სენატის ანგარიში კავკასიაში სიტუაციას ძაბავს - კვირის პალიტრა

სენატის ანგარიში კავკასიაში სიტუაციას ძაბავს

ქართველი ჩინოსნები იწონებენ ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც მოუწოდებს ვაშინგტონს, განიხილოს თბილისისთვის იარაღის მიყიდვის განახლების საკითხი.

იმავდროულად, სეპარატისტულმა რეგიონებმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, რუსეთთან ერთად, ანგარიშთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს და ამტკიცებენ, რომ თბილისისთვის იარაღის მიწოდების პროცესის გამარტივება რეგიონში სიტუაციის აფეთქების შესაძლებლობას ზრდის.

აშშ-ის მთავრობა საქართველოს, ამ ქვეყნის რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, იარაღით აღარ უზრუნველყოფს. ანგარიში, სახელწოდებით "ბალანსის მიღწევა: აშშ-ის პოლიტიკა და სტაბილურობა საქართველოში", სენატორ რიჩარდ ლუგარის ჯგუფმა მოამზადა. დოკუმენტი, სადაც სიტყვები ძალიან ფრთხილადაა შერჩეული, შეერთებულ შტატებს და ნატოს საქართველოს შეიარაღებისკენ პირდაპირ არ მოუწოდებს, მაგრამ მასში ნათქვამია, რომ რუსეთის ზეწოლას, იარაღის პოტენციურ მიმწოდებლებზე, თბილისის წინააღმდეგ "შეიარაღებაზე დე ფაქტო ემბარგო" მოჰყვა. "აშშ-ის მთავრობამ უნდა…იმუშაოს ნატოს მოკავშირეებთან ერთად, რათა შეიმუშაოს მრავალმხრივი, ტრანსპარენტული მიდგომა რეგიონში შეიარაღების გაყიდვებთან დაკავშირებით და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაშინ, როდესაც საქართველო, ნატოს ქვეყნების მხრიდან, თავისი საბაზისო ტერიტორიული თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, აღჭურვილობის მიღებაში უდიდეს პრობლემებს წააწყდა, ზოგიერთი მოკავშირე მზადაა რუსეთთან მნიშვნელოვანი სამხედრო გარიგების გასაფორმებლად, რამაც შეიძლება სამხედრო ბალანსი დაარღვიოს. აშშ-მა და ნატოს წევრებმა უნდა დაარეგულირონ ის პოლიტიკა, რომელიც ნატოს ერთგულ პარტნიორს ტოვებს უუნაროს, უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვის საბაზისო მოთხოვნები. ალიანსმა თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას, რომ საქართველო უსაფრთხოების კოორდინირებულ მხარდაჭერას მოითხოვს ამერიკისა და ევროპული ქვეყნებისგან მომდევნო წლების განმავლობაში", - ნათქვამია ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ თუკი ასე არ მოხდება, ამას შეიძლება "საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ზედმეტი ნაციონალიზაცია" მოჰყვეს.

2008 წლის ომის შემდეგ აშშ-მა 1 მლრდ დოლარის დახმარება გამოყო საქართველოში სარეკონსტრუქციო და სოციალური საჭიროებებისთვის, მაგრამ აქედან არც ერთი თეთრი სამხედრო ძალების დახმარებისთვის გათვალისწინებული არ ყოფილა. შარშან ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონს თავისი ქვეყნისთვის "თავდაცვითი" შეიარაღების, მათ შორის საჰაერო და ანტისატანკო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება სთხოვა. ამერიკელმა მოხელეებმა ამ თხოვნას სწრაფი და მტკიცე უარით უპასუხეს. თავდაცვის მდივნის თანაშემწემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის პოლიტიკის საკითხებში, სელესტა ვალანდერმა განაცხადა, რომ "შეერთებული შტატები არ არის დარწმუნებული, რომ საქართველო მზადაა ამ ტიპის თავდაცვითი აღჭურვილობის მისაღებად".

ამერიკელი სპეციალისტის, ჯონ ჩიკის თქმით, პრობლემა ის არის, რომ აშშ-ის აღჭურვილობა ძალიან ძვირია და ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული, ვიდრე ეს საქართველოს სჭირდება. რუსული აღჭურვილობა კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფრო შეეფერება, ამგვარი შეიარაღება აქვთ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ზეწოლას ემორჩილებიან.

"არ ვიცი, ეს ემბარგო შეიარაღებაზე რამდენად რეალურად მოქმედებს ქართველების წინააღმდეგ, როგორც ამას თავად აცხადებენ, მაგრამ თუკი შეეცდებიან თავდაცვითი აღჭურვილობის (საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო და მსგავსი შეიარაღების) შეძენას და ქვეყნები მათ უარს ეტყვიან, მაშინ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? როგორ იქნება დაცული საქართველოს უსაფრთხოება, თუკი მათ არა აქვთ თავდაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი აღჭურვილობა?" - კითხულობს ჩიკი. "პენტაგონის მომდევნო ფისკალური წლის ბიუჯეტი უკვე განსაზღვრულია და მალე გამოქვეყნდება, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, ის საქართველოს შეიარაღების რამენაირ ახალ ხარჯებს არ შეიცავს", - ფიქრობენ ჩიკი და ქართველი დიპლომატები ვაშინგტონში.

თბილისში კი უსაფრთხოების ექსპერტები ამტკიცებენ, რომ  საქართველოს ძლიერი შეიარაღებული ძალები მომავალში რეგიონის სტაბილურობისთვის საუკეთესო არჩევანია.

"ეურაზიანეტი", აშშ