"ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან მხოლოდ ის გვესმის, რომ დიახ, მაგრები ხართ..." - სააკაშვილის გულახდილი ინტერვიუ New York Times-თან - კვირის პალიტრა

"ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან მხოლოდ ის გვესმის, რომ დიახ, მაგრები ხართ..." - სააკაშვილის გულახდილი ინტერვიუ New York Times-თან

"საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი ქვეყანაზე ფიქრობს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" დევიდ ჰერშენჰორნის სტატიას მიხეილ სააკაშვილზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გასული თვის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მისი ათწლიანი მმართველობისას საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიისკენ. ავტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ასევე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ძალაუფლების გადამეტებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ და სინანულს გამოთქვამს, რომ უფრო მეტი ინვესტირება არ დახარჯა განათლების სფეროში და ნაკლები თანხა არ დახარჯა შეიარაღებაზე.

როგორც სტატიის ავტორი წერს, მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სირიაში რაიმე შეზღუდული სახის სამხედრო ოპერაცია რომ წამოეწყო, ეს პუტინისთვის სახიფათო იქნებოდა.

"ახლა კი პუტინი თითქმის დარწმუნებულია ან სრულიად დარწმუნებულია, რომ რაც არც უნდა მოიმოქმედოს – იქნება ეს საქართველოს მილსადენის გადაკეტვა, თბილისის ოკუპირება, აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე შეტევის მიტანა – მის შესაჩერებლად არავინ არაფერს მოიმოქმედებს, გარდა მკაცრი ტონის განცხადებებისა და მისი საქციელის დაგმობისა. ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან მხოლოდ ის გვესმის, რომ დიახ, თქვენ მაგრები ხართ, მოგვწონხართ, მოგვწონს თქვენს ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ეს დიდი მიღწევაა. მაგრამ იცით, ახლა სხვა საქმეები გვაქვს. ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენს მხარეზე ვართ, მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია?" - ციტირებს "ნიუ იორკ თაიმსი" მიხეილ სააკაშვილის კომენტარს.

როგორც "ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტი წერს, ვაშინგტონის მიერ სამხრეთ კავკასიისადმი, სადაც საქართველო მისი უახლოესი მოკავშირე იყო, შესაძლო ინტერესის დაკარგვა აშკარად გამოჩნდა კვირას, მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე.

"ნაცვლად მაღალი რანგის დელეგაციისა, რომლისთვისაც ალბათ მთავრობის მაღალჩინოსანს უნდა ეხელმძღვანელა და რომელშიც ევრაზიის საკითხებზე მომუშავე კონგრესის წევრები უნდა ყოფილიყვნენ, ობამას ადმინისტრაციამ საქართველოში ნაკლებადცნობილი მაღალჩინოსნები მიავლინა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი ხელმძღვანელობდა", - წერს დევიდ ჰერშენჰორნი.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია და ამის მიზეზი მისი მთავრობის ყოფილი წევრების დაკავებები და სასამართლო დევნაა.

ამასთან, დევიდ ჰერშენჰორნი დასძენს, რომ როგორც ჩანს, ბევრი მათგანის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"ნიუ იორკ თამსის" ჟურნალისტი ასევე წერს, რომ სააკაშვილის შესაძლო დაკავებსა და სასამართლო დევნაზე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა.

"პრემიერ-მინისტრი ჩემს დაპატიმრებას და ქვეყნიდან გაძევებას პროგნოზირებს. შევეცდები, რომ ვიბრძოლო ჩემს სამშობლოში ჩემი თავისუფლებისთვის", - ციტირებს ავტორი მიხეილ სააკაშვილს კომენტარს.

ამასთან, სტატიის ავტორის თქმით, როგორც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ევროპაში დასასვნებლად იმყოფება, თუმცა კონკრეტულად რომელ ქვეყანაში, მათ არ იცოდნენ. მათივე თქმით, არც ის იციან, როდის დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში.

დევიდ ჰერშენჰორნი ასევე წერს, რომ როგორც ივანიშვილი და მისი მომხრეები აცხადებენ, მათ ქვეყანაში თავაზიანობისა და გახსნილობის ახალი გარემო შექმნეს, სასამართლო კი პოლიტიკური ზეწოლისგან გაათავისუფლეს და ბოლო მოუღეს ციხეებში შეურაცხყოფის ფაქტებს. თუმცა, ავტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია რეგრესს განიცდის.

როგორც "ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტი წერს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის სინანულს გამოთქვამს, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ქართველი არ გააგზავნა დასავლეთში სასწავლებლად.

"უმჯობესი იქნებოდა ერთი მილიარდით ნაკლები დაგვეხარჯა თავდაცვაზე და ეს თანხა განათლებისთვის მოგვეხმარა. ეს უფრო უკეთესი თავდაცვა იქნებოდა, ვიდრე იარაღის შეძენა, რომელსაც მაინც ნაკლები სარგებელი აქვს, როცა რუსეთის კონფრონტაციაზეა საუბარი. სწორედ ეს არის ჩემი უდიდესი შეცდომა", - ციტირებს ავტორი მიხეილ სააკაშვილს კომენტარს.

სტატიის თქმით, საქართველოში კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელში იქნება, პრეზიდენტს კი უფლებამოსილება შეეზღუდა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარყოფს, რომ ამ ცვლილებებს იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ფიქრობდა თავად გახდებოდ ქვეყნის პრემიერი, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღიარებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვისა და თანამდებობიდან უბრძოლველად, ვადის ამოწურვის შესაბამისად გადადგომის ისტორიულ მნიშვნელობას. მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლის ასეთი პრაქტიკა კვლავაც უცხოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.

"მათ სამი რამ უნდა ისწავლონ: ცვლილებები უნდა მოხდეს ინსტიტუტებისა და არჩევნების გზით. ასევე ის, რომ არ არსებობს უფასო ლანჩი და არავითარ შემთხვევაში არც ტკბილი რუსეთი", - ციტირებს "ნიუ იორკ თაიმსი" მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.