წყალი - მოსკოვის წისქვილზე - კვირის პალიტრა

წყალი - მოსკოვის წისქვილზე

პროვოკაციებზე პასუხი ისეთი უნდა იყოს, რომ მაპროვოცირებელს გამარჯვების შანსი არ მიეცეს. ხშირად პროვოცირებული უნებურად ხვდება პროვოკატორის ხაფანგში და მარცხდება, რადგან ეს უკანასკნელი მოწინააღმდეგის რეაქციას სათავისოდ იყენებს.

საქართველოში (ან ნებისმიერ სხვა ადგილას) ცოტა თუ ეჭვობს, რომ მოსკოვის დაზვერვის ფედერალური ბიუროს ბრალდებები, თითქოს თბილისი წვრთნის ან სხვა ტიპის მხარდაჭერას უწევს ისლამისტებს და ჩრდილოკავკასიელ ნაციონალისტ მებრძოლებს, აბსურდული პროვოკაციაა, მაგრამ საქართველოს დედაქალაქში კიდევ უფრო ცოტა აღიარებს იმას, რომ გათვლა უფრო მათ საპასუხო რეაქციაზეა, ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობისაზე. ეს რუსეთის ხელისუფლების ორსახოვნების დამადასტურებელი ბოლო მაგალითია.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა (სხვა ეროვნულ ლიდერებზე მეტად) საკუთარ თავს პროვოკაციაზე წამოგების უფლება მისცა, ჩანს, დარწმუნებულმა, რომ დრამატული და ზოგჯერ ჰიპერბოლიზებული პასუხები მას კარგად წარმოაჩენდა უცხოეთშიც და საკუთარ ქვეყანაშიც. მას სჯერა, რომ მკვეთრი პასუხის შემთხვევაში რუსულ სიცრუეს საერთაშორისო თანამეგობრობა მეტ ყურადღებას მიაქცევს და მხარსაც დაუჭერს. სააკაშვილს ქვეყნის შიგნით ყურადღება რუსეთის ქმედებებზე გადააქვს, რაც ოპონენტებს დიდი ხნით დადუმებას, ხოლო მის ხელისუფლებას - განმტკიცებას უქადის. ასეცაა: სააკაშვილის რეაქცია რუსული ბრალდებების მიმართ იმაზე მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე თავად რუსეთის განცხადებები. მაგრამ ის შეიძლება სრულად ვერ აცნობიერებდეს, რომ სწორედ ეს უნდა რუსეთს: მან ბრალდებები განაგრძოს, სააკაშვილმა ადრინდებურად უპასუხოს, ხოლო რუსულმა არმიამ თითი არ გაანძრიოს. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დასავლეთის თვალში იმ პატარა ბიჭს დაემსგავსება, რომელიც წარამარა გაჰყვირის, - "მგელი, მგელიო", ხოლო ბოლოს, როდესაც მგელი მართლაც მოვა, მას არავინ დაუჯერებს, თუმცა სააკაშვილი არ ცდება, როდესაც დარწმუნებულია, რომ ამ რუსული საფრთხით თამაში ოპოზიციის კონტროლში ეხმარება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს ტაქტიკა გაამართლებს, მას მაინც ორი კურიოზიული ეფექტი ექნება: ერთი მხრივ, ეს ქართველების რეალურ გაერთიანებას შეუშლის ხელს. სააკაშვილი კი ერთობის ყალბ წარმოდგენას ქმნის. მეორე მხრივ, ის ძირს უთხრის საქართველოს პოლიტიკურ სისტემას სწორედ იმ ტიპის დებატების ჩახშობით, რომლებიც დემოკრატიული სისტემის არსს წარმოადგენს.

ამ ფაქტებიდან არც ერთი არ ნიშნავს იმას, რომ ქართველებმა, სააკაშვილიდან რიგით მოქალაქემდე, თავი უნდა აარიდონ რუსულ სიცრუეზე რეაგირებას. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა აღიაროს პასუხის ფორმის უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. არსებობს სამი გზა, რომლის გამოყენებაც ახლავე შეიძლება. პირველი: არც ერთი ქართველი არ უნდა დაეხმაროს მოსკოვს საქართველოზე სიცრუის გავრცელებაში, ანუ არ არის საჭირო რუსეთის ყველა მსგავს განცხადებაზე ემოციური პასუხის მიგება. მაგალითად, თუკი ქართველი ლიდერები იტყვიან, მოსკოვმა ჩვენს ქვეყანაზე მორიგი სიცრუე გაავრცელაო”და ამას დასჯერდებიან, ეს საქართველოსა და ქართველებისთვის ბევრად უკეთესი იქნება. მეორე: ქართული ოპოზიციის არც ერთ წევრს არ უნდა შეეშინდეს ისაუბროს როგორც რუსული ბრალდებების აბსურდულობაზე, ასევე იმაზე, რომ არ ეთანხმება ამ ბრალდებებზე  საქართველოს ოფიციალური პირების რეაქციას. თუკი ოპოზიციურ ფიგურებს ამის გაკეთებისა შეეშინდებათ, ვერც საკუთარ და ვერც საქართველოს ინტერესებს ვერ მოემსახურებიან; ისინი მოემსახურებიან თბილისში მათ ინტერესებს, ვისაც არ სურს დემოკრატია, ხოლო რუსეთში - საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთ. მესამე: იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით რუსების ბრალდებები სულ უფრო მატულობს, ქართველები უდავოდ მოგებულნი დარჩებიან, თუკი შეიქმნება ამ ბრალდებების შემფასებელი საერთაშორისო კომისია. ასეთი ჯგუფი სიტუაციას - "ამან ის თქვა", "იმან ეს თქვა", მდგომარეობის ჩარჩოებიდან გაიყვანს, რომელშიც საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღმოჩნდა და ქართველებს დაეხმარება, იმოქმედონ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ენერგიულმა წევრებმა.

ცხადია, სამთავრობო წრეებში ყოველთვის შეეცდებიან, ოპონენტებს დააბრალონ გარე ძალის მხარდაჭერა, მაგრამ ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. ბრძოლაზე უარის თქმა რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს.

რადიო  "თავისუფალი ევროპა",  რადიო  "თავისუფლება"