პრაგმატიზმი აჯობებს... - კვირის პალიტრა

პრაგმატიზმი აჯობებს...

კრემლის ლიდერები და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განაგრძობენ ერთმანეთზე სიტყვით თავდასხმას და არც მამხილებელ განცხადებებს ერიდებიან, თუმცა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ სროლისა და აფეთქების ხმა დიდი ხანია მიჩუმდა. სამაგიეროდ, სულ უფრო გაცხოველდა ლაპარაკი შესაძლო დიპლომატიურ დაახლოებაზე. ექსპერტების ვარაუდით, მოწინააღმდეგეებს უთანხმოებების ნაწილობრივ დარეგულირებას პრაქტიკული აუცილებლობა აიძულებს. დაახლოების ნიშნებს შორისაა დიდ კავკასიურ ავტომაგისტრალზე სასაზღვრო პუნქტის გახსნასა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე შესაძლო შეთანხმება.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სააკაშვილის მისამართით ხშირად პირადული ხასიათის მრისხანე განცხადებებს აკეთებენ. ეტყობა, კრემლს იმედი ჰქონდა, ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დროს საქართველოს პრეზიდენტს დაამხობდნენ, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. დეკემბერში მედვედევმა განაცხადა, მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი საავიაციო კავშირის აღდგენის მომხრე ვარო, ხოლო რუსეთის სასაზღვრო სამსახური მიესალმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას - რუსეთ-საქართველოს შორის საერთაშორისო გადაზიდვების განახლებას ორივე მხარე ითხოვსო.

სააკაშვილმა მოსკოვი არაერთხელ დაადანაშაულა მისი დამხობის მცდელობაში. მან ეს ბრალდება გასული კვირის ბოლოსაც გაიმეორა. "რუსეთმა ჩვენი განადგურებისთვის ყველა შესაძლო მეთოდი გამოიყენა, მათ შორის ომი, ოკუპაცია და შპიონაჟი", - განაცხადა მან და ქართველებს ახალი რუსული ინტერვენციისთვის მზადებისკენ მოუწოდა - საქართველოს ყველა მოქალაქე მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის, თითოეული სახლი მტრის თავდასხმისას ბარიკადად უნდა იქცესო. ამავე დროს, იმ ტონით, რომელიც სააკაშვილისგან შარშანდელი ომის შემდეგ არავის მოუსმენია, მან დასძინა, - არ შეიძლება საქართველოს რუსეთთან ცუდი ურთიერთობა სურდეს. ჩვენ ხომ გიჟები არა ვართო.

რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. მათი ფულადი გადარიცხვები ეკონომიკურად დასუსტებული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავალუტო ნაკადია. მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის, ვაჭრობის აკრძალვისა და საზღვრის დახურვის შემდეგ ამ ხალხს სამშობლოში მიმოსვლა ძალიან გაუჭირდა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ მოსალოდნელ რეპრესიებზე შიში არ გამართლდა, ქართული თემის წარმომადგენლები ძველებურად შეშფოთებულები არიან. "შეუძლებელია გეოგრაფიული რუკის გადაკეთება, ამიტომ ურთიერთობები უთუოდ უნდა დარეგულირდეს, - ამბობს საქართველოში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები ცნობილი ტელეწამყვანი ნიკოლოზ სვანიძე, -”მართალია, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა ცუდია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენს ხალხებს შორის”ომი". თუმცა ექსპერტების აზრით, დათბობის ტენდენცია შეიძლება იოლად დაირღვეს რუსეთის მხრიდან საქართველოს და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის არსებულ საზღვრებთან პროვოკაციების მოწყობის, ასევე სხვა მოვლენების გამოც, როგორიც იყო, მაგალითად, საბჭოთა ეპოქის სამხედრო მემორიალის აფეთქება ქუთაისში. "მემორიალი სააკაშვილის ბრძანებით დაანგრიეს. ჩანს, საქართველოს მმართველ წრეებში არსებობს რუსეთთან ნებისმიერი მორიგების მოწინააღმდეგე ჯგუფი და მან მონუმენტის დანგრევით შეიძლება სიტუაცია გაართულოს, - ამბობს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის დირექტორი გიორგი ხუციშვილი, - ცხადია, საამისოდ შეუფერებელი დრო შეირჩა და რეაქციამ აჩვენა, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს ნორმალიზების პროცესი".

"ქრისჩენ საიენს მონიტორი", აშშ