Lenta.ru: "საქართველომ რუსეთს მეჩირაღდნე "აპატია" - კვირის პალიტრა

Lenta.ru: "საქართველომ რუსეთს მეჩირაღდნე "აპატია"

"საქართველომ რუსეთს მეჩირაღდნე - სამხრეთ ოსეთის ომის გმირი აპატია", - ამ სათაურით ეხმაურება რუსული სააგენტო Lenta.ru საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებას , რომ ვერ ხედავს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის გადაწყვეტილების გადახედვის საფუძველს.

"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე სწორი გადაწყვეტილების მიღების თხოვნით ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა. მისი ეს რეაქცია მოჰყვა ინფორმაციას, რომ 6 ოქტომბერს მოსკოვში დაწყებულ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღო მფრინავმა ივან ნეჩაევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა და ომში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის რუსეთმა გმირის წოდება მიანიჭა", - წერს Lenta.ru.

რუსული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნაჩაევის მეჩირაღდნეობას "გამომწვევი" უწოდა და ციტირებს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ყურადღებით დააკვირდება სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხს გადახედავენ, თუ დარწმუნდებიან, რომ მისი პოლიტიზირება ხდება და საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული გამოყენება.

"ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა, რომლის მასპინძელიც რუსეთია, მიმდინარე წლის გაზაფხულამდე კითვის ქვეშ იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეჩერებულია ამ დრომდე, რადგან საქართველო რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ოკუპაციაში" ადანაშაულებს. ქვეყნის წინა ხელისუფლება სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების მოწოდებით გამოდიოდა. თუმცა, ქვეყნის ოფიციალური პოზიცია კარდინალურად შეიცვალა საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილება", - წერს Lenta.ru.

სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევია. რუსული მედიის ცნობით, იგი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, დააზიანეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვითმფრინავის დაშვება შეძლო.