მარშრუტების შექმნა - კვირის პალიტრა

მარშრუტების შექმნა

მასშტაბური სარკინიგზო პროექტი სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკის გამოკეთების იმედს ზრდის. პოლიტიკოსებისთვის, ბიზნესჯგუფებისთვის, ე.წ.

"ტრეინსფოთინგებისა" და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ბაქო-ყარსის სარკინიგზო პროექტი ნიშნავს სამხრეთ კავკასიაში ტვირთის გადასაზიდად ახალ, გაუმჯობესებულ მარშრუტს; უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივას; აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის კავშირის განმტკიცებას და ეკალს - სომხეთის თვალში. მაგრამ პროექტის პოტენციური გავლენა ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერსპექტივას უკავშირდება: სამუშაო ადგილებს.

იდეა პირველად 1993 წელს გაჩნდა, როდესაც თურქეთმა სომხეთთან საზღვარი დახურა, რითაც გაუქმდა არსებული სარკინიგზო მარშრუტი თურქეთის ყარსსა და სომხეთის გიუმრის შორის, მაგრამ ბაქო-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელება ოფიციალურად 2007 წელს დაიწყო. სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის მთავარ სატრანზიტო დერეფნად გადაქცევა (105 კმ სიგრძის ახალი მარშრუტის მშენებლობით ყარსიდან ახალქალაქამდე, ასევე თბილისი-ბაქოს არსებული ხაზის მოდერნიზება) 600 მლნ დოლარადაა შეფასებული.

მუშაობა შეფერხებებით მიმდინარეობდა. აშშ-მა და ევროკავშირმაც, რომლებიც ადრე მხარს უჭერდნენ იმავე მარშრუტის მილსადენურ პროექტებს, უარი თქვეს რკინიგზის დაფინანსებაზე, რადგან ის სომხეთის გვერდის ავლით შენდებოდა (პროექტის დაფინანსების ლომის წილი აზერბაიჯანის ნავთობის შემოსავლებზე მოდის, მათ შორის, საქართველოსთვის, ფაქტობრივად უპროცენტოდ გაცემული 220 მლნ დოლარის სესხი მისი მონაკვეთის ასაშენებლად). საქართველოში მშენებლობა შეფერხდა გარემოს დაცვითი პრობლემებისა და 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ომის გამო.

პროექტის გახსნა 2010 წელს იგეგმებოდა. აზერბაიჯანელთა თქმით, სარკინიგზო ხაზი 2011 წელს გაიხსნება. შარშან, შემოდგომაზე, თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნაზე მიღწეული შეთანხმება, როგორც ჩანს, პროექტს არ შეასუსტებს, რომელიც, ექსპერტთა ვარაუდით, მომდევნო ორ ათწლეულში რეგიონული სარკინიგზო ხაზით მგზავრთა და ტვირთის გადაზიდვას სამჯერ გაზრდის.

მარშრუტის კვალდაკვალ ფინანსური და პოლიტიკური პრობლემები იქნება. იმ ქალაქების მოსახლეობა, სადაც რკინიგზა ერთ დროს ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი იყო, ბაქო-ყარსის სარკინიგზო მარშრუტს იმედით უყურებს, ელის სამუშაო ადგილებს და ხელფასების ზრდას. მისი გადადება კი ისეთი პოლიტიკური სვლაა, რომელიც გარე ინტერესებს მოემსახურება.

ტრანზიშენ ონლაინი, აშშ