ევროპას 2008 წლის აგვისტო გაახსენდა - კვირის პალიტრა

ევროპას 2008 წლის აგვისტო გაახსენდა

ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად და ამავე საკითხებზე მომუშავე ევროკავშირის კომისიის

მოხსენების ზოგიერთი დეტალის დასაზუსტებლად, ასევე ჰააგაში რუსეთის მიმართვის საფუძველზე, თებერვლის დასაწყისში თბილისს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფი უნდა ეწვიოს. საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებში ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, - ჰააგის სასამართლოს წარმომადგენელთა საქართველოში ჩასვლა კანონზომიერიაო.

მოსკოვის ოფიციალურ წრეებში აცხადებენ, რომ სრული ინფორმაციის მისაღებად საგამოძიებო ჯგუფი მოსკოვშიც უნდა ჩავიდეს. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი დაბეჯითებით ირწმუნება, ცხინვალში ელოდებიან საერთაშორისო გამომძიებლებს, რომლებიც გამოავლენენ, თუ ვინ დაიწყო ომი. მაგრამ ჯგუფის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი მანაც არ იცის.

ანონიმური თბილისელი კომენტატორის აზრით, "თუ ევროპულმა ინსტიტუტებმა ნამდვილად შექმნეს საგამოძიებო ჯგუფი, ეს, რასაკვირველია, ხელისუფლებისთვის სასიამოვნო არ იქნება, რადგან იქმნება ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემული ბალკანელი პოლიტიკოსების ასოციაცია. მაგრამ არც რუსეთისა და არც ცხინვალის ხელისუფლებას არაფერი აქვს გასახარი - ცოდვებში ისინიც კისრამდე სხედან.

ერთი კია, რომ ამით ოპოზიცია გააქტიურდება ხელისუფლების შესაცვლელად". თუმცა, მაგალითად, გერმანელ პოლიტოლოგს, ალექსანდრ რარს მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი ნაკლებპერსპექტიულად მიაჩნია. "ვფიქრობ, რუსეთი უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ ტალიავინის მოხსენებაში დაგმობილია გარკვეული მოვლენები. კრემლს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მსოფლიო არენაზე ცხინვალის ომის საკითხში რუსეთი უმცირესობაში აღმოჩნდა.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საერთაშორისო პროცესის მცდელობა კრახით დასრულდება, რადგან მას იცავს დასავლეთი და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. შედეგად რუსეთმა შეიძლება ნაკლებსასიამოვნო კონტრარგუმენტი მიიღოს - მას 1999 წლის გროზნოს და საერთოდ ჩეჩნეთს შეახსენებენ", - ამბობს რარი.

ესტონეთში ვიზიტით მყოფ მიხეილ სააკაშვილს მისმა კოლეგამ, ჰენდრიკ ილვესმა უთხრა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მოკლე ხანში ვერ აღდგება. ქვეყანას სტრატეგიული მოთმინება მართებს, ამიტომ სჯობს სახელმწიფოს აღმშენებლობაზე იფიქროთო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი