საქართველო - ევროკავშირის საფიქრალი - კვირის პალიტრა

საქართველო - ევროკავშირის საფიქრალი

ამერიკულ გამოცემა Wall Street Journal-ში დაიბეჭდა მკვლევარ ნატალი ბენდევიდის საინტერესო სტატია "საქართველო და მოლდავეთი - ევროკავშირის საფიქრალი", სადაც განხილულია ვილნიუსის სამიტის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პერსპექტივები ევროინტეგრაციის კუთხით.

"რამდენადაც უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა სათუო გახდა, ევროკავშირის ლიდერებს სასწრაფოდ სჭირდებათ ვილნიუსის სამიტისთვის კარგი ამბები აღმოსავლეთ მეზობლებისგან. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ეს საქართველოსთან და მოლდავეთთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება იქნება. თავად ხელშეკრულების ხელმოწერას ევროპელი ლიდერები ერთ წელზე ნაკლებ ვადაში, 2014 წლის სექტემბრისთვის გეგმავენ", - წერს ბენდევიდი. სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ვილნიუსის სამიტამდე ყურადღება მიმართულია უკრაინისკენ, რომელსაც ევროკავშირთან ურთიერთობა დაეძაბა ქვეყნის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო. ევროკავშირი უკრაინისგან მის გათავისუფლებას მოითხოვს. სავარაუდოდ, ბელორუსიისა და აზერბაიჯანისთვის ვილნიუსში არაფერი შეიცვლება, სომხეთმა კი ცოტა ხნის წინ ევროკავშირი გააოგნა რუსეთთან დაკავშირებული განცხადებით.

"პარალელურად, "რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. კრემლი ზეწოლას აძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზეც და მათგან ევროკავშირზე უარის თქმას მოითხოვს. თუმცა ქართველი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთს მათზე მცირე ბერკეტებიღა აქვს.  ხელისუფლების მთავარი სახე, მილიარდერი ბიზნესმენი ივანიშვილი ხელისუფლებაში შარშან მოვიდა და მომავალ კვირას თანამდებობის დატოვებას გეგმავს. მისი თქმით, საქართველო ტრადიციული მესია-ლიდერებისგან უნდა გათავისუფლდეს" - წერს ამერიკელი მკვლევარი და ასევე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის წარდგენილი მემკვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ 31 წლისაა და ოპოზიცია მას გამოუცდელობის გამო აკრიტიკებს. მისივე თქმით, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბატონი ივანიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის კულისებიდან მართვას აპირებს, თუმცა თავად ივანიშვილი ამას კატეგორიულად უარყოფს.

ბენდევიდის თქმით, "კითხვები არსებობს საქართველოს მიმავალი პრეზიდენტის, ქარიზმატული და პროდასავლური მიხეილ სააკაშვილის მიმართაც. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მასთან დაახლოებული პირები პოლიტიკური მოტივების გამო შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარდგნენ, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ირწმუნება, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება.