მეთიუ ბრაიზა: "საქართველომ დიდი შეცდომები დაუშვა"... - კვირის პალიტრა

მეთიუ ბრაიზა: "საქართველომ დიდი შეცდომები დაუშვა"...

"რუსეთი განსაკუთრებით 2008 წელს, დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ გააქტიურდა"

"საქართველო კუთხეში მივიმწყვდიეთ და ვუთხარით, - აი, ამას არ გააკეთებო... ის კი არ გვითქვამს, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ჩვენგან უფრო მეტი დახმარება მიეღო", - ამბობს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

- როგორ იხსენებთ 2008 წლის ომის გარემოებებს, რა გზავნილები იყო საქართველოს მთავრობასთან და რას ეუბნებოდით რუსებს?

- თანამდებობიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში ვიყავი იმის მოწმე, რუსეთი როგორ ზრდიდა სამხედრო ძალებს სამხრეთ ოსეთში, არღვევდა საერთაშორისო შეთანხმებებს, 90-იანი წლების ბოლოს გამოეთიშა სტამბოლის პროტოკოლს და დაიწყო მძიმე ტექნიკის შეყვანა სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბით. რუსეთი განსაკუთრებით 2008 წელს, დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ გააქტიურდა.  ქართველებს დაავიწყდათ, რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა. იფიქრეს, რომ საომარ ოპერაციებში მოიგებდნენ. ამის შანსი არ ჰქონდათ. თუმცა, რომც მოეგოთ, რუსეთს პოლიტიკურ ომს მაინც ვერ მოუგებდნენ. ყველაზე დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ სრულიად არასწორად იყო გაგებული ჩვენი განზრახვები.

პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, კოსოვო ძალის გამოყენების პრეცედენტად გამოეყენებინა. არ ვიცი, რისი მიღწევა სურდათ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისა, თუ, როგორც ლავროვმა უთხრა კონდოლიზა რაისს, სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა. საოცარია, რომ ახლა პუტინი სირიის გამო ამბობს, - ძალის გამოყენება სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუშვებელიაო. მაშინ როცა თვითონ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ბრძანება გასცა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ თქვა, - სუვერენული ქვეყნის მთავრობის შეცვლა გვსურსო.

მახსოვს რუსეთის უწყვეტი ზეწოლა - დესანტის გადასროლა აფხაზეთში, რკინიგზის გაყვანა, თუ უდიდესი დიპლომატიური წნეხი. ასევე მახსოვს, აშშ დაჟინებით, მკაცრად, ზოგჯერ უხეშადაც რომ ეუბნებოდა საქართველოს, გულშიც კი არ გაივლოთ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, წააგებთ,  საქართველოს მოგების არანაირი შანსი არ აქვს. მთლიანად განადგურდება ჩვენი აღჭურვილი და გაწვრთნილი დანაყოფები, გაქრება ნატოში გაწევრების უმცირესი შანსიც კი და ჩვენ ვერ დაგეხმარებითო... რუსებსაც ვეუბნებოდით, რაც უფრო ინტენსიური იქნება თქვენი მხრიდან ზეწოლა თბილისზე, მით უფრო გაძნელდება, რომ საქართველო თავის შეკავებაზე დავიყოლიოთო.

2008 წლის ივლისში ჩემმა რუსმა კოლეგამ მითხრა, რომ მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობაში მთავრობაში არავის ეცალა საქართველოსთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმის განსახილველად. მივხვდი -  ომის დაწყება გადაწყვეტილი ჰქონდათ.  საქართველოს არაფრის გაკეთება არ შეეძლო ამის თავიდან ასაცილებლად.

- რუსეთის სტრატეგიული მიზანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, სააკაშვილის მთავრობის დამხობა იყო თუ სხვა რამ?

- ალბათ,  უფრო ტაქტიკური მიზნები იყო, ვიდრე სტრატეგიული. სააკაშვილი ვერ დაამხეს, ოკუპაციით კი უამრავი პრობლემა შეიქმნეს. აფხაზებს არ მოსწონთ, რომ რუსეთის ნაწილი გახდნენ. სამხრეთ ოსეთშიც იგივე ხდება. ჩემი აზრით, რუსეთმა სტრატეგიულ მიზანს მიაღწია - ეს საქართველოსთვის ნატოში გაწევრების ხელის შეშლა იყო. 2008 წლის ზაფხულში მედიაციის ერთ-ერთ შეხვედრაზე ნატოში, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს ვუთხარი, რომ რუსები რაღაცას აპირებდნენ და ჩვენ შეგვეძლო მათი შეჩერება. ვუთხარი, რომ მიგვეცა საქართველოსთვის რაიმე კონკრეტული მიმართულება, გარდა მუდმივი გამეორებისა, რომ ძალა არ გამოეყენებინა, აგვემოქმედებინა დიპლომატიური პროცესები, რომლებიც აფხაზებსაც ჩართავდა პროცესში. ჩვენი ევროპელი პარტნიორები მზად არ იყვნენ, საქართველოსთვის ის გარანტიები მიეცათ, რომლებსაც თბილისი ელოდა. მაისამდე არც ვაშინგტონი იყო მზად ამ გარანტიების მისაცემად.

- რატომ?

- მინდა ვთქვა, რომ როგორც პრეზიდენტ კლინტონის, ასევე პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ძალიან უყვარდა ეს პატარა ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ მოსკოვს არც საქართველოს დამოუკიდებლობა უნდოდა და არც მისი ნატოში გაწევრება.  ჩვენი შეხედულება  ასეთი იყო: თუ ერთი ქვეყანა ნატოში შესასვლელად ყველაფერს აკეთებს, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ სურვილისთვის ვეტოს დადებისა. გარდა ამისა, ამერიკას "ვარდების რევოლუცია" არ წაუქეზებია.  ამერიკაში ბევრი დიდჩინოსნის სურვილის საწინააღმდეგოდ, მიხეილ სააკაშვილმა ხალხი ქუჩაში გაიყვანა, ხელისუფლებაში მოვიდა და მთავრობაში მოიყვანა დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდა კადრი. სააკაშვილს ვაშინგტონში უყურებდნენ როგორც შიგადაშიგ იმპულსურ ლიდერს. მასზე ინფორმაცია მოსკოვიდანაც მოდიოდა.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით ამერიკაში ფიქრობდნენ, რომ გამოუცდელ და ახალგაზრდა ქართველებს ერთგვარად შებოჭვა სჭირდებოდათ. ვაშინგტონი და განსაკუთრებით ბერლინი, ალბათ, მათი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ასკვნიდნენ, რომ რუსები უფრო გამოცდილები და პასუხისმგებლობის მქონენი იყვნენ. საქართველო კუთხეში მივიმწყვდიეთ და ვუთხარით, - აი, ამას არ გააკეთებო... ის კი არ გვითქვამს, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ჩვენგან უფრო მეტი დახმარება მიეღო.

- რა იყო საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი სისუსტე ომამდე და ომის განმავლობაში?

- ომის დროს ის იყო, რომ 7 აგვისტოს, როცა საქართველოს მთავრობა დარწმუნდა, რუსეთს ჯარი შემოჰყავდა, ქართულმა შენაერთებმა უკან არ დაიხიეს. არადა, ვურჩევდით, რომ უკან დაეხიათ და მიეღოთ თავდაცვითი პოზიციები. ამ შემთხვევაში მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ მათ ცეცხლით უპასუხა. ასე რომ არ ექნა, ქვეყანა ომის შემდგომ პოლიტიკურ ომს მოიგებდა.  ქართველებს დაავიწყდათ, რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა. მათ ასევე იფიქრეს, რომ საომარ ოპერაციებში მოიგებდნენ. ამის შანსი არ ჰქონდათ და რომც მოეგოთ, რუსეთს პოლიტიკურ ომს მაინც ვერ მოუგებდნენ.

ყველაზე დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ არასწორად გაიგეს ჩვენი განზრახვები. ჩვენ სრულიად გასაგებად ვეუბნებოდით, - თქვენ არ ხართ ნატოში, თუ სროლაზე მიდგა საქმე, ვერ დაგეხმარებით. ომის დროს ზოგიერთ ქართველ დიდჩინოსანს არ სჯეროდა, რომ ჩვენ სამხედრო დახმარებას არ აღმოვუჩენდით.  მათ დაავიწყდათ, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს ქვეყნის არჩეული ლიდერები იღებენ და ამ შემთხვევაში მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

- რამდენად შორსაა საქართველო ნატოს წევრობისგან ამ ომის შემდეგ?

- შორსაა იმ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რომლებიც არასწორია, მაგრამ ევროპაში დამკვიდრდა, როგორც სიმართლე - ომი საქართველომ დაიწყო.  ეს ასე არ იყო. ყველას ავიწყდება, რუსეთის მხრიდან სამხედრო მობილიზება, კავკასიაში უმსხვილესი სამხედრო წვრთნები. ეს რა, დამთხვევა იყო? და ამ დროს ქართველებმა გადაწყვიტეს, თავს დასხმოდნენ რუსეთს მაშინ, როცა საქართველოს საუკეთესო ჯარისკაცები ერაყში იყვნენ? ეს ხომ აბსურდია. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ არასწორმა შეხედულებამ საქართველო დააზარალა...

ადამიანებს, რომლებიც მანამდე ამბობდნენ, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მქონე ქვეყნები ნატოს წევრები არ უნდა გახდნენ, ახლა უფრო მყარი არგუმენტები მიეცათ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კონფლიქტი უამრავია ევროპაში - უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ესპანეთში ბასკებთან და კატალონიასთან დაკავშირებით და ა.შ.

