"ბიბისი" "მაღარიჩზე, პოლიციის შუშის შენობებზე და კორუფციაზე - კვირის პალიტრა

"ბიბისი" "მაღარიჩზე, პოლიციის შუშის შენობებზე და კორუფციაზე

"საქართველო: საკმარისია თუ არა პოლიციის შუშის შენობები კორუფციის დასამარცხებლად?", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული BBC სტივ როზენბერგის სტატიას საქართველოზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ათი წლის წინ, საქართველოს კორუფციული ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდა. პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი რეფორმები მოიტანა, მათ შორის საყოველთაოდ ნაქები პოლიციის შუშის კედლებიანი შენობები.

"ბოლო წლებში, თბილისმა – ამ უძველესმა ქალაქმა თანამედროვე ელვარება შეიძინა გამჭვირვალე შენობებით, რომელიც ერთი შეხედვით მანქანის "შოურუმებს" ჰგავს. თუმცა, ახლოდან თუ დააკვირდებით, ეს პოლიციის შენობებია – სიმბოლო ახალი გამჭვირვალეობის, რომელსაც საქართველო 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ახორციელებს", - წერს სტივ როზენბერგი.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, მარკ მალენის სიტყვებს, რომელიც მასთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველები კორუფციას სიამაყის გრძნობით უყურებენ.

"ქართველებისთვის უამრავი ისეთი სიტყვა არსებობს, რომლითაც ამართლებენ სიეშმაკეს – მაგალითად, "მაღარიჩი", რაც "საჩუქარს" გულისხმობს. საქართველოში, რომელიც პატარა ქვეყანა იყო დიდ იმპერიებს შორის, პატივს სცემენ ოჯახსა და მეგობრებს", - ციტირებს სტატიის ავტორი მარკ მალენის სიტყვებს.

BBC-ის კორესპონდენტი ასევე აღნიშნავს, რომ პოსტ-საბჭოთა საქართველოს კორუფცია ახრჩობდა – ქრთამი სჭირდებოდა მშენებლობის ნებართვასა და კომპანიის დარეგისტრირებას, სამსახურის დაწყებას, მათ შორის, საგზაო პოლიციაშიც. ამ ყოველივეს შედეგი კი თავიდან ბოლომდე გახრწნილი სისტემა იყო.

"ზოგიერთები ფულს იმაშიც იხდიდნენ, სახლში რომ შუქი ჰქონოდათ, რადგან იმ პერიოდში დენი გრაფიკით მიეწოდებოდათ. თუმცა 2003 წელს ცვლილებების განხორციელება დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა და ქართველებს იმას შეპირდა, რაც მათ არასდროს ჰქონიათ – გამჭვირვალობას, მათ შორის გამჭვირვალე პოლიციის შენობებს და რეფორმირებულ პოლიციელებს", - წერს სტივ როზენბერგი და პოლიციის ქართველი კაპიტნის, ნინო ღვინიანიძის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ წარსულში ბევრი ადამიანი ცდილობდა, პოლიციისთვის ქრთამის შეთავაზებას, თუმცა ახლა ყველამ იცის, რომ პოლიციელები ფულს არ იღებენ.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა მხოლოდ პოლიციას არ შეეხო. საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა იუსტიციის სახლები, სადაც ქართველების დოკუმენტების აღება ქრთამის მიცემის გარეშე შეუძლიათ, რაც ადრე არ ხდებოდა.

