რეკვიემი რევოლუციებისთვის - კვირის პალიტრა

რეკვიემი რევოლუციებისთვის

მსოფლიო წელს რკინის ფარდის ჩამოხსნის 20 წლისთავს აღნიშნავს. ყოფილი საბჭოთა ვასალები: პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი თავისუფალი, სტაბილური, წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოები უსაფრთხოდ არიან მოკალათებულნი ნატოს და ევროკავშირის ფრთებქვეშ, მაგრამ საქართველომ, უკრაინამ და მოლდავეთმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კოლაფსის შემდეგ მოიპოვეს, ბობოქარი 20 წელი განვლეს - მთელი ძალით ცდილობდნენ მოსკოვისგან თავის დაღწევას, დემოკრატიული სახელმწიფოების შექმნას და დასავლეთთან სრულ ინტეგრაციას.

ლიდერების დეფიციტი. ანალიტიკოსების აზრით, დამოუკიდებლობამოპოვებულმა ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა დიდწილად შეისისხლხორცეს საბჭოთა კავშირის ავტორიტარული პოლიტიკური კულტურა და დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტისთვის ძალიან მწირი დემოკრატიული ტრადიციები გააჩნდათ. რუსეთთან სიახლოვემ მოსკოვს მათ საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა მისცა.

"ცხადია, რაც ახლოს იყავი დასავლეთ ევროპასთან, პროცესი მით უფრო მარტივად ვითარდებოდა. ვფიქრობ, შიდა (პოლიტიკური) ფაქტორები და რუსეთის მზადყოფნა, ამ ქვეყნებისთვის არ მიეცა საშუალება დასავლეთს დაახლოებოდნენ, უდიდესი პრობლემა იყო", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს უფროსი მკვლევარი ჯეიმს გოლდგეიერი, - ამ ათწლეულის დასაწყისში ე.წ. "ფერადი რევოლუციები" საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში დიდი დემოკრატიული ნახტომების პერიოდი უნდა გამხდარიყო - 1989-იანი წლების ტიპის დემოკრატიული რევოლუციების მეორე ტალღის დასაწყისი, რომელსაც ქვეყნების ახალი ჯგუფი დასავლურ სტრუქტურებამდე უნდა მიეყვანა. მაგრამ ამ რევოლუციებს მალევე მოჰყვა იმედგაცრუება, რადგან პოლიტიკურ კინკლაობაზე, ბრძოლასა და ურთიერთბრალდებებზე გადავიდნენ.

ამ ქვეყნებში საჭიროა ეფექტიანი ხელმძღვანელობა - რეალური ლიდერებისა, რომლებიც განზე გადადებენ პირად ამბიციებს და მთელი ძალით შეეცდებიან, ხელი შეუწყონ საკუთარი ქვეყნების განვითარებას. ასევე საჭიროა რუსეთში ცვლილებებზე დაკვირვება.

მოსკოვის ხელი. ექსპერტების უმრავლესობის აზრით, რუსეთი პრობლემის სერიოზული ნაწილია. აღმოსავლეთ ევროპაში "ვარშავის პაქტის" სატელიტი ქვეყნების დაკარგვის შემდეგ, მოსკოვმა მტკიცედ გადაწყვიტა შეენაჩუნებინა ის, რასაც ყოფილ საბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენის სფეროს უწოდებს. უკრაინის 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ, მოსკოვმა ვიქტორ იუშჩენკოს პროდასავლური მთავრობის დასასჯელად საკუთარი ენერგეტიკული ძალაუფლების გამოყენება დაიწყო. ის ასევე აქტიურად სარგებლობდა  იუშჩენკოს და მის ყოფილ რევოლუციონერ პარტნიორს, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის მტრობით.

მოლდავეთში, რუსეთი კიშინიოვის მთავრობის დესტაბილიზაციისა და მოსკოვზე მისი დამოკიდებულების გასახანგრძლივებლად დნესტრისპირეთის კონფლიქტს იყენებდა.

საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთი სეპარატიზმს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე აღვივებდა. 1990-იანი წლების დასაწყისში კრემლი ასევე აიარაღებდა  თბილისში დაწყებულ სამოქალაქო არეულობის მონაწილე ხელისუფლებისთვის მებრძოლ დაპირისპირებულ კლანებს.

"ვარდების რევოლუციამდე" რუსეთი მოითხოვდა და მიიღო კიდეც უფლება, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მინისტრები დაენიშნა. სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააუქმა ეს ექსტრაორდინარული პრივილეგია, რამაც კრემლი განარისხა, ის აქტიურ ქმედებაზე გადავიდა და დღემდე ასეა. თუმცა, რუსეთის გამოკვეთილი როლის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა სივრცის დიდ ნაწილში დემოკრატიის დეფიციტს უფრო ღრმა მიზეზები აქვს. ანალიტიკოსების თქმით, რეგიონის ლიდერებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულნი არიან, მწირი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში.

უარის შიში. არსებობს შიში, რომ დასავლეთმა შეიძლება მიატოვოს უკრაინა და საქართველო, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. ივლისში, ცნობილმა აღმოსავლეთევროპელმა ინტელექტუალებმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა (მათ შორის ჩეხეთის და პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა ვაცლავ ჰაველმა და ლეხ ვალენსამ) პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის სახელზე გამოაქვეყნეს ღია წერილი, სადაც  შეშფოთებას გამოხატავდნენ. სიტუაციის დასამშვიდებლად ობამამ ზაფხულში კიევსა და თბილისში, უკრაინისა და საქართველოს დასარწმუნებლად, რომ ვაშინგტონი მათი ერთგულია, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაგზავნა. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, დასავლეთმა საკუთარი ძალისხმევა გარკვეულწილად შეასუსტა და შეცდომებიც დაუშვა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც მთელ რეგიონში დემოკრატიის განვითარების პროექტებზე მუშაობდა, ამბობს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ყურადღების კონცენტრირება ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე მოახდინეს (მაგალითად, პარლამენტების დახმარება უკეთესი კანონპროექტების შექმნასა და უკეთესი საკომიტეტო მოსმენების მოწყობაში) იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყოთ სამოქალაქო საზოგადოების ხელახლა მშენებლობისთვის. "განა ქვეყანას შეუძლია კარგად იყოს თუ დემოკრატიულია, მაგრამ დემოკრატიას ვერ ახორციელებს? ან როდესაც ის ცდილობს დემოკრატიის ფასადი და მისი ზოგიერთი ინსტრუმენტი გამოიყენოს არადემოკრატიული რეჟიმის განმტკიცებისთვის?”- კითხულობს მიტჩელი, -”როდესაც ავტორიტარულ ან ნახევრად ავტორიტარულ მთავრობებს დემოკრატიის ინსტრუმენტებს აძლევთ, ისინი მათ დემოკრატიულად გარდაქმნისთვის კი არ იყენებენ, არამედ იმისთვის, რომ ნაკლებად დემოკრატიულნი გახდნენ".

გაისად რეგიონის ქვეყნებს რამდენიმე საკვანძო ტესტი ელით. იანვარში უკრაინაში, პირველი პოსტრევოლუციური საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, იუშჩენკო დამარცხდება. საქართველოში კი მაისში ადგილობრივი არჩევნები ტარდება, ექსპერტების აზრით, სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის ბრძოლის პირველი რაუნდი. მისი საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება. თუმცა ყველაზე დიდი გამოცდა ის იქნება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ობამას ძალისხმევა (როგორც ამას თეთრი სახლი იმედოვნებს) რამდენად შეამსუბუქებს რეგიონში რუსეთის პოზიციას.

რადიო "თავისუფალი ევროპა", რადიო "თავისუფლება"