ISIS -ის პანკისელი სარდლის საიდუმლოებით მოცული ცხოვრება (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ISIS -ის პანკისელი სარდლის საიდუმლოებით მოცული ცხოვრება (ექსკლუზივი)

იხილეთ სტატიის ორიგინალი - The Daily Beast - The secret life of ISIS Warlord

პანკისის ხეობა, საქართველო... შვილებდაღუპული 50 წლის მწუხარე დედა თავდახრილი დასტირის ფოტოალბომს. მისი ლოცვა და მოთქმა ექოდ გაისმის სოფელ ჯოყოლოში, ჩეჩნეთის საზღვრის სამხრეთით.

დედის ამბავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიჰადისტის ისტორიას გადაეჯაჭვა, კაცის, რომელიც ამერიკელებისა და ბრიტანელების გაწვრთნილ რაზმში მსახურობდა, რომელიც ახლა ISIS -ის ტერორისტული დაჯგუფების ხელმძღვანელია და რომელმაც თავისი თარჯიმნის მეუღლე შეირთო ცოლად.

ქალს სედა დურდუკაევა ჰქვია, თუმცა ახლა მას აიშად იცნობენ. ერთ დროს ულამაზესი სედა ჩეჩნეთის ყველაზე სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა. იგი ასუ დურდუკაევის - რამზან კადვროვის მთავრობის ყოფილი მინისტრის ქალიშვილია. მამამისი კადიროვმა სწორედ ქალიშვილის მოურჯულებლობის გამო გაათავისუფლა თანამდებობიდან.

კადიროვმა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და რომელიც მხარს უჭერს ასადის რეჟიმს სირიაში, ცნობა მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ თავის ინსტაგრამის გვერდზე შარშან ნოემბერში გამოაქვეყნა: "დურდუკაევს არ აქვს მორალური უფლება, ელაპარაკოს თავის ქვეშევრდომებს მორალზე, პატრიოტიზმსა და რელიგიაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურის ლიდერის რანგში. მისი ქალიშვილი ვაჰაბიტებისა და ბანდიტების მხარდამხარ იბრძვის, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლს ღვრიან და ისლამურ ტაძრებს აფეთქებენ სირიაში."

იხილეთ სტატიის ორიგინალი - The Daily Beast - The secret life of ISIS Warlord

სედა, ჩეჩნეთის მშვენება, თავდაპირველად სირიაში წავიდა ლეილას ვაჟს, ჰაზმათს რომ გაჰყოლოდა ცოლად. ამ ისტორიის მოყოლისას ლეილას ცრემლების შეკავება უჭირს. ამბობს, რომ ორი მცირეწლოვანი ვაჟი თავის ყოფილ ქმართან, ავსტრიაში გაუშვა საცხოვრებლად: "მეგონა, ევროპაში ვაჰაბიზმის გავლენას თავს დააღწევდნენ, მაგრამ შევცდი."

თხუთმეტი წლის შემდეგ ჰამზათი პანკისში დაბრუნდა. ხუთი ენა იცოდა და ვენეციის უნივერსიტეტის დიპლომიც ჰქონდა, მაგრამ თავისი ცოდნა სირიაში აბუ ომარ ალ-შიშნად წოდებული თარხან ბათირაშვილის გვერდით ბრძოლას შეალია.

- ჰაზმათი მისი თარჯიმანი გახდა. მუდამ აბუ ომარის გვერდით იყო. დიდ პატივს სცემდა, - ყვება ლეილა. დედას კი იშვიათად კითხულობდა.

- ვემუდარებოდი, დაერეკა მაინც... ღამეებს ვათევდი მისი ზარის მოლოდინში. როგორც იქნა, ერთ ღამეს სკაიპით დამირეკა. ეკრანზე დავინახე ჩემი შვილი, რომელსაც თავზე შავი ნაჭერი ჰქონდა წაკრული არაბული წარწერით " ალაჰ უ აკბარ" . ვერ გადმოვცემ, რა ვიგრძენი მისი დანახვისას... ვთხოვე, ალაჰის გულისთვის, შენთან წამიყვანე-მეთქი...