მაგრამ ნატოში გაწევრება მიუწვდომელი სურვილი არ არის. რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო გაცილებით წინ დგას არა მხოლოდ მიზნებით, არამედ რეფორმებითაც, რომელიც აუცილებელია ალიანსის წევრობისთვის.

- უნდა გამოიძიოს თუ არა საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ ომის გარემოებები?

- ჩემი აზრით, ეს სრულიად ლეგიტიმური მოსაზრებაა. უნდა გამოიძიონ ყველა მსხვილი სამხედრო ოპერაცია, ომი. აკადემიურ წრეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გამოიკვლიონ გარემოებები. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი გამოძიება არ იქნება პოლიტიზებული და იქნება სამართლიანი.  ადამიანებს საშუალება უნდა მიეცეთ, გაიგონ საღი მოსაზრებები ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული მოვლენებში.

- რა უნდა იყოს ამ გამოძიების მიზანი - გარემოებების დადგენა, დამნაშავეების დასჯა თუ რაიმე სხვა?

- არ ვიცი, რა დანაშაული უნდა ჩაედინათ პოლიტიკის შემმუშავებლებს, რომლებიც ყველი ხერხით ცდილობდნენ ქვეყნის გადარჩენას, მაშინ, როცა მეზობელი ქვეყნის 100-ჯერ დიდი ჯარი ქვეყანას თავს დაესხა. თუ დანაშაული ჩადენილი იყო, ცხადია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ეს უნდა იყოს სისხლის სამართლის გამოძიება. პარლამენტმა და მთავრობამ გამოძიება იმისთვის უნდა ჩაატარონ, რომ შესწავლილ იქნას სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ისტორიის დასადგენად, შეცდომების გამოსავლენად, გაკვეთილისთვის, ახალი მექანიზმების შესამუშავებლად, რათა ღმერთმა დაგვიფაროს და, ისევ რომ აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში, ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ უკეთ.

- რას ფიქრობთ საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებაში?

- ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.  მაგრამ, ის ცხადია, რომ ხალხებს ერთმანეთი მოსწონთ, რუსეთი საქართველოს ბუნებრივი პარტნიორია ვაჭრობაში, ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება რეგიონში, რუსეთ-საქართველოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდეთ.  თუ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შეძლო და დასავლეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა, მაშინ ნატოს წევრ ქვეყანასავით მოიქცევა. გერმანიას რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს. რატომ არ შეუძლია საქართველოსაც იგივე ჰქონდეს?

აქ მთავარი შეკითხვა ის არის, თუ რამდენად ადგას ახალი მთავრობა ევროატლანტიკურ ვექტორს. ჩანს, სწორ გზას ადგას. მთავრობაში არიან ისეთი ადამიანები, როგორიცაა, მაგალითად, ირაკლი ალასანია, რომელმაც მთელი კარიერა დაუთმო საქართველოს ნატოში გაწევრების ძალისხმევას. ასე რომ, არა მგონია, [ნატო და რუსეთი] ურთიერთგამომრიცხავი თემები იყოს საქართველოსთვის.

- თქვენი აზრით, არჩევნების შემდეგ როგორ ვითარდება დემოკრატია საქართველოში?

- დამკვირვებლის თვალით, საქართველოს მთავრობამ საკუთარი პოზიციები დააზიანა მმართველობის დასაწყისში, როცა შექმნა პოლიტიკური დაპატიმრებების შთაბეჭდილება. საქართველოში მეგობრებთან საუბრისას ხშირად მესმის, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და დანაშაული ნამდვილად იყო ჩადენილი.  ძალიან კარგი. მაშინ ჩაატარეთ გამოძიება. ვაშინგტონში ჰგონიათ, რომ საქართველოში დემოკრატია არ ვითარდება სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების გამო. მე არა მგონია, რომ ეს პოლიტიკური დაპატიმრებებია. უფრო ის მაშფოთებდა, რომ თავიდან საქართველომ გეოპოლიტიკურ მიზნებში შერეული გზავნილები გაავრცელა, მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალს და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას თითქოს დასავლეთ საქართველო-აფხაზეთი-სომხეთის რკინიგზა ამჯობინა. ეს თავიდან ფოკუსის შეცვლას ჰგავდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ გაირკვა.  ასევე, იყო ძალადობისა და დაშინების ფაქტებიც, რასაც ვაშინგტონში ეჭვით უყურებენ. მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პოლიტიკა საქართველოში  ყოველთვის უხეში თამაში იყო. არა მგონია, რომ სათანადოდ ვარ ინფორმირებული შიდა პოლიტიკაზე იმისთვის, რომ საღი ანალიზი გავაკეთო. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: რაც ნაკლებია პოლიტიკური ანგარიშსწორების ეჭვი, რაც უფრო მკაფიოდაა ჩამოყალიბებული საქართველოს საგარეო კურსი, მით უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს დასავლეთში.

"ამერიკის ხმა"