"Newsweek": აფხაზეთი - პატარა არაქვეყანა დიდი ოცნებებით - კვირის პალიტრა

"Newsweek": აფხაზეთი - პატარა არაქვეყანა დიდი ოცნებებით

"სოჭის აჩრდილქვეშ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა "Newsweek" რეპორტაჟს აფხაზეთიდან. "ჩვენი ოცნება ოლიმპიურ თამაშებზე აფხაზეთის სახელით გამოსვლაა" , - ციტირებს ავტორი აფხაზი მწვრთნელის, ჯარნაზ ბენიას სიტყვებს.

როგორც რეპორტაჟის ავტორი კოსუკე ოკაჰარა წერს, აფხაზეთი საქართველოს თვითგამოცხადებული ტერიტორიაა, რომელიც 10 მილითაა დაშორებული სოჭის ოლიმპიური პარკიდან.

ამასთან, იაპონელი ჟურნალისტი წერს, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთსა და საქართველოს შორის ომი იყო, რის შემდეგად აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

"აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და სხვა რამდენიმე პატარა სახელმწიფომ აღიარეს. არც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს და არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ. აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ნებისმიერი სპორტსმენი რუსეთის სახელით მიიღებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ მიდის თამაშებზე", - წერს კოსუკე ოკაჰარა.

ამასთან, როგორც ავტორი აღნიშნავს, გასულ წელს აფხაზეთში ყოფნისას ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც უთხრეს, რომ ამაყობენ თავიანთი აფხაზობით, მაგრამ იციან, რომ მათი ქვეყნის მომავალი გაურკვეველია.

"მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ მისით, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. ჩვენი ქვეყნის საკუთარი გზა სწორედ ჩვენმა თაობამ უნდა გაიკვალოს", - ციტირებს ავტორი ერთ-ერთი აფხაზი სტუდენტის ნათქვამს.