ჰამზათმა დედას ნება დართო, მასთან ჩასულიყო.

- ვკითხე, რა წამოვიღო-მეთქი. ნატურალური ქართული თაფლი და ჩურჩხელა მთხოვა აბუ ომარ ალ-შიშანისთვის... მე ვიცნობდი აბუ ომარს. ის პანკისში გაიზარდა... წავიღე ყველაფერი, რაც ჩემმა შვილმა მთხოვა და ავტობუსით თურქეთში წავედი...

(სურათზე - ჰამზათ ბორჩაშვილი დედასთან, ლეილა აჭიშვილთან ერთად)

ლეილას არ სურს საუბარი თავისი შვილის მეუღლეზე, რომელიც მდიდარ მამასა და ფუფუნებას გაექცა და სირიაში წავიდა. ამბობს, რომ სედამ და ჰამზათმა ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს და გოგონა დაცვით გარშემორტყმული სახლიდან გამოიქცა დაჭრილი ჰაზმათის მოსანახულებლად. ლეილამ იცის, რომ სედას ვიღაც დაეხმარა, თუმცა მის ვინაობას არ გვიმხელს.

იხილეთ სტატიის ორიგინალი - The Daily Beast - The secret life of ISIS Warlord

წამებულების დედა სირიაში გაემგზავრა ორი მიზნით: ენახა თავისი ვაჟი და დაერწმუნებინა შინიდან გამოქცეული გოგონა, უკან დაბრუნებულიყო. მას უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა აჯანყებულთა იმ ბაზამდე მისაღწევად, სადაც მისი შვილი და ჩეჩენი "პრინცესა" იმყოფებოდნენ.

საბოლოოდ ლეილამ ნახა შვილი, თუმცა ის აღარ იყო პატარა ბიჭი, რომელსაც ადრე იცნობდა:

- ძალიან დასუსტებული იყო და უამრავი სხვადასხვა სახის იარაღი ჰქონდა. ის აღარ იყო ბიჭი, რომელიც მე გავზარდე. მათ მიმიყვანეს დაცვით გარშემორტყმულ მანქანასთან, რომელშიც სედა იჯდა...

ჰაზმათის თქმით, მანქანა თარხანის იყო.

- მან მითხრა, რომ ეს და სხვა მანქანები ირანიდან ჩამოიყვანეს და მხოლოდ მას ჰქონდა ამ მანქანის ტარების უფლება.

მანქანებს თუ არ ჩავთვლით, ჰაზმათი საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა.

- მას 100 დოლარიც კი არ ჰქონდა, რომ ჩემთვის მოეცა, - იხსენებს ლეილა, - მან მითხრა: "დედა, მაპატიე, მე ალაჰის გზას ვადგავარ და გული მტკივა, რომ შენთვის ფულის მოცემა არ შემიძლია." მას ერთადერთი მოსასხამი ჰქონდა, რომელსაც ცოლი ურეცხავდა.

ლეილა ამბობს, რომ მისი რძალი უპრეტენზიო გოგონა იყო.

- ცოლ-ქმარი კარგად ეწყობოდა ერთმანეთს. სედამ მითხრა, რომ თავისი ნებით იყო სირიაში. ის არაფერზე წუწუნებდა. მარწმუნებდა, რომ თავს აქ უფრო თავისუფლად გრძნობდა და ძალიან მშვიდად იყო. თან არც ის დაუმალავს, რომ იქ დარჩენასა და სიკვდილს აპირებდა.

ლეილა თარხანსაც შეხვდა, რომელიც საგანგებოდ მოვიდა მის სანახავად:

- შემიყვანეს კაცებით სავსე ოთახში და მითხრეს, რომ ომარ ალ-შიშანი მოვიდოდა ჩემს სანახავად. მეორე დღეს ჩვენ შეხვდით ერთმანეთს და ერთი საათი ვისაუბრეთ. აქედან წაღებული ჩურჩხელები მივეცი - მას ხომ ასე ძალიან უყვარს ჩურჩხელა! განსაკუთრებულზე არაფერზე გვილაპარაკია. მას აინტერესებდა მეზობლების ამბები, მეკითხებოდა, რა ხდებოდა პანკისში. მითხრა რომ ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა ჩემს შვილს, რომ ის იყო სამაგალითო მუსლიმი.

