ირანის ექსპანსია სამხრეთ კავკასიაში - კვირის პალიტრა

ირანის ექსპანსია სამხრეთ კავკასიაში

აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის აღიარების საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. "ჩვენ აქტიური კონტაქტი გვაქვს ირანის წარმომადგენლებთან, რომლებიც აფხაზეთში ჩამოვიდნენ. შეხვედრები იყო მოსკოვშიც. ირანი მზად არის აფხაზეთში ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის", - თქვა აფხაზეთის ლიდერმა, თუმცა დასძინა, - ირანის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეაო.

თეირანი იმეორებს თურქეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის ფორმულას: "ეკონომიკა - აღიარების გარეშე". მრავალწლიანი ბლოკადით გაღატაკებული აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია სერიოზულ რეგიონულ მოთამაშეებთან, თურქეთსა და ირანთან თანამშრომლობა. გარდა სავაჭრო ურთიერთობისა, აფხაზეთს ნებისმიერ სფეროში სოლიდური ინვესტიციების იმედიც გაუჩნდა. ამ თანამშრომლობის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე სოხუმი, გასაგები მიზეზების გამო, საუბარს გაურბის. თუ ანკარა და თეირანი მართლაც გადაწყვეტენ მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, მაშინ შემცირდება შიში იმისა, რომ პაწაწინა შავიზღვისპირა რესპუბლიკა თავის ძლიერ და მთავარ მფარველთან გაითქვიფება. თავის მხრივ, აფხაზეთის სახით თურქეთსაც და ირანსაც გაუჩნდებათ პოლიტიკური მანიპულირების ბერკეტი რეგიონში ან იქნებ მსოფლიო არენაზეც, კერძოდ კი, აფხაზეთის მფარველ რუსეთთან და საქართველოს მფარველ აშშ-თან, ასევე საქართველოსთან, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში საკვანძო ადგილი უჭირავს, საქართველოს მსგავსი ტერიტორიული პრობლემების მქონე აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც.

მართალია, აფხაზეთში ირანის ინტერესები ჯერ ბუნდოვანია, მაგრამ რეგიონულ ლიდერობაზე თეირანის ამბიციების გათვალისწინებით, ეს ინტერესები გაფართოვდება. სამხრეთ კავკასიაში პირველი ვიოლინოობის სურვილი ირანმა ჯერ კიდევ წლინახევრის წინ განამტკიცა სომხეთსა და საქართველოში საინვესტიციო გეგმების გამოქვეყნებით. ჯამში ეს 4 მლრდ დოლარია. ირანმა ერევანს სომხეთ-ირანის გაზსადენის და ექსპორტისთვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, ნავთობსადენის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება, ერთობლივი რკინიგზის სისტემის შექმნა შესთავაზა. თბილისს კი საქართველოსა და აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობების გათვალისწინებით, ირანში საქართველოს ელჩის საშუალებით მესიჯი გაუგზავნა: 1 მლრდ დოლარს გთავაზობთ, ოღონდ თავად მოიფიქრეთ, რისთვისო. თუმცა, ფიქრიც არ არის საჭირო: მაშინაც კი, როცა საქართველო, გაზსადენის ავარიის გამო უგაზოდ დარჩა, ირანი მზად იყო მის დასახმარებლად, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ოკეანისგაღმელი მფარველის უკმაყოფილება დაატყდა თავს. ვაშინგტონი სომხეთ-ირანის თანამშრომლობასაც ნეგატიურად, თუმცა გაგებით შეხვდა: ნახევრად ბლოკირებულ სომხეთს სხვა გზა არა აქვს, თეირანისა და ერევნის ერთობლივი გეგმები კი შთამბეჭდავია.

ირანი სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ვექტორის დანერგვით პოლიტიკურ ბერკეტებსაც იძენს. წლის ბოლოს თეირანმა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მოწვევაც მიიღო. ბაქომ, რომელსაც "ირანული ექსპანსიისგან" განზე დგომა არ უნდა, მას ყარაბაღის საქმეში შუამავლობა შესთავაზა. თეირანი დათანხმდა. მაგრამ ამ რთულ პროცესში ჩასართავად აუცილებელია დაპირისპირებული ქვეყნების და სხვა შუამავლების, კერძოდ, აშშ-ის თანხმობა, რომელიც ირანს მაინცდამაინც არ სწყალობს. მაგრამ ვინ თქვა, რომ პარალელური პროცესის წარმართვა არ შეიძლება? თუ სომხეთი თეირანის შუამავლობას დათანხმდება, ირანს შეიძლება აუხდეს კიდეც რეგიონული ლიდერობის ოცნებაც.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი