოს მსოფლიოს, - ჩემს წინააღმდეგ აგრესია მოხდაო. ამის შედეგად მსოფლიო საზოგადოებრიობა დროდადრო აიძულებს ამაყ და უზარმაზარ მეზობელს, თავი იმართლოს განხორციელებული აგრესიის გამო. ამ მეზობელმა თავის მოსახლეობას კი აუხსნა ყველაფერი, მაგრამ ქვეყნის გარეთ...

საქართველოს დიპლომატია კი არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ დანარჩენ მსოფლიოზეც მუშაობს - თანაც წარმატებით. და რაც უნდა ეცადოს რუსეთი, ვერავის დაარწმუნებს ქართველების ავანტიურისტობაში, რადგან ევროპაში ჯერ კიდევ ახსოვთ რუსეთის საბჭოური წარსული. რუსეთისთვის საქართველოსთან ცივი ომი მდორედ მიმდინარე, მაგრამ გლობალურ პრობლემაში გადაიზარდა, რომელიც რკინის ფარდის არარსებობამ და ინტერნეტის არსებობამ გაართულა.

რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა მძიმე და არქაულია, თანაც დაფუძნებულია პრინციპზე "მე ვთქვი - შენ დაიჯერე". მაგრამ ყოველივე ეს წარსულშია, აწმყოში კი საერთაშორისო ცნობიერებაში არსებობს ორი ერთნაირი მნიშვნელობის ქვეყანა - საქართველო და რუსეთი. და საქართველოს შეუძლია, ყველა საერთაშორისო მოედანზე, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოება განიხილება, რუსეთი დაბლოკოს. გავიხსენოთ, თუნდაც დაუმთავრებელი პრობლემები ეუთოში, რომელიც რუსეთს აიძულებს, წარამარა იძახოს - "კარებს მივიჯახუნებო".

ქართული პრობლემა რუსეთისთვის სახიფათოა არა მარტო როგორც პირდაპირი ფაქტორი, არამედ, როგორც იქიდან გამომდინარე სხვა მოვლენებითაც: ვფიქრობ, რუსეთის შესვლას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეაფერხებენ ის ქვეყნები, რომლებიც მოსკოვის ვოლუნტარიზმს არ აღიარებენ. საერთაშორისო არენაზე რუსეთის ბოლო წარუმატებლობა იყო ის, რომ ევროპამ და აშშ-მა რუსეთ-ნატოს სამიტზე ფაქტობრივად უარი უთხრეს რუსეთს კოლექტიური უსაფრთხოების წინადადების განხილვაზე. სხვისი ტერიტორიის წართმევა და იმავდროულად კოლექტიური უსაფრთხოების შეთავაზება - მხოლოდ ავადმყოფ გონებას შეუძლია.

საქართველოსთან ცივი ომუკა რუსეთს პირდაპირ ზარალს აყენებს. სპილო-რუსეთს ხორთუმში საქართველო-ეკალი აქვს შერჭობილი. ეს ეკალი ერთი ციცქნა კი არის, მაგრამ სეფსისს მაინც გამოიწვევს.

რუსეთს შეუძლია, თავი ქედმაღლურად დაიჭიროს, დასცინოს და ლანძღოს საქართველო, მაგრამ ეს ავად შემოუბრუნდება.

რუსეთის იმედი - პრობლემა თავისით მოგვარდებაო, პოლიტიკური არაადეკვატურობის ნიშანია, როგორც იმის დაჯერება, რომ საგარეო სივრცეში ნავთობითა და გაზით ამ პრობლემის გადაფარვა შეიძლება.

რუსეთის ხელმძღვანელობის საერთო უბედურება ის არის, რომ ვერ გრძნობენ მომენტს, დროის სტილს და ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკის უბედურებაა.

კანონზომიერია, რომ დიდი რუსეთი არ ივიწყებს 1941-1945 წლების სამამულო ომს, მაგრამ რატომღაც მიიჩნევს, რომ პატარა მეზობლისთვის საკუთარი ქვეყანა მამული არ არის. მაგრამ ასეთ საკითხებში ზომას მნიშვნელობა არა აქვს.

მატვეი განაპოლსკი