ოსტატს არავინ ეკითხება? - კვირის პალიტრა

ოსტატს არავინ ეკითხება?

რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა გოსდუმაში "ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს მეთაური ბორის გრიზლოვი, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მიიწვია და ამცნო, - ქუთაისში აფეთქებულ დიდების მემორიალს მოსკოვში აღადგენს... ზურაბ წერეთელიო.

შეხვედრას, რუს და ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ასევე იური ლუჟკოვთან, რომელიც ვლადიმირ პუტინის საახალწლოდ მორთულ კაბინეტში მიწვეული იყო, როგორც ქალაქისთავი, არაერთმნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა.

პუტინმა ჯერ მადლობა გადაუხადა "ედინაია როსიას", რომ პარტია ოპერატიულად გამოეხმაურა ფაშიზმთან მებრძოლ ქართველ პატრიოტთა ძეგლის აღდგენას, რომელიც თანამედროვე ფაშისტებმა დაანგრიეს, მერე კი აღნიშნა, - საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ამ ქვეყანასთან ჩვენი სავალალო ურთიერთობა და ის, რაც სამხრეთ ოსეთში მოხდა (სხვათა შორის, ამავე ფაშისტებთან ამ ომში დაღუპული მეომრების ძეგლი ჯერაც არ არსებობს!), საქართველოს საზოგადოებრიობა ოპერატიულად რომ გამოხმაურებოდა ხელისუფალთა განზრახვას, ეს რუსი და ქართველი ხალხების კეთილმეზობლობის განახლების საფუძველი გახდებოდაო (ცხადია, ეს არ ეხება რუსეთისა და საქართველოს ახლანდელ ხელისუფალთა ურთიერთობებს).

ბორის გრიზლოვმა განაცხადა, - "ედინაია როსიას" გადაწყვეტილი აქვს, ანგარიში გახსნას და აუქციონი ჩაატაროს მემორიალის ასაშენებელი თანხების მოსაპოვებლადო, თან კაბინეტში მყოფთ წარუდგინა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ახლა კი "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. "ედინაია როსიას" ამ პარტიასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ხოლო როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი თავის მომავალს "ედინაია როსიას" უკავშირებს...

"მადლობელი ვარ თანადგომისთვის, - განაცხადა გულაჩუყებულმა ზურაბ ნოღაიდელმა, - მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ ძეგლის ქუთაისში აღდგენა და აფეთქების დროს დაღუპულთა პატივსაცემად ეკლესიის აგება, - გაირკვა, რომ პარტიების გენერალური გეზი რაღაცით მაინც არ ემთხვევა ერთმანეთს (თუმცა სააკაშვილის რეჟიმის ლიკვიდირება ორივეს დიდი სურვილია).

- ჩვენი ურთიერთობა ასეთ დაბალ დონეზე არასოდეს ყოფილა. არადა, ათასი უხილავი ძაფი და დიდი სამამულო ომის გმირების ხსოვნა გვაკავშირებს. ამის განადგურებაც უნდათ, მაგრამ ვერ ეღირსებიან, - დასძინა რუსეთის პრემიერმა. ძეგლის აფეთქებამ მას უფრო გაუღრმავა მიხეილ სააკაშვილის სიძულვილი და ისეთი კოზირი მისცა, რომლის გამოუყენებლობა მემორიალის აფეთქების დარი დანაშაული იქნებოდა.

იური ლუჟკოვმა აღნიშნა, - რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის დროს დაიდგა მოსკოვში 1812 წლის გმირის, პეტრე ბაგრატიონის ძეგლი, თანაც ძალიან კარგ ადგილზე. ჩვენ საქართველოში დანგრეული მემორიალის აღდგენა გადავწყვიტეთ უწმინდეს ადგილზე - "პოკლონაია გორაზე". მას ექნება წარწერა - "აღდგენილია ხალხის შემოწირულობით".

რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად მემორიალის აღდგენის სურვილი რუსეთში ქართველთა კავშირმაც განაცხადა. მისმა თავმჯდომარემ, მიხაილ ხუბუტიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ნებაყოფლობითი შემოწირულობების აკრეფა - ძეგლის აღდგენა მილიონობით დოლარი დაჯდებაო და დასძინა, - გვინდა, ისე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი პრემიერი ვლადიმირ პუტინი არ დავაღალატოთო.

ქუთაისის მემორიალის ავტორი, 80 წლის საქართველოს სახალხო მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი ამ წინადადებისთვის ყველას მადლობას კი უხდის, მაგრამ ძეგლის აღდგენა შეუძლებლად მიაჩნია, რადგან კომბინატი, სადაც ეს მონუმენტი დაამზადეს, დიდი ხანია განადგურებულია და აღარც ნახაზები არსებობს. ხელოვანი აცხადებს, რომ თუკი რომელიმე მოსკოველი მსგავს ძეგლს შექმნის, ის ქუთაისის მემორიალის ბადალი მაინც ვერ იქნება და მერაბ ბერძენიშვილი მას ხელს არასოდეს მოაწერს. მიუხედავად ამისა, რუსეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, მოქანდაკე ანდრეი კოვალჩუკმა განაცხადა: - თუ ფოტოები არსებობს, აღდგენა შეიძლება. თუმცა ავტორის სურვილიც უნდა გავითვალისწინოთ - საავტორო უფლებები არავის გაუუქმებია, მაგრამ გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზეა მიღებული და ვფიქრობ, საკითხის განხილვა მაინც მოხდებაო.

ამასთან ერთად, რუსეთის მხატვართა კავშირმა "ახალ მანქურთთა ბარბაროსობის" დაგმობის რეზოლუცია მიიღო. "თითოეული ჩვენგანი სულითა და გულით თანაუგრძნობს მერაბ ბერძენიშვილს", - წერია დოკუმენტში.

"კომერსანტი", რუსეთი