"როგორც ჩანს, პოლიციისა და საჯარო სერვისის სახლების ქრთამისგან გაწმენდამ საქრთველომ შეძლო შეუძლებელი მისიის შესრულება. მსოფლიო გამჭვირვალობის რეიტინგში, სადაც საქართველო ბოლოსკენ იმყოფებოდა, დაწინაურდა და ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოსაც კი გადაასწრო. თუმცა, ზოგიერთი ქართველი ჩივის, რომ მათ ახალ გამჭვირვალე სისტემას მკაცრი შეზღუდვები აქვს", - აღნიშნავს სტივ როზენბერგი.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ საქართველოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის ყოფილ მფლობელთან მამია სანადირაძესთან შეხვედრისას, ქართველმა ბიზნესმენმა განუცხადა, ის ხელისუფლება, რომელიც კორუფციას ებრძოდა, ბიზნესზე ზეწოლას ახდენდა. პრობლემები კი ხელისუფლებასთან მაშინ შეექმნა, როდესაც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ინტერნეტ მოხმარებელთა საიდუმლო მოსმენების განხორციელება დაავალა.

"უარი ვუთხარი. მათ კი მითხრეს, რომ სავარაუდოდ, მომავალში პრობლემები შემექმნებოდა", - ციტირებს BBC-ის კორესპონდენტი მამია სანადირაძის კომენტარს, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე მას 7,45 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა საგადასახადო სამსახურმა.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, რომელსაც სათავეში სააკაშვილის მეტოქე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა.

"მისი აზრით, ანტი-კორუფციული სახელმწიფო, რომელიც მემკვიდრეობით ერგო, გამჭვირვალეობის შუქურა არ არის", - ციტირებს BBC-ის კორესპონდენტი პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელიც მასთან საუბარში ასევე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება წარმატებით ებრძოდა კორუფციას ქვედა და საშუალო დონეზე.

"თუმცა, შემდეგ ეს ფული მაღალ საფეხურზე მყოფთა შორის ნაწილდებოდა და საქართველოში ელიტური კორუფცია ჰყვაოდა", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის მისთვის მიცემულ კომენტარს.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კომენტარს, რომელიც უარყოფს პრემიერის ბრალებებს.

"შეგიძლიათ იმის თქმა, რომ სასამართლო სისტემა ბოლომდე დამოუკიდებელი არ იყო და ამაზე დაგეთანხმებით. დაგეთანხმებით იმაზეც, რომ პროკურორები თავიანთ უფლებებს აჭარბებდნენ. თუმცა, ქრთამს არავინ იღებდა, ფულს არავინ იპარავდა. და ერთადერთი მიზანი, რის გამოც ისინი ზოგჯერ თავიანთ უფლებებს აჭარბებდნენ, იმის მცდელობა იყო, რომ ქვეყანაში კორუფციის დაბრუნება არ დაეშვათ", - ციტირებს BBC-ის კორესპონდენტი საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებებისა, ის ცოტა ხნის წინ საკუთარი მიზნებისთვის საზოგადოებრივი თანხების ხარჯვაში დაადანაშაულეს – რომ ის ათასობით დოლარებს ხარჯავდა სასტუმროს ძვირფას ნომრებსა და გასალამაზებელ პროცედურებზე ნიუ იორკში, მათ შორის ბოტოქსზე.

"შემომხედეთ, ხედავთ რაიმეს (ბოტოქსის კვალს)? შეხედეთ პრემიერ-მინისტრსა და მისი მეგობარ პუტინს და ნახავთ ჩვენს შორის განსხვავებას. სად არის ის "უმიზნოდ გახარჯული და მოპარული მილიონები და მილიარდები? – არსად. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სუფთა იყო", - ციტირებს სტივ როზენბერგი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს მარკ მალენის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრებისა და პარტიის მაღალჩინოსნების დაკავება, მისი აზრით, პოლიტიკურად მოტივირებულია.

"საქართველომ ბევრს და სწრაფად მიაღწია. ქვეყნის ისტორიაში არასოდეს ყოფილა აქამდე ასე რთული კორუფციის მიჩქმალვა. თუმცა, საქართველოში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ კაშკაშა სასახლეები არ არის ტოტალური გამჭვირვალეობისა და კანონის უზენაესობის გარანტია, სანამ თავიანთ შუშის სახლებში მყოფი პოლიტიკოსები ქვებს ისვრიან", - წერს სტივ როზენბერგი.