გავლენის სფეროების დასაბრუნებლად - კვირის პალიტრა

გავლენის სფეროების დასაბრუნებლად

ვაშინგტონი და მოსკოვი ახალი სტრატეგიული ხელშეკრულების ხელმოწერისთვის ემზადებიან და დადგა დრო, გადავხედოთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის შესაძლო პერსპექტივებს. დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი ავღანეთის და ირანის პრობლემები არ გახლავთ. საუბარი ევროპაზეა. "ცივი ომის" შემდეგ შექმნილი ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნგრევის პირველმა ნიშნებმა ამერიკულ მედიაში თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა; არადა მოსკოვმა გასულ თვეში ევროპულ უსაფრთხოებაზე ახალი შეთანხმების პროექტი წარმოადგინა. ამით განახორციელა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პრეზიდენტ მედვედევის მოწოდება, - აუცილებელია არსებულ სისტემაში ცვლილებების შეტანაო. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო-რუსეთის კომისიაში განსახილველად შეიტანა მეორე დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ამით რუსეთმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ნატოს გაფართოების წინააღმდეგ.

ორივე დოკუმენტი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ სხვადასხვა კონტინენტზე ვცხოვრობთ. 21-ე საუკუნეში გადასვლის ნაცვლად, რევიზიონისტულ რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მე-19 საუკუნის "გავლენის სფეროების" პოლიტიკას დაუბრუნდეს.

1990 წლის "პარიზის ქარტიისა" და 1999 წლის ევროპის უსაფრთხოების "სტამბოლის ქარტიის" მიზანი იყო, შეექმნათ ერთგვარი "უფლებების ნუსხა", რომელიც "ცივი ომის" დასრულების შემდეგ კონტინენტზე პოლიტიკურ ფუნდამენტს შექმნიდა. ამ წესებით უარყოფილია გავლენის სფეროების არსებობა, აღიარებულია ყველა სახელმწიფოს თანაბარი უფლება უსაფრთხოებასა და ალიანსების საკუთარი შეხედულებებით არჩევაზე, რის საფუძვლადაც იქცა თანამშრომლობაზე აგებული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა. მოსკოვი ამ წესებს დათანხმდა, რადგან იმ დროს ისიც ცდილობდა, უარი ეთქვა თავის იმპერიულ წარსულზე და გაფართოების პროცესში მყოფ ევროპულ თანამეგობრობას მიერთებოდა, მაგრამ როდესაც რუსეთში პროდასავლური განწყობა მინელდა, ხოლო 90-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში იმპერიულმა განწყობამ იმძლავრა, მოსკოვმა დაასკვნა, რომ ეს წესები დასავლეთის გაფართოების საქმეს ემსახურებოდა და მის ინტერესებს აზიანებდა. დღეს ეს ქარტიები მკვდარია. რუსებს თითქმის ერთსულოვნად მიაჩნიათ, რომ დასავლეთმა ეს წესები საკუთარი გავლენის სფეროს გასაფართოებლად გამოიყენა, მაგრამ ნატოს და ევროკავშირის გაფართოება არ არის დასავლეთის პოლიტიკური გამბიტი, რომლის მიზანიც რუსეთის დამცირებაა. ეს იყო ჩვენი პასუხი არაერთი ქვეყნის სურვილზე, უარი ეთქვათ ხელოვნური დაყოფისთვის და დასავლეთის ნაწილად ქცეულიყვნენ, რათა შეექმნათ დემოკრატიული სამყარო. პრობლემა გამძაფრდა, როდესაც რუსეთი უფრო აგრესიულ, ნაციონალისტურ და რევიზიონისტულ გზას დაადგა. რუსეთ-საქართველოს ომში სწორედ ეს იყო მთავარი ფაქტორი. ამ ომის მიზეზი დაურეგულირებელი კონფლიქტები (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) კი არა, თბილისის დასავლეთისკენ მისწრაფება და მოსკოვის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ეს არ დაუშვას. მოსკოვმა ეუთოს ყველა წესი უარყო და დაარღვია, მათ შორის მთავარი - არ შეიძლება ძალის გამოყენებით ევროპის საზღვრების შეცვლა.

ეს თავად რუსეთის არჩევანია, რომელსაც არ სურს გამოიყენოს პარტნიორობის უპირატესობა, არ შეუძლია მეზობლების სუვერენიტეტის პატივისცემა და ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