მორიგი ვანდალური აქტი - კვირის პალიტრა

მორიგი ვანდალური აქტი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში დიდი სამამულო ომის მემორიალის აფეთქებას მკრეხელობა და საქართველოს ხელისუფლების მორიგი სამარცხვინო საქციელი უწოდა.

"ქუთაისში ბარბაროსულად ააფეთქეს დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი. ამით საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ვანდალიზმის აქტი ჩაიდინა, რითაც ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანის გრძნობები შეურაცხყო, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, - ამ საქციელს აღვიქვამთ იმ გმირების მიმართ უპატივცემულობად, ვინც თავი დადო მშობლიური მიწის დასაცავად. ეს არის მცდელობა, ქართველთა მეხსიერებიდან წაიშალოს იმ ასიათასობით ადამიანის სახელი, რომლებიც სხვა მოძმე ხალხებთან ერთად ებრძოდნენ ფაშიზმს."

დიადი გამარჯვების 65 წლისთავის წინ გადადგმული ეს ვანდალური ნაბიჯი ვეტერანების აშკარა დაცინვა და აბუჩად აგდებაა.

რუსეთში იზიარებენ ქართველთა აღშფოთებას მემორიალის დანგრევის გამო.

ძეგლის დემონტაჟი 21 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით, ქართული ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, 19 დეკემბერს ჩატარდა. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ ყურად არ იღო რუსეთის მიერ ინიცირებული და ახლახან მიღებული გაერთიანებული ერების გენერალური ანსამბლეის რეზოლუცია -+ ნაციზმთან მებრძოლთა მემორიალებისა და ძეგლების განადგურების დაუშვებლობის შესახებ. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთი აქტების ჩადენა დანაშაულია და კანონით უნდა ისჯებოდეს.

- ვფიქრობთ, აფეთქება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა, გამოწვევაა არა იმდენად რუსი ხალხისა და რუსეთის ხელმძღვანელობისა, არამედ, უპირველესად, ქართველებისა - ყოველი მეათე ქართველი ხომ სამამულო ომიდან შინ არ დაბრუნებულა!

მონუმენტის აფეთქება ასევე შეურაცხყოფაა საერთაშორისო თანამეგობრობისა, რომელთა წარმომადგენლებიც XX საუკუნის "მიხაკისფერ ჭირს" ებრძოდნენ.

სააკაშვილის ბარბაროსულ საქციელს ჩვენი საზოგადოება იმით უპასუხებს, რომ იმ ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების საფლავებს, რომლებიც რუსებთან და სხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად ებრძოდნენ ფაშისტებს, თვალისჩინივით მოუვლიან, მათ ყვავილებს არ მოაკლებენ, - აცხადებენ რუსი დეპუტატები.

მათივე წინადადებით, ეუთოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრმა რუსმა პარლამენტარებმა ამ ორგანიზაციებში უნდა დასვან საკითხი ქართული დელეგაციების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

"მოსკოვსკი კომსომოლეცი", რუსეთი