აგვისტოს ომმა ნატო იმპოტენტად წარმოაჩინა... - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომმა ნატო იმპოტენტად წარმოაჩინა...

"რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ", - ამ სათაურით აქვეყნებს ევროპული გამოცემა EurActiv-ი ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია შტრატფორ-ის სტატიას.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსულმა ტანკებმა რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბი გადალახა და საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში შეიჭრა. სრულმასშტაბიანი ომის დროს, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდა, რუსეთმა საქართველოს შეიარაღებული ძალები თითქმის გაანადგურა, მწყობრიდან გამოიყვანა მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომარაგების ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ასევე, მოსკოვმა თავისი შეიარაღებული ძალები განათავსა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის არმიას საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეჭრა აღარ გაურისკავს, მაგრამ საქართველოს დედაქალაქიდან თითქმის 45 კილომეტრში დაბანაკდა.

ქართული კონფლიქტის ფესვები შეიძლება არა სამხრეთ ოსეთში, არამედ გაცილებით შორს, ევროპაში ვეძებოთ. ევროკავშირის და ნატოს ექსპანსია აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპისკენ 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობდა 2000-იან წლებამდე, რამაც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიფერიაზე დასავლური გავლენა განამტკიცა და მოსკოვის გავლენა შეარყია. დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ 2008 წლის დასაწყისში, საომარ პროცესებს ბიძგი მისცა. სულ რამდენიმე თვეში, ნატოს სამიტზე, ბუქარესტში, სამხედრო ბლოკი დაჰპირდა საქართველოს და მეორე ყოფილ საბჭოთა სახელმწიფო უკრაინას, რომ ისინი აუცილებლად გახდებოდნენ ალიანსის წევრები.

ყოველივე ეს იმ დროს ხდება, როდესაც დასავლეთში ბევრს რუსეთი ისეთივე სუსტი და ქაოსში ჩაფლული სახელმწიფო ჰგონია, როგორიც 1990-იან წლებში იყო და ბორის ელცინი დიდი წვალებით მართავდა.

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბორის ელცინი არ იყო. 2008 წლისთვის პუტინმა ბიუროკრატიის და ოლიგარქების დიდი ნაწილი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია, ამავდროულად, რუსეთის ეკონომიკას ხელს უწყობდა ნავთობის მაღალი ფასი მრავალი წლის განმავლობაში. პუტინის თვალსაზრისით, დასავლეთი სისტემატურად დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ძირს უთხრიდა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ პასუხის დროც დადგა.

ამ პასუხისთვის საქართველო რუსეთისთვის საუკეთესო სამიზნე იყო. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს საქართველო დასავლეთზე მტკიცედ ორიენტირებული გახდა, და მართალია, ის მიისწრაფოდა ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად, მაგრამ მას კვლავაც არ ჰქონდა მოპოვებული ალიანსში წევრობის უფლება და არ ექვემდებარებოდა ავტომატურად ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-5 მუხლს. დამატებით, საქართველო, მისი სიმცირისა და სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო (რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს უშუალოდ ესაზღვრება და ევროპის კონტინენტისგან შორსაა), საუკეთესო პლატფორმა იყო რუსეთისთვის სამხედრო ძალის გამოსაყენებლად. საქართველოსთან ომი რუსეთისთვის სამი მიზნის რეალიზების საშუალება გახლდათ: საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების შელახვა; იმის დემონსტრირება, რომ მისი შეიარაღებული ძალები ჯერ კიდევ ძალიან ეფექტიანია; და, უმნიშვნელოვანესი - ეჩვენებინა დასავლეთის სისუსტე, რომელმაც ვერ შეასრულა ვალდებულებები მისი პარტნიორების მიმართ რუსეთის პერიფერიებზე.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა სამივე ამ მიზანს მიაღწია.

ომის შედეგები მნიშვნელოვნად გასცდა საქართველოს ფარგლებს. სწორედ ნატო და არა რუსეთი, გამოჩნდა ბევრისთვის იმპოტენტად და მერყევად, რუსეთი კი ძლიერ და ეფექტიან სამხედრო სახელმწიფოდ. მიუხედავად მისი რეალური შესაძლებლობებისა, ეს იყო პოპულარული აღქმა, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში; ამ ომმა შეცვალა მათი დამოკიდებულება რუსეთთან ურთიერთობებისადმი.

ომის შემდგომ წლებში სწორედ ეს განცდა იქცა წამყვან ფაქტორად ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ქმედებებში. უკრაინამ ოფიციალურად თქვა უარი ნატოსთან ურთიერთობაზე და კანონით აკრძალა ნებისმიერი სამხედრო ალიანსის წევრობა. ქვეყნებმა, რომლებიც უკვე თანამშრომლობდნენ რუსეთთან (ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი), მხოლოდ გაზარდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა მოსკოვთან. საქართველოც კი გადასხვაფერდა - პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის გუნდი დაამარცხა, ქვეყნის რუსეთთან დაკავშირებული პოზიცია შეიცვალა. ივანიშვილი ცდილობს რუსებთან უფრო ახლო ეკონომიკური კავშირების დამყარებას და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მხარს უჭერს ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციისკენ სწრაფვას, საქართველოს ნაციონალური მიდგომა რუსეთთან დაკავშირებით უფრო პრაგმატული გახდა.

ხუთდღიანი ომის შედეგები ხუთი წლის შემდეგაც ძალიან თვალსაჩინოა. რუსეთი ვერ დაიბრუნებს ამერიკის შეერთებული შტატების ტოლი სუპერსახელმწიფოს სტატუსს, როგორც ეს საბჭოთა ეპოქაში იყო. მაგრამ მისი ყველაზე მკაცრი ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ იმას, რომ ის თუმცა ღირსებაშელახული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი რეგიონული სახელმწიფოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და დასავლეთზე სწორება აღარ არის ისეთი მიმზიდველი, როგორიც ათი წლის წინ იყო. ამ თვალსაზრისით, რუსეთ-საქართველოს ომი უფრო მეტია, ვიდრე უბრალო მოვლენა, რომელზეც დაფიქრებაა საჭირო; ის ერთ-ერთი გზამკვლევია რეგიონის ქვეყნებისთვის, რომლებიც მომავალში რუსეთთან ურთიერთობის გზებს განიხილავენ.

ევროკავშირის გამოცემა, ბელგია