ოკუპაცია, რომელიც შესაძლოა, საერთოდ არ ყოფილიყო - როგორ აპირებდნენ ამერიკელები სამხედრო ძალით აგვისტოს ომში ჩარევას - კვირის პალიტრა

ოკუპაცია, რომელიც შესაძლოა, საერთოდ არ ყოფილიყო - როგორ აპირებდნენ ამერიკელები სამხედრო ძალით აგვისტოს ომში ჩარევას

გთავაზობთ მასალას "კვირის პალიტრას" არქივიდან:

რონალდ ასმუსის წიგნის, "A Little War That Shook the World: Georgia, Russia and the Future of the West " ("ხანმოკლე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი") მიმოხილვა.

"ცივი ომის" შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსული ტანკების შესვლით შეიძლება გარდამტეხი მომენტი დამდგარიყო.

ჯორჯ ბუშის გუნდი, ეროვნული უშიშროების საკითხებში, რუსეთის ინტერვენციის შესაჩერებლად საავიაციო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავდა. პუტინი ტრაბახობდა, ჩემი ნდობა შეიძლებაო, სარკოზი კი საქართველოს ლიდერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერას აძალებდა.

აი, ის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ დიპლომატიური ფარდის უკან იმალებოდა და ასმუსმა თავის წიგნში ამხილა.

კლინტონის ადმინისტრაციაში ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასმუსი დღეს აშშ-ის მარშალის ფონდის ბრიუსელის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მან ამ რეალური პოლიტიკისა და დიპლომატიური ჩიხების ისტორია მანამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტების, დასავლეთისა და საქართველოს წარმომადგენლების ინტერვიუებზე დაყრდნობით შექმნა. ერთად თავმოყრილი ეს მასალა იმის ნათელი მტკიცებულება გახდა, თუ როგორ ვერ შეძლო დასავლეთმა გათამამებული რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. წიგნი პროფესიონალის შექმნილია: მასში დიპლომატისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ნიუანსების ცოდნაც ჩანს და ჟურნალისტისთვის დამახასიათებელ დეტალებსაც მოიცავს. წიგნში ნაჩვენებია, თუ როგორ ისარგებლა რუსეთმა აშშ-ს და ევროპას შორის არსებული წინააღმდეგობებით (რომელიც ერაყის ომის ჭრილობამ გააღრმავა), რათა ურჩი საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა შეეჩერებინა. წიგნიდან ვიგებთ, რომ "თეთრი სახლის ზოგიერთი მაღალჩინოსანი" მოითხოვდა, შეზღუდული სამხედრო მოქმედებების ვარიანტების განხილვას, როგორებიცაა როკის გვირაბის დაბომბვა, რომელიც რუსეთის არმიის მომარაგების მთავარი გზა იყო.

ომის მეოთხე დღეს, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს გაჩაღდა, ბუშმა ეს განხილვა შეწყვიტა. თეთრ სახლში უმაღლეს ხელისუფლებასთან შეხვედრისას გაჩნდა "მკაფიო განცდა, რომ ნებისმიერ სამხედრო ნაბიჯს მოსკოვთან კონფრონტაცია მოჰყვებოდა", - წერს ასმუსი.

საბოლოოდ, ვერც ამერიკულმა ადმინისტრაციამ და ვერც გახლეჩილმა ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს გადასარჩენად, რომელსაც ფეხი დაუცდა და ომის ეპიცენტრში აღმოჩნდა, ვერაფერი გააკეთა. სამხედრო შეტაკებას, ოცწლიანი დაღმასვლის შემდეგ, შეიძლება რუსეთისთვის დიდი ზესახელმწიფოს წოდების დაბრუნების სურვილი გაეღვიძებინა.

წიგნში ნაჩვენებია, თუ როგორ გახდა ბუში იძულებული, პრაქტიკული მოსაზრებების გამო პრაგმატულ პოზიციებზე დამდგარიყო. მას არ სურდა რუსეთთან წაჩხუბება და არც თავისი მოკავშირეების, მაგალითად, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის დარწმუნება შEეეძლო, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების მისწრაფების მხარდაჭერა აუცილებელია.

ბუშის პოზიციების სისუსტეს მკვეთრად წარმოაჩენდა მასსა და ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის შორის დაძაბულობა. ჩეინი შეშფოთებული იყო იმით, რომ ბუშმა უნებლიეთ მისცა რუსეთს საომარი მოქმედებების დაწყების სიგნალი 2008 წლის აპრილში, სოჭში, პრეზიდენტების შეხვედრაზე, სადაც დუმილით უპასუხა პუტინის საქართველოსადმი აშკარა მუქარას. ჩეინის აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამ შეხვედრის საანგარიშო ტექსტის წაკითხვისას დაიჩივლა, - ბუშმა ამით რუსეთს "მწვანე შუქი" აუნთოო.

"ხანმოკლე ომში" მოყვანილია 2008 წლის თებერვალში პუტინისა და საქართველოს პროდასავლური პოლიტიკის არქიტექტორის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძალიან საინტერესო საუბარი. "თქვენ გგონიათ, რომ ამერიკელები თქვენს დასახმარებლად გამოიქცევიან? - ჰკითხა პუტინმა სააკაშვილს, - ჩემ გარდა არავის ნდობა არ შეიძლება".

სააკაშვილი, რომელსაც ერთნი რეფორმატორად მიიჩნევენ, მეორენი კი დემაგოგად, საქართველოს ევროპასთან დაახლოების მცდელობის გამო აშშ-ისა და ევროპის უთანხმოების მთავარ მიზეზად იქცა. როგორც ასმუსი წერს, ევროპულ დედაქალაქებში ის მიაჩნდათ "ტვინგახურებულად" და მუდმივი უსიამოვნებების წყაროდ, რომელსაც ამერიკა მხარს უჭერდა".

უსიამოვნებები უკვე დაგეგმილი იყო, როდესაც არანაკლებ ემოციური სარკოზი მოსკოვსა და თბილისს შორის დაქროდა, რათა ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწია. იმ პერიოდში ევროკავშირის თავმჯდომარის, საფრანგეთის წარმომადგენლის კონფლიქტის შუამავლად არჩევამ ვაშინგტონი შეაშფოთა - ეშინოდა, რომ აშშ-ის აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში კრემლს უფრო გააბრაზებდა. ასმუსი წერს, რომ ტექსტი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, რომელიც საფრანგეთის ლიდერმა 12 აგვისტოს მოსკოვში ნაჩქარევად შეადგინა, ორაზროვანი იყო.

იმ დღეს, საღამოს, როდესაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ათასობით ქართველი სიხარულით სკანდირებდა - "სარ-კო-ზი, სარ-კო-ზიო", საფრანგეთის პრეზიდენტმა სააკაშვილს მის მიერ შედგენილი დოკუმენტი წარუდგინა და უთხრა, - ამაზე უკეთესს ვერაფერს მიიღებთო.

"სად არის ბუში? სად არიან ამერიკელები?”- გაბრაზებული უყვიროდა ქართველებს სარკოზი, - ისინი თქვენს გადასარჩენად არ მოვლენ, არც ევროპელები მოვლენ. თქვენ მარტო ხართ. თუკი ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერთ, მალე აქ რუსული ტანკები გაჩნდებიან".

"ბლუმბერგი", აშშ