როგორ შეხვდა მსოფლიო მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას - კვირის პალიტრა

როგორ შეხვდა მსოფლიო მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას

მაკკეინი: "მარგველაშვილს მილოცვები, სააკაშვილს - აპლოდისმენტები"

"ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას. როგორც ეუთოსა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, ყველა შეფასებით არჩევნები თავისუფალი და გამჭვირვალე იყო. ამ არჩევნებით ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის სიმწიფისა და ინსტიტუციონალიზაციისკენ", - ნათქვამია სენატორ ჯონ მაკკეინის მისალოც წერილში.

სენატორი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპლოდისმენტებს იმსახურებს იმისთვის, როგორც მოიქცა უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში და ძალაუფლების გადაბარების დროს.

The New York Times - "ამომრჩეველმა საბოლოოდ უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს"

"27 ოქტომბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით ამომრჩეველმა საბოლოოდ უთხრა უარი 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს.

"საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, არჩევნები და საარჩევნო კამპანია 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, შესაძლოა, ყველაზე სამართლიანი იყო", - წერს '"ნიუ-იორკ თაიმსი."

აშშ კონგრესი: "საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება დემოკრატიის სიმწიფეზე მიუთითებს"

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები პოზიტიურად შეაფასეს. დემოკრატმა კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა 27 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით თქვა, რომ არჩევნების წარმატებით ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა საქართველოში დემოკრატიის სიმწიფეზე მიუთითებს.

Foreign Policy- "საქართველო უკან იტოვებს არაორდინარული ლიდერების ეპოქას"

პოლ რიმპლი წერს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების და არა ბუნტის შედეგად შეიცვალა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელ გიორგი მარგველაშვილის არჩევამ სააკაშვილის ეპოქა დაასრულა. ეს იყო მზარდი ავტორიტარიზმის ფასად ელვის სისწრაფით განხორციელებული რეფორმებისა და ეკონომიკური წინსვლის ეპოქა, რომელშიც შერჩევით სამართალსა და სიმკაცრეს ჰქონდა ადგილი", - წერს პოლ რიმპლი.

The Economist- "სააკაშვილის მმართველობის დასასრული"

ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Economist-ი სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველომ ახალი, ნაკლებად გავლენიანი პრეზიდენტი აირჩია. მისივე თქმით, 27 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმაოდ უინტერესო იყო - ნათქვამია სტატიაში.

ჟოზე-მანუელ ბაროზო: "ევროკავშირს დიდი იმედი აქვს, რომ თქვენ შექმნით საკუთარ ხელწერას

"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიული პროცესებისადმი ერთგულება და გამოხატა საკუთარი რწმენა თქვენდამი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიმართ. ევროკავშირის სახელით მსურს გისურვოთ წარმატება ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის შესასრულებლად.

ევროკავშირს დიდი იმედი აქვს, რომ თქვენ შექმნით საკუთარ ხელწერას საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე", - ნათქვამია ევროკომისიის თავკაც ჟოზე მანუელ ბაროზოს მისალოც წერილში.

REUTERS- "საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის"

"საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სავსებით შეესაბამება სუპერმენი პოლიტიკოსებისგან თავისუფალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისეულ ხედვას.

44 წლის მშვიდი ფილოსოფოსი თავისი წინამორბედისგან –- თავდაჯერებული, გულახდილი და ენერგიული მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებულ სტილს შესძენს პრეზიდენტობას", - ნათქვამია "როიტერის" სტატიაში.

რუსი ექსპერტები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე: "ახდა ქართული ოცნება"

რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ისმაილ აგაკიშიევის თქმით, "რუსეთთან ურთიერთობა, სავარაუდოდ, თანდათანობით და პროგრესულად განვითარდება. რუსულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული საქონელი - ღვინო, "ბორჯომი". საქართველოში ბევრი მსხვილ ერთობლივ პროექტებს ელოდება. გარდა ამისა, ვფიქრობ, ორი ქვეყნისთვის საერთო კულტურული პროექტებიც იქნება", - აღნიშნავს ისმაილ აგაკიშიევი.

ამ აზრს ეთანხმება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი ვლასოვი. იგი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა მთავრობაში ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის მოსვლა ქართული მხარის რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს.

"რუსეთთან მიმართებაში რეალური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ რიტორიკის თვალსაზრისით, იგი უპირობოდ გაუმჯობესდება. "საქართველოს ნებისმიერი ახალი პრეზიდენტი, სააკაშვილის ან მისი პირდაპირი მემკვიდრის გარდა,  უკვე მდგომარეობის გაუმჯობესებაა", - ამბობს ვლასოვი.