საქართველოს ავღანეთში მასშტაბური წვლილი შეაქვს - კვირის პალიტრა

საქართველოს ავღანეთში მასშტაბური წვლილი შეაქვს

ავღანეთში 1000-მდე სამხედროს გაგზავნით საქართველო საკუთარ უსაფრთხოებაში სერიოზულ ინვესტიციას დებს დიდი მეზობლის და ყოფილი მმართველის, რუსეთის წინააღმდეგ. შარშანდელი ომის შემდეგ მოსკოვთან გახანგრძლივებული დაძაბული ურთიერთობების კვალდაკვალ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნატოსთან კავშირის განმტკიცებას ესწრაფვის და მასშტაბური წვლილი შეაქვს აშშ-ის ხელმძღვანელობით ავღანეთში "თალიბანთან" და "ალ-ქაიდასთან" ბრძოლაში.

თბილისი იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გაზრდის მის კავშირს დასავლურ სამხედრო ალიანსთან, არამედ არმიას აუცილებელ სამხედრო გამოცდილებას შესძენს, რომელიც რუსეთთან ან რუსების მიერ მხარდაჭერილ ქართულ სეპარატისტულ რეგიონებთან მოსალოდნელ კონფლიქტში გამოადგება.

"ვიდრე ჩვენი მოკავშირეები... სხვა საკითხებზე არიან კონცენტრირებულნი, ჩვენი მტერი სულ უფრო აქტიურდება. რაც მალე გადაწყდება ავღანეთის პრობლემა და სწრაფად დასრულდება ერაყის ომი, საქართველო მით უფრო დაცული გახდება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებთან შეხვედრისას. მან აღნიშნა, რომ საქართველო, ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, საკუთარ ჯარს არ უკრძალავს ავღანურ ოპერაციაში მონაწილეობას. ეს მისია, გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, ძალიან ღირებულია. "ეს უნიკალური შანსია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მიიღონ რეალური საომარი ნათლობა. ჩვენ ჯარი მხოლოდ სამხედრო აღლუმებზე სატრაბახოდ არ გვჭირდება", - თქვა მან.

გაისად გაზაფხულზე საქართველო ავღანეთში, აშშ-ის მეთაურობით, ორ მსუბუქ დაჯგუფებას და მძიმე ბატალიონს გაგზავნის, 1000 კაცზე ოდნავ ნაკლებს. ნოემბრიდან 170 ქართველი ქვეითი სამხედრო უკვე ავღანეთშია და საფრანგეთის მეთაურობით მსახურობს.

საქართველო, ასევე აშშ-ის ხელმძღვანელობით, ერაყის კამპანიის საკვანძო მონაწილეც გახლდათ. 2000 ქართველი ჯარისკაცი ყველაზე სახიფათო ზონაში, ირანის საზღვართან მსახურობდა. ეს, აშშ-ის მოკავშირეებს შორის, ბრიტანეთის შემდეგ, მოცულობით მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი იყო.

"საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრობისკენ მიისწრაფვის, ამიტომ ჩვენ გვჭირდება იმის დემონსტრირება, რომ გვსურს არა მხოლოდ ამ უსაფრთხოების მომხმარებლები ვიყოთ, არამედ განმახორციელებლებიც", -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ.

"ცოტა თუ ელოდება საქართველოს ახლო მომავალში ნატოს წევრად გახდომას. მაგრამ თბილისი იმედოვნებს, რომ თუნდაც წევრობის გარეშე, ის გარკვეულ სარგებელს მიიღებს და თუკი ხელახლა აღმოჩნდება რუსეთთან მორიგი კონფლიქტის პირისპირ, მის წვლილს არ დაივიწყებენ", - ამბობს ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე. შარშანდელი კონფლიქტის დროს რუსული არმიის ნაწილები საქართველოში შეიჭრნენ, რათა აღეკვეთათ საქართველოს მცდელობა, სამხედრო ძალით დაებრუნებინა სეპარატისტული რეგიონი სამხრეთი ოსეთი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიური რუსული მხარდაჭერით სარგებლობდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორია დაიპყრო და დაბომბა სამიზნე ობიექტები, რუსეთის არმია სამხრეთ ოსეთისა და მეორე აჯანყებული რეგიონის, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაბანაკდა და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ამ ორი რეგიონის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. თბილისმა რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციასა და ორივე რეგიონში სამხედრო ძალის გაზრდაში დაადანაშაულა. იმავდროულად, მოსკოვი საქართველოს მისი არმიის აღდგენასა და რეგიონების ძალით დაბრუნებისთვის მზადებას აბრალებს.

ბარამიძის თქმით, კონფლიქტის დროს საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა უკიდურესად სჭირდებოდა და, შესაძლოა, კვლავ დასჭირდეს. "რუსეთი საქართველოს მთლიანად გადაყლაპავდა, რომ არა ის დასავლური მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ", - თქვა მან.

"ცხადია, საქართველო ეძებს უსაფრთხოების გარანტიებს (საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით). თუკი გვსურს, რომ გადავრჩეთ, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ერი, უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება", - თქვა გიორგი ბარამიძემ.