მოსკოვის პირისპირ... - კვირის პალიტრა

მოსკოვის პირისპირ...

ანალიტიკოსების აზრით, ახალი პრეზიდენტის მოსვლისთანავე უკრაინა რუსეთისკენ შებრუნდება და პროდასავლურად განწყობილი საქართველო მოსკოვის პირისპირ მარტო დარჩება.

"ნარინჯისფერი რევოლუციის" ლიდერ ვიქტორ იუშჩენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორებით, საქართველომ პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ლანდშაფტის ტრანსფორმაციის ხუთწლიანი ძალისხმევის შემდეგ მთავარი მოკავშირე დაკარგა.

"უკრაინა და საქართველო ყოფილი სსრ კავშირის ფარგლებში დასავლეთის გავლენის გავრცელებაში ერთსა და იმავე როლს თამაშობდნენ, ახლა კი სიტუაცია იცვლება, - მიაჩნია ლონდონის კონსალტინგური კომპანია Eurasia Group-ის რეგიონულ ექსპერტს ანა იელენკოვიჩს, - საქართველო ახლა, როგორც ჩანს, მოსკოვთან დაპირისპირებაში მარტო დარჩება". არჩევნები უკრაინაში იუშჩენკოს სრული მარცხით დასრულდა.

თებერვალში არჩევნების ბოლო ტურში იბრძოლებენ პრომოსკოვური კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი და "ნარინჯისფერი რევოლუციის" მეორე ვეტერანი, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელმაც კრემლთან თავის ურთიერთობას პრაგმატული ელფერი შესძინა. უკრაინა 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო. ხოლო, იუშჩენკო კი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავარი მეგობარი და მოკავშირე. არჩევნების მეორე დღეს სააკაშვილი თავის კომენტარებში ამტკიცებდა, იუშჩენკოს წასვლის მიუხედავად, უკრაინასთან საქართველო მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებსო.

"უკრაინელების და უკრაინელი პოლიტიკოსების უმრავლესობა საქართველოს მეგობარია, იმის მიუხედავად, თუ რომელი საპრეზიდენტო კანდიდატის ბანაკს მიეკუთვნებიან, - განაცხადა სააკაშვილმა, - არჩევნების მეორე ტურში რაც უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, დამოკიდებულება არ შეიცვლება". თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გამორიცხულია ადრინდელი მჭიდრო კავშირის შენარჩუნება, მით უფრო მაშინ, თუ იანუკოვიჩი გაიმარჯვებს.

"იანუკოვიჩი საქართველოს მტრულად უყურებს, რაც ომის დროსაც გამოჩნდა", - აცხადებს სტოკჰოლმის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი სვანტე კორნელი. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინის დაკარგვით საქართველო დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირისა და ნატოში გაწევრების შანსს კარგავს.

"საქართველო-უკრაინის ტანდემი დასავლური კაპიტალის თვალში უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა, - ფიქრობს  International Crisis Group-ის კავკასიური პროგრამების დირექტორი ლორენს შიტსი, - იუშჩენკოს დროს არსებობდა ერთგვარი უკრაინულ-ქართული ღერძი... ფსიქოლოგიურად საქართველოსთვის არ არის უმნიშვნელო, რომ მოსკოვთან ბრძოლაში პარტნიორად ეს ძალიან დიდი და გავლენიანი სახელმწიფო ჰყავდეს".

ქვეყნებს შორის ურთიერთობა შეიძლება კონფრონტაციაშიც გადაიზარდოს, თუკი პრეზიდენტი იანუკოვიჩი გახდება და აღასრულებს თავის დაპირებას საქართველოს აჯანყებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. როგორც იელენკოვიჩს მიაჩნია, ახალმა პრეზიდენტმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება მოსკოვთან კავშირის განსამტკიცებლად გამოიყენოს. შიტსის აზრით, "ეს თბილისისთვის დიდი ფსიქოლოგიური  და დიპლომატიური დარტყმა იქნება და ნათლად მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველო კრემლის მიმართ მტკიცედ ოპოზიციურად განწყობილ მეზობლებში ”ბოლო საყრდენია".

სააგენტო "ფრანს პრესი", საფრანგეთი