ვაშა, აფხაზეთი ნაურუმ აღიარა! - კვირის პალიტრა

ვაშა, აფხაზეთი ნაურუმ აღიარა!

კავკასიის შფოთიანი პოლიტიკური თეატრის სცენაზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა -  წყნარი ოკეანის ღარიბი ჯუჯა სახელმწიფო ნაურუ. ის მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც ორშაბათს აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა და ამ გზით ფაქტობრივად მისი სუვერენიტეტი ცნო.

ამ კლდოვანი კუნძულის ფართობი სულ 8 კვადრატული მილია, მოსახლეობა კი 14000 კაცი. გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, რომელიც ანონიმურ რუს დიპლომატს იმოწმებს, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს ნაურუს ხელისუფლებამ "გადაუდებელი სოციალური და ეკონომიკური პროექტების”რეალიზაციისთვის" 50 მლნ დოლარი მოითხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ ლიაკინ-ფროლოვმა ამ ცნობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ნაურუ მსოფლიოში ყველაზე პატარა რესპუბლიკაა, რომელსაც უკიდურესად სჭირდება ფული, რადგან მისი მთავარი რესურსი ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი ფრინველთა სკორეა. ეს განძიც, ფოსფატად ქცეული სკინტლი, ფაქტობრივად ილევა. კუნძულის ხელისუფლება ცდილობდა, გარკვეული თანხის ფასად თავშესაფარი მიეცა ავსტრალიელი დევნილებისთვის. მათ ასევე მილიონები ჩადეს მიუზიკლში ჭესტ Eნდ (პროექტი სრული მარცხით დასრულდა).

ახლახან ნაურუს ხელისუფლებამ სერიოზულ საგარეო-პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა დაიწყო. 2002 წელს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ტაივანთან, სამაგიეროდ, ჩინეთისგან 130 მლნ დოლარი მიიღო. სამი წლის შემდეგ კუნძულის ხელისუფლებამ თავი შეახსენა პეკინს, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ დაიჩივლა, ნაურუელებს მხოლოდ მატერიალური სიკეთის მიღება აინტერესებთო.

მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში ორშაბათს საზეიმო განწყობა სუფევდა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, - ჩემი ნაურუელი კოლეგა კირენ კეკე დამპირდა, აფხაზეთის აღიარებას წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებზეც მივაღწევო. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ უპასუხეს კითხვებს, რომლებიც კუნძულის ფაქტობრივად არარსებულ ეკონომიკას და მოსახლეობის მცირერიცხოვნობას უკავშირდებოდა, თუმცა ამაყად აღნიშნეს, - ეს ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პატივისცემით სარგებლობსო.

"მე ჩემს პროფესიულ კარიერაში გამიმართლა, რადგან შესაძლებლობა მქონდა, ხელი მომეწერა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შეთანხმებაზე მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან - რუსეთთან, დღეს კი ხელს ვაწერ შეთანხმებას ყველაზე პატარა ქვეყანასთან, ნაურუსთან, - ხაზგასმით აღნიშნა ბატონმა შამბამ და დასძინა, - ამ სიაში ჩვენს თავს საშუალო ზომის ქვეყნად აღვიქვამთ".

მანამდე აფხაზეთი, რომლის მოსახლეობაც 215000 კაცისგან შედგება, რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს.

აფხაზეთის აღიარების ცნობას რუსი კომენტატორების დამცინავი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთმა ისიც დაითვალა, თუ რა ღირს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ერთ სულ მოსახლეზე ლობისტური საქმიანობა, რომელიც მიმართულია ანკლავების აღიარებისკენ. აი, ამ ანგარიშების შედეგები: ნაურუს თითო მოსახლეზე ეს 3.500 დოლარია, თითოეულ ვენესუელელზე - 100 დოლარი, 200 - ერთ სულ ბელორუსზე და ა.შ. ერთ-ერთმა ბლოგერმა ამას "ნანო-რუსეთის ნანო-აღიარება"”უწოდა.

თუმცა მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის კავკასიის სპეციალისტის, სერგეი მარკედონოვის თქმით, ეს შეთანხმება ნამდვილი მიღწევაა აფხაზეთისთვის, რუსეთის გარდა, ის სხვა მოკავშირეებსაც აქტიურად ეძებს. ანაზღაურების ფაქტზე მარკედონოვმა თქვა, -”ვინმეს რომ არ გადაეხადა, რატომ ჩამოვიდოდნენო და დასძინა, -”"აქ მორალზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომელსაც არანაირი პოტენციალი არ გააჩნია და მისთვის  ერთადერთი შესაძლებლობა დამოუკიდებლობაზე გარიგებებია. "დამოუკიდებლობა პროდუქციაა და ადამიანები მისით ივაჭრებენო".

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