Foreign Policy - რუსეთი საქართველოზე ძალადობს, ვაშინგტონი კი დუმს - კვირის პალიტრა

Foreign Policy - რუსეთი საქართველოზე ძალადობს, ვაშინგტონი კი დუმს

"რუსეთი საქართველოს ტერიტორიას არღვევს, ამერიკა კი ბევრს არაფერს ამბობს", - ამ სათაურით აქვეყნებს Foreign Policy ჯონ ჰადსონის სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს , 17 სექტემბერს, სირიის ქიმიური იარაღის პროგრამაზე აშშ-რუსეთის შეთანხმებიდან სამი დღის შემდეგ, მოსკოვმა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ჩვეულებრივ, ვაშინგტონის გაღიზიანებას იწვევს – რუსეთის სამხედროებმა საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს.

"რუსეთის მიერ საქართველოსთან 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკან უნდა დაეხიათ საომარი ქმედებების პოზიციებიდან, რეგიონული ექსპერტებისა და ამერიკელი კონგრესმენების გაკვირვება არ გამოუწვევია. მაგრამ ამ ძალადობის შემხედვარე ვაშინგტონის დუმილმა გაკვირვება ნამდვილად გამოიწვია", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აშშ-ის, რომელიც დასავლეთში საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მისივე თქმით, ევროკავშირმა საჯაროდ გამოთქვა პროტესტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვის გამო.

ჯონ ჰადსონი ასევე წერს, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ ღობეების აღმართვას გამოეხმაურა ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში ჯეიმს აპატურაი, რომელმაც განაცხადა, რომ "მომხდარი არღვევს შეთანხმებას და ართულებს პოლიტიკურ წინსვლას".

როგორც სტატიის ავტორი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა Foreign Policy-ის თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. თუმცა, მისივე თქმით, მომხდარს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდნ ნორლანდი, რომელმაც განაცხადა, რომ ინტერვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იყო.

"აშშ-ის მდუმარე რეაქცია უჩვეულოა. თუმცა, ეს გამოწვეული იყო სირიის საკითხზე აშშ-ის რუსეთთან ჩართულობით", - ციტირებს სტატიის ავტორი "ჰერითიჯის" ფონდის მკვლევარის რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, არიელ კოენის კომენტარს.

"აშშ-ის სიმშვიდე აღელვებს ზოგიერთ ქართველ მაღალჩინოსანს, რომლებიც შიშობენ, რომ მათი პრობლემები განზე დგება, რადგან აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლება სირიის ქიმიური იარაღისგან გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობას ცდილობენ", - წერს ჯონ ჰადსონი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული მხარე, რუს სამხედროებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მავთულხლართების 500 მეტრით გადმოწევასა და ანექსიაში, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაში ადანაშაულებს. რუსები კი აცხადებენ, რომ მათი ჯარისკაცები დიცში, ე.წ. საზღვართან მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობენ სამხრეთ ოსეთში, რომელიც დღემდე ცდილობს საქართველოსთან 2008 წელს ხუთდღიანი კონფლიქტის შემდეგ ფეხზე დადგეს.

"ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც შეუწყნარებელია იმ ქვეყნების მიმართ, ვინც ცალმხრივად იჭრება და აღრვევს სხვების საზღვარს. მეტიც, თუ ევროპული ქვეყნები აპროტესტებენ, მაშინ ვაშინგტონმაც უნდა აუწყოს ხმა მათ", - ციტირებს სტატიის ავტორი არიელ კოენის კომენტარს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს ზეწოლის გაძლიერებას შუააღმოსავლეთსა და ყოფილ საბჭოელ მეზობლებზე, რასაც უკვე ამჩნევს ზოგიერთი კონგრესმენი.

"მოვუწოდებ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაცრად გამოეხმაუროს რუსეთის ამასწინანდელ მცდელობას ხელი შეუშალოს უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და სხვა ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გამყარებას ევროპასთან. რუსეთის დაშინებისა და ზეწოლის კამპანია უხეშად არღვევს ამ ქვეყნების ფუნდამენტურ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაამყაროს პარტნიორობა ვისთანაც სურს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და ფასეულობების შენარჩუნებით", - ციტირებს სტატიის ავტორი ამერიკელი კონგრესმენის, ელიოტ ენგელის კომენტარს.

"განვითარებული მოვლენები ბადებს შეკითხვას, შეძლებს თუ არა აშშ წარმატებით გადაანაწილოს დიპლომატიური საკითხები რუსეთთან, რადგან იმისათვის, რომ აშშ-მა ზეწოლა მოახდინოს ასადზე და აიძულოს უარი თქვას ქიმიურ იარაღზე, ვაშინგტონი რუსეთზეა დამოკიდებული", - წერს ჯონ ჰადსონი.