The Guardian: დმანისის თავის ქალის სადიდებლად! - კვირის პალიტრა

The Guardian: დმანისის თავის ქალის სადიდებლად!

"სენსაციურმა აღმოჩენამ საქართველოს პატარა ქალაქ დმანისში  ადამიანის ევოლუციის ისტორია თავდაყირა დააყენა: საბრალო სპეციალისტები, რომლებიც ამდენი წელია, ამტკიცებდნენ, რომ ადამიანთა ადრეული განვითარების ეტაპებზე მათი სხვადასხვა სახეობა არსებობდა, ჩაფიქრებულები იქექავენ თავს და შიშით ფიქრობენ იმ საგანგაშოდ მოახლოებულ დღეზე, როდესაც მათი ასეთი რუდუნებით შეკოწიწებული თეორიები სასწავლო წიგნებიდან უკვალოდ გაქრება. თითქმის 2 მილიონი წელი უნაკლოდ შემონახულმა თავის ქალამ დარგის წამყვანი მეცნიერები ერთხმად მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ადრეული ევოლუციის პერიოდის ადამიანის განტოტვილი გენეალოგიური ოჯახი სხვა არაფერია, თუ არა ჰომო ერექტუსის სხვადასხვა "ვარიანტი".

DailyMail: თავის ქალა, რომელმაც კაცობრიობის ისტორია "გადაწერა"

"...დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა ადგილობრივი არქეოლოგების ერთადერთი მონაპოვარი სულაც არ არის: მეცნიერებმა გათხრებისას აღმოაჩინეს "თავის ქალების მთელი ოჯახი", რომელთა პატრონებიც, სავარაუდოდ, ერთსა და იმავე პერიოდში ცხოვრობდნენ და შეიძლება ერთმანეთსაც კი იცნობდნენ. სწორედ მათ შორის დიდმა განსხვავებამ მიიყვანა მეცნიერები დასკვნამდე, რომ ადრე ნაპოვნი თავის ქალები არა ჰომოს სხვადასხვა სახეობას, არამედ ჰომო ერექტუსს ეკუთვნოდა,  თუმცა, "სხვანაირად გამოიყურებოდა". სხვათა შორის, ხუთეულიდან, რომელიც ერთი მოხუცი მამაკაცის, ორი ზრდასრული მამაკაცის, ქალისა და უცნობი სქესის ბავშვისგან შედგება, პროპორციულად ყველაზე პატარა ტვინი სწორედ ყველაზე მოზრდილ და კარგად შენახულ მამრს ჰქონდა. 1:0 ფემინისტების სასარგებლოდ".

The Telegraph: "დმანისელმა თავის ქალამ" ევოლუციის ისტორიას ნათელი მოჰფინა"

"როგორც ჩანს, კიდევ უფრო პრიმიტიულები ვყოფილვართ, ვიდრე გვეგონა, ევროპაში კი სულ რაღაც 2 მილიონი წლის წინ მოვედით აფრიკიდან, გზად კი საქართველოში დავისვენეთ".

BBC დმანისელი ჰომინიდების ოჯახის შესახებ:

* "ისინი დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ აქ და შეიძლება ითქვას, აფრიკიდან ახალი "გადმოსულები" იყვნენ.

* მამაკაცები ბევრად ზორბები იყვნენ, ვიდრე ქალები.

* ჰქონდათ გამართული ზურგი და მძლავრი ქვედა კიდურები.

*  ჰომო ერექტუსის უშუალო წინაპრის, ჰომო ჰაბილისის მსგავსად, დმანისელებს ზედა კიდურები ქვედასთან შედარებით სუსტად ჰქონდათ განვითარებული.