"რუსეთმა საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს!" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს!"

ინტერვიუ ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან.

- შარშან ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო, თქვენი წინამორბედი იაპ დე ჰოოპ სხეფერი 2008 წელს რუსეთში არ ჩამოვიდა. ამბობდნენ, ამის მიზეზი რუსეთ-საქართველოს ომი იყოო. ახლა თქვენ აქ ბრძანდებით და ურთიერთობის დათბობაზე ვსაუბრობთ. როგორ გგონიათ, ეს პრობლემა გადაწყვეტილია? - ვგულისხმობთ რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტს.

- კვლავ არის აზრთა სხვადასხვაობა და შეუთანხმებლობა, არსებობს სფეროები, რაზეც რუსეთსა და ნატოს მსჯელობა მოუწევთ. მაგრამ არაერთ საკითხში ჩვენი ინტერესები ემთხვევა, მაგალითად, ასეთია უსაფრთხოება - ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლა. ასე რომ, ჩემი აზრით, რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა უნდა დავიწყოთ.

- თქვენ შეხვდით პრეზიდენტ მედვედევს და პრემიერ-მინისტრ პუტინს, მინისტრ ლავროვს. საქართველოს შესახებ ისაუბრეთ?

- დიახ, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები ჩვენი შეხვედრის უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო, რადგან საქართველოსთან მიმართებაში სხვადასხვა აზრი გვაქვს. ნატო მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ჩვენ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას ვითხოვთ. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი მოკავშირე გახდეს, ეს ეხება საქართველოს, უკრაინას და სხვა ქვეყნებს.

- გამოდის, რომ თქვენი მოლაპარაკებების შემდეგაც არ შეცვლილა პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით?

- რა გითხრათ... ერთადერთი, რაშიც შევთანხმდით, ის არის, რომ სხვადასხვა მიდგომა გვაქვს საქართველოს მიმართ, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს ერთად გადასაწყვეტი საკითხების მოგვარებაში. ასეთია, მაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლა, ავღანეთის საკითხში თანამშრომლობა, ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ბრძოლა, მეკობრეობასთან ბრძოლა... ყოველივე ეს შეხვედრაზე დაწვრილებით განვიხილეთ.

- გასაგებია, მაგრამ მაინც როგორ ფიქრობთ, რუსეთი ასრულებს "მედვედევი-სარკოზის გეგმას"?

- ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ რუსეთმა სრულად შეასრულა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა და დაბეჯითებით მოვუწოდებთ, შეასრულოს ვალდებულებები.

- გამოდის, რომ საქართველოს საკითხი გადაიდო. რუსეთთან ერთად ნატო იმუშავებს საშიშროებების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ საქართველოს საკითხს მხოლოდ აფიქსირებთ და ყინავთ? ყინავთ ურთიერთწინააღმდეგობებს და ამით ამთავრებთ ყველაფერს? ზოგიერთი ჩვენი მსმენელი ნატოს ბრალს სდებს საქართველოს ღალატში და ახალი "მიუნხენის შეთქმულების" მოწყობაში.

- ჩვენ ამ საკითხს არ ვყინავთ. მე კვლავ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ამგვარად, ჩვენ ამ საკითხზე კვლავ ვერ შევთანხმდებით. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს და ნატოს იმდენი მნიშვნელოვანი საკითხი აქვთ გადასაწყვეტი და საქმე გასაკეთებელი, რომ აზრთა სხვადასხვაობამ ჩვენი თანამშრომლობა არ უნდა შეაფერხოს.

- არის თუ არა საქართველო კვლავ ნატოს წევრობის კანდიდატი და მინისტრები კვლავ განიხილავენ თუ არა საქართველოს ნატოს კანდიდატობის საკითხს, ისაუბრეთ ამაზე მედვედევთან და პუტინთან?

- საქართველო და უკრაინა რომ ნატოს წევრები გახდებიან, ამის გადაწყვეტილება 2008 წელს მივიღეთ და ის კვლავ ძალაშია. რასაკვირველია, უკრაინამ და საქართველომ უნდა შეასრულონ აუცილებელი კრიტერიუმები, ჯერჯერობით კი მათ ეს კრიტერიუმები არ შეუსრულებიათ. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან მათი საზოგადოების რეფორმირების მიზნით.

- რუსეთში ოფიციალური პირები ლაპარაკობენ, საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ რევანშისთვის ემზადებაო, ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ავარჯიშებენ, იარაღით ამარაგებენო. თქვენი მონაცემებით, საქართველო შურისძიებისთვის ემზადება?

- რასაკვირველია, არა. და, ჩემი აზრით, შეუძლებელია, უზარმაზარმა რუსეთის ფედერაციამ თავი პატარა საქართველოს მუქარის ობიექტად მიიჩნიოს. მე დაბეჯითებით მოვუწოდებდი რუსეთს, დაამყაროს მშვიდობიანი თანამშრომლობა თავის მეზობლებთან. ჩემი მიზანია, ნატოსა და რუსეთს შორის ჭეშმარიტი თანამშრომლობის გაღვივება. იმედი მაქვს, რომ რუსეთი თავის საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს.

"ეხო მოსკვი", რუსეთი