კრემლის ზეწოლით? - კვირის პალიტრა

კრემლის ზეწოლით?

თბილისში მაუწყებლობა შეწყვიტა რუსულენოვანმა ტელეარხმა "პირველი კავკასიური", რომელიც ფრანგული ფირმის Eutelsat-ის თანამგზავრის მეშვეობით გადიოდა

ეთერში. ამ ფირმის წარმომადგენლის ცნობით, მაუწყებლობა სასინჯი ვადის გასვლის გამო შეწყდა, თუმცა არხის ხელმძღვანელის, ზურაბ დვალის ინფორმაციით, ფრანგული თანამგზავრიდან ტელეარხის გათიშვა შესაძლოა "რუსეთის დახმარებითაც" მომხდარიყო. მისი აზრით, მოსკოვი საფრანგეთს აიძულებს, "პირველ კავკასიურთან" ხელშეკრულება აღარ გააგრძელოს. მას კვერს უკრავს თბილისში მყოფი ფრანგი დიპლომატი, რომელმაც ჯერ კიდევ გასული კვირის სამშაბათს განაცხადა, - კრემლი მეტისმეტად ცდილობს, აიძულოს Eutelsat-ი, უარი თქვას საქართველოსთან კონტრაქტის დადებაზეო.

დვალის თქმით, არხის ხელმძღვანელები პარიზში ფრანგულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ თანამგზავრული მაუწყებლობის პირობებზე. Eutelsat-ი ამის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ "წყარო" მიანიშნებს, რომ სიტუაციაში "ჩაერია" გარეშე მხარე, რამაც შეიძლება კომპანია დააზარალოს.

ქართულმა მხარემ დაგმო მოსკოვის საქციელი, მაგრამ ჯერ ვერ გარკვეულა, როგორ მოიქცეს ფრანგული კომპანიის მიმართ - კრემლის წინაშე ქედის მოდრეკაში დაადანაშაულოს, თუ მის მდგომარეობაში შევიდეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც "ილაშქრებს" რუსული "პროპაგანდის" წინააღმდეგ. ზურაბ დვალი კი აცხადებს, - თუ საფრანგეთთან მოლაპარაკება არ გამოგვივა, სხვა თანამგზავრით მაინც გავალთ ეთერშიო.

ისე, უნდა ითქვას, რომ კომპანია  Eutelsat-მა მსგავსი რამ გააკეთა 2008 წელს პეკინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჩინური ტელეარხ New tang Dunastu Television-ის მიმართაც...

"ფიგარო", საფრანგეთი