სანდრა რულოვსი: "ასე მგონია, ქმარზე მეტად ქვეყანაზე ვარ დაქორწინებული - კვირის პალიტრა

სანდრა რულოვსი: "ასე მგონია, ქმარზე მეტად ქვეყანაზე ვარ დაქორწინებული

"ბევრი რამ მეამაყება და გულითადად ვამბობ, - ნახვამდის"

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ჰოლანდიურ ყოველდღიურ გამოცემა Trouw-ს ინტერვიუ ჰოლანდიურ ენაზე მისცა.

- 17 ნოემბერს საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია. მას შემდეგ თქვენ პირველი ლედი აღარ ხართ.

- საბედნიეროდ, ქართველებს ჩემდამი ინტერესი ჯერ არ განელებიათ. ქუჩაში მცნობენ და ჩემთან ფოტოს გადაღება სურთ. რაც ნამდვილად შეიცვალა, ეს დღის განრიგია. ნაკლები ვალდებულება მაქვს და ნაკლებად მოთხოვნადი გავხდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვაკეთებ. მაქვს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია შოცო, ვარ ჯანდაცვის სამინისტროს ორი საკონსულო საბჭოს პრეზიდენტი. პირველ ლედის უფრო მეტად გაქვს გზა ხსნილი, მაგრამ თუ რამის გაკეთება გინდა, გააკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ჩემგან არავინ არაფერს იღებს, მაგრამ ნაკლებად.

- თქვენს სტატუსს აქტიურად განიხილავდნენ...

- არსებობს მეორე რეალობა. რისი გაკეთებაც პირველი ლედობისას შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ბევრს მივაღწიე, განსაკუთრებით ჯანმრთელობის, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის კუთხით. ბევრი რამ მეამაყება და გულითადად ვამბობ, - ნახვამდის.

- ბრძანეთ, პრეზიდენტობის დროს ჩემი მეუღლე იშვიათად იყო შინო. ის შინ არც ახლაა.

- ვფიქრობდი, რომ აქედან მასთან ერთად წავიდოდი, მაგრამ ასე არ მოვიქეცი, ჩემს უმცროს ვაჟთან ერთად დარჩენა ვამჯობინე. ის რვა წლისაა, ძალიან მგრძნობიარე ბავშვია. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ის აქ შეითვისებს, ქართველობაა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი მომავალია. მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი გვჭირდება და მოვა დრო, როდესაც ერთად ვიქნებით. მე ის მიყვარს, მასთან ერთად მიყვარს საქართველო, მისი ხალხი და კულტურა. მსურს, ჩემი ნიჭი და ენერგია აქ გამოვიყენო. ასე მგონია, ქმარზე მეტად ქვეყანაზე ვარ დაქორწინებული. 2003 წლიდან ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩქარობდა, ყოველთვის ხალხთან იყო. როდესაც რეფორმებს სწრაფად ატარებ, შეცდომებს უშვებ და მტრებსაც იჩენ. მას სურდა ეჩვენებინა, რომ საქართველოსაც შეუძლია რაღაცის გაკეთება, რომ ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა ინვესტიციებისთვის. ვფიქრობ, ის წარმატებული პოლიტიკოსია, რადგან მიუხედავად 2008 წელს რუსებთან ომისა, საქართველო რუკაზე არსებობს. პირად ცხოვრებაშიც იყო სირთულეები. საქმეების გამო, მიშა ხშირად არ იყო სახლში.  მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე კარგი მამაა. ამბობს, "ჩემი შვილებისთვის საუკეთესო, რისი გაკეთებაც შემიძლია, უკეთესი ქვეყნის დატოვებააო".

- ახლა რას აპირებთ?

- გადაადგილების, დაბალანსების, თავიდან დაწყების დროა. ყოველდღე ვსწავლობ და საქმეც კარგად მიდის. ძალიან კარგია, რომ Global Fund-ის საბჭოს წევრი ვარ. ეს ორგანიზაცია ინფექციურ დაავადებებს ებრძვის. ასევე გახლავართ WHO-ს კეთილი ნების ელჩი. საკუთარი კარიერის გაკეთება შემიძლია. ჩემს მეუღლეს რაც შეეხება, ვფიქრობ, საბოლოოდ ის მაინც პოლიტიკაში დაბრუნდება. მას შეუძლია წიგნის დაწერა და ლექციების კითხვა, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი მიშა. თუმცა, მან იცის, რომ დაბრუნების დრო ჯერ არ დამდგარა.