რა კავშირშია ლინდსი ლოჰანი ქართულ გრამატიკასთან? - სახალისო ამერიკული ბლოგი ქართული ენის შესახებ - კვირის პალიტრა

რა კავშირშია ლინდსი ლოჰანი ქართულ გრამატიკასთან? - სახალისო ამერიკული ბლოგი ქართული ენის შესახებ

ერთ-ერთ ამერიკულ ბლოგზე, ძნელად სასწავლი ენების შესახებ სახალისო სტატია გამოქვეყნდა. ოთხი ჩამოთვლილი ენიდან ერთ-ერთი ქართულია, რომლის გრამატიკის ნიუანსების შესწავლა, ავტორის თქმით, ისევე გაგიჭირდებათ, როგორც ლინდსი ლოჰანს უჭირს ფხიზლად ყოფნა საშობაო წვეულებაზე:

"სახელს ანგლოსაქსური ჟღერადობა აქვს, ასე რომ, შეიძლება იფიქროთ, რომ Georgian ინგლისური ენის ის დიალექტია, რომელზეც ატლანტაში მეტყველებენ, მაგრამ როგორ შეცდებით! აქ საქმე გვაქვს მისტიურ, უძველეს ენაზე კავკასიიდან და მისი შესწავლის მსურველებს ურთულეს და ჭკუიდან შემშლელ ლინგვისტიკურ მოგზაურობაში გამგზავრება მოუწევთ.

რატომ არის ქართული ასე რთული?

ჯერ ერთი იმიტომ, რომ არც ერთ პოპულარულ უცხო ენას არ ენათესავება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გარშემორტყმულია თურქულ და ინდოევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხებით. შესაბამისად, აქ სრულიად გამოუსადეგარია ნებისმიერი უცხო ენის ლექსიკონი, რომელიც აქამდე გადაგიშლიათ.

თითქოს ეს არ კმაროდა ჩვენი თავის ტკივილისთვის, ქართულ ენას აქვს ასევე საკუთარი, სრულიად უნიკალური ანბანი - მხედრული. თავიდან ქართულად დაწერილი ტექსტის წაკითხვა ისეთივე ადვილია, როგორც ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა, მაგრამ როდესაც ბოლოს და ბოლოს, დაიმახსოვრებ ასოებსაც და ბგერებსაც, ქართული ენის მაღალფონეტიკური ბრწყინვალება ინგლისურსა და ფრანგულსაც ჩრდილავს.

თუ მართლაცდა შეუპოვარი გრამატიკის ჭია არა ხართ, ქართული გრამატიკის ნიუანსების შესწავლა ისევე გაგიჭირდებათ, როგორც ლინდსი ლოჰანს უჭირს ფხიზლად ყოფნა საშობაო წვეულებაზე.

როგორ ვისწავლოთ ქართული?

საბედნიეროდ, ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის. ქართულში არ არსებობს გრამატიკული სქესები, განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლები და ბევრი სხვა სირთულე, რასაც გერმანულისა და ფრანგულის სწავლისას წააწყდებოდით. საქმის გასაადვილებლად, გირჩევდით, ჯერ ალფაბეტი და ბგერების გამოთქმა გესწავლათ, ამისთვის კი ინტერნეტში საკმაოდ მოიძებნება როგორც თვითმასწავლებლები, ასევე მოხალისეები."

ოთხეულში, ქართულის გარდა, მოხვდნენ: სპარსული, თურქული და ისლანდიური.