კარლ ბილდტი - თუ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, შესაძლოა, მოვლენები ტიმოშენკოს შემთხვევაზე უარესად განვითარდეს - კვირის პალიტრა

კარლ ბილდტი - თუ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, შესაძლოა, მოვლენები ტიმოშენკოს შემთხვევაზე უარესად განვითარდეს

თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, შესაძლოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვლენები იმაზე უარესად განვითარდეს , ვიდრე იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ამ ერთი საკითხით შემოიფარგლება მომდევნო რამდენიმე წელი, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის განვითარებას", – განაცხადა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველოში არსებობს "შურისძიების პოლიტიკის" საფრთხე.

კითხვაზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ალბათობას ეხებოდა, ბილდტმა უპასუხა - მართლაც ხედავს შურისძიების პოლიტიკის ტენდენციებს. მისივე თქმით, ათიოდე დღის წინ, საქართველოში ვიზიტისას, მან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ პირდაპირ უთხრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, რომ ეს არ არის წინსვლის მომტანი გზა.

"თუ არის საქმეები, რომლებიც სასამართლოში განიხილება – წესიერ სასამართლოში, - ეს ერთია! მაგრამ როცა გვაქვს პოლიტიკური ასპექტები, ხალხი დაკავებული გყავს საკმაოდ დიდი ხნით, სასამართლოში საქმის განუხილველად, ამას შურისძიების პოლიტიკის სუნი უდის და ეს არ არის გამართლებული გზა", - განაცხადა კარლ ბილდტმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოში დემოკრატიის გარდაქმნის პროცესი მთლიანობაში დადებითად მიმდინარეობს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ შიკორსკისთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკი ბიძინა ივანიშვილს 23 ოქტომბერს შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"