ლეილას უკვირდა, რატომ ეპყრობოდნენ თარხანს ასეთი პატივისცემით - ის ხომ ერთი უბრალო პანკისელი ბიჭი იყო.

- როდესაც ვიკითხე, რა თანამდებობა ეკავა მას, რატომ ჰყავდა პირადი დაცვა და რატომ ჩამოდიოდა მასთან ხალხი რჩევის საკითხავად ანდა თავიანთი გეგმების გასამხელად, მითხრეს, რომ მათთვის ის მეორე ბინ ლადენი იყო.

(სურათზე: ხალიდ ბორჩაშვილი)

ოთხი დღის შემდეგ ლეილა სირიიდან შინ დაბრუნდა. მალე მას უმცროსმა ვაჟმა, ხალიდმა, დაურეკა და შეატყობინა, რომ ჰაზმათი შაჰიდი გახდა და... გარდაიცვალა.

ლეილა ემუდარებოდა უმცროს შვილს, არ გაემეორებინა ძმის შეცდომა, მაგრამ ხალიდმა უპასუხა: "მე ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობ!"

- როდესაც ეს სიტყვები გავიგე, თითქოს გული გამიჩერდა... ოთხი-ხუთი კვირის მერე მივხვდი, რომ ხალხი რაღაცას მიმალავდა. ამიხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა: ჩემი ხალიდიც გარდაიცვალა. ამბობენ, რომ სანიპერმა ესროლა, მაგრამ არავის უნახავს ის არც ცოცხალი და არც - მკვდარი. მხოლოდ მისი საფულე იპოვეს. ჰაზმათის ქვრიმა, სედამ, გამომიგზავნა ფული, რაც ხალიდის საფულეში იპოვა და მითხრა, რომ ეს მე მეკუთვნოდა. ჰაზმათის სიკვდილის შემდეგ სედა მზად იყო, შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ აბუ ომარმა მას ამის საშუალება არ მისცა და ცოლად შეირთო. ეს მუსლიმი მეომრების ძველი ტრადიციაა - თუ შაჰიდის ცოლი დაქვრივდება, ის უპატრონოდ არ უნდა დარჩეს. ამ წესის თანახმად, ვინმე სხვას უნდა მოეყვანა სედა ცოლად, ეს ვიღაც კი თარხანი აღმოჩნდა, ვისაც ჩემი შვილი ენდობოდა და მუდამ გვერდით ედგა!

იხილეთ სტატიის ორიგინალი - The Daily Beast - The secret life of ISIS Warlord

მალე გავრცელდა ჭორი, რომ ჰამზათის სიკვდილი თარხანმა დაგეგმა, რათა სედა ხელში ჩაეგდო, თუმცა მწირი ინფორმაციის გამო ამ ვარაუდის დამტკიცება შეუძლებელია.

ლეილას ვკითხეთ, როგორ გარდაიცვალა ჰამზათი.

მან გვიპასუხა:

- როგორც მითხრეს, ჩემი შვილი ერთ ჩეჩენ მებრძოლთან ერთად დაიღუპა. ალბათ, ისინი ბრძოლიდან ერთად ბრუნდებოდნენ და მათი მანქანა ააფეთქეს. ჰაზმათი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც თურქეთში გადაიყვანეს, მაგრამ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მოგვიანებით ლეილამ სცადა სირიაში დაბრუნება შვილის საფლავის საპოვნელად, მაგრამ თარხანმა შემოუთვალა, რომ ჯობდა, უკან დაბრუნებულიყო, რათა უსიამოვნებებს არ გადაჰყროდა.

იხილეთ სტატიის ორიგინალი - The Daily Beast - The secret life of ISIS Warlord

ავტორები: უილიამ კათკარტი, ნინო ბურჭულაძე, ვაჟა თავბერიძე