გადადებული უსაფრთხოება - კვირის პალიტრა

გადადებული უსაფრთხოება

ამიერკავკასიაში უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდი, რომელიც გასულ კვირას ჟენევაში გაიმართა, თითქმის უშედეგოდ დასრულდა.

მონაწილეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ შემდეგი რაუნდისთვის თითოეულმა მხარემ მოამზადოს თავდაუსხმელობის ხელშეკრულების პროექტი. მაგრამ როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, მხარეებს მკვეთრად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამ ხელშეკრულების გარანტიები, ამიტომაც საერთო ენის გამონახვა ალბათ შეუძლებელი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ მხარეები ფორუმისთვის კარგად მოემზადნენ. რფ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებების წინ განაცხადა, რომ რუსეთს ეშინია რეგიონში ახალი კონფლიქტისა, რომელსაც, მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ამზადებს. ცოტა უფრო ადრე რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სტრუქტურებს საქართველოს არმიის შეიარაღებაში დასდო ბრალი. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის მეთაური ბორის ჩოჩიევი ევროპას დაჰპირდა, დაგიმტკიცებთ, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას აპირებსო.

დამამტკიცებელი საბუთი კი წარადგინა კონფლიქტის ზონაში რფ-ის სამშვიდობო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ახლა კი რფ-ის საგარეო საქმეთა უწყების მრჩეველმა მურატ კულახმეტოვმა (ის დროდადრო მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში). დეკემბერში საქართველოს ჯარების გადაადგილების რუკის წარდგენის შემდეგ განაცხადა, "საქართველოს სამხედრო შენაერთების მუდმივი გადაადგილება იმის მანიშნებელია, რომ მზადდება სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ". თუმცა გენერალმა იქვე შენიშნა, - ეს შეიძლება თავდაცვითი ხასიათისაც იყოსო. კულახმეტოვი მაშინვე დაამშვიდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა, მან თქვა, რომ ქართული ჯარების გადაადგილება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, მათ ევროპელი დამკვირვებლები აკონტროლებენო.

რუსეთის ბრალდებების პასუხი საქართველომ ჟენევის დისკუსიამდე მოამზადა. ქვეყნის ხელისუფლებამ დაამტკიცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის სტრატეგიული კონცეფცია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო უარს ამბობს ტერიტორიული კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე.

დოკუმენტში გაწერილია ჰუმანიტარული ხასიათის ღონისძიებები, რომელსაც საქართველო ნახევარი წლის მანძილზე განახორციელებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მიუხედავად ამისა, ქართულმა დელეგაციამ კვლავ უარი თქვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვენ მოსკოვი და ორი აუღიარებელი რესპუბლიკა. დელეგაციის მეთაურის, გიორგი ბოკერიას აზრით, მოსკოვი თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ყოველგვარი საერთაშორისო გარანტიების გარეშე ითხოვს - სოხუმისა და ცხინვალის ახლანდელი რეჟიმების ლეგიტიმიზების მიზნით.

თბილისი კი დაჟინებით მოითხოვს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საერთაშორისო პოლიციური ძალების შეყვანას, რადგან სწორედ მათ მიიჩნევს ასეთი შეთანხმების გარანტად. მაგრამ არც რუსეთს, არც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ეს ვარიანტი არ აძლევთ ხელს. როგორც სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული, პროთბილისური მთავრობის მეთაური დიმიტრი სანაკოევი ამბობს, "რუსეთს მიაჩნია, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. სინამდვილეში კი მოსკოვს საერთაშორისო დამკვირვებლების სახით, რეგიონში საქართველოზე ზეწოლაში ხელის შემშლელი არ სჭირდება".

ჟენევის მოლაპარაკებების თავმჯდომარემ, პიერ მორელმა მხარეებს ოპტიმიზმისკენ მოუწოდა, მაგრამ მონაწილეები მკვეთრად განსხვავებული პოზიციების გამო ჯერჯერობით დიდ ოპტიმიზმს არ იჩენენ. ვნახოთ, რას მოიტანს მეათე რაუნდი...

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი