დაგვიანებული სტრატეგია - კვირის პალიტრა

დაგვიანებული სტრატეგია

თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს. ლაპარაკი არ არის სამხედრო მზადებებზე, რაზეც ხშირად წერენ რუსეთში - დღესდღეობით ამ რესპუბლიკებში "ძალისმიერი სცენარის" განსახორციელებლად საქართველოს სამხედრო შესაძლებლობა არ გააჩნია.

"ცხელი აგვისტოს" შემდეგ თბილისმა ახალგორის რაიონი (2008 წლამდე მის მომეტებულ ნაწილს აკონტროლებდა) და ლიახვის ხეობის სოფლებიც დაკარგა. სოხუმს კი აღარ ეშინია კოდორის ხეობის ქართული სამხედრო პოლიციური მუშტისა.

აფხაზეთში რუსული სამხედრო ნაწილები და მესაზღვრეები სამშვიდობოები კი არა, რუსეთის რეგულარული ჯარები დგას და თუმცა მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მათ სტატუსს უკანონოდ მიიჩნევს (სიტყვა "ოკუპანტი" არც ისე ხშირად გაისმის, როგორც ეს საქართველოს უნდა), თბილისისადმი აშკარად კეთილგანწყობილი პოლიტიკოსებიც კი თავს იკავებენ აშკარა პროტესტისგან.

ამის დასტურია ამ დღეებში ნატოსა და რუსეთს შორის "გადატვირთვის" პროცესის დაწყება. თავის სასარგებლოდ სიტუაციის შესაცვლელად საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 27 იანვარს დაამტკიცა სტრატეგია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. ამ სტრატეგიის სათაური ერთობ მიმზიდველია - "ჩართულობა თანამშრომლობის გზით". საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის აზრით, ასეთი სტრატეგია საჭიროა იმისთვის, რომ აფხაზებმა და ოსებმა თავი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ნაწილად იგრძნონ.

საგულისხმოა, რომ ამ ლამაზი სახელწოდების მქონე სტრატეგიის ზოგიერთი ელემენტი მაინცდამაინც რეალისტური არ არის. დავიწყოთ იმით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ამ დოკუმენტში, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, "ოკუპირებულ ტერიტორიებად" მოიხსენიება, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს არა ამ სტრატეგიის სუბიექტად, არამედ რუსეთის მანიპულაციის ობიექტად აქცევს. მაშინ რაღა საჭიროა აფხაზებისა და ოსებისადმი მიმართვა? უფრო ადვილი ხომ არ იქნებოდა პირდაპირ კრემლთან მუშაობა? აფხაზებისა და ოსების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში შესაძლო ჰიპოთეზურ ინტეგრაციაზე დიალოგი უნდა გაიმართოს მათთან, როგორც პოლიტიკური პროცესის სუბიექტთან და არა "ოკუპირებულ მიწებთან".

მით უმეტეს, რომ საქართველოს ამ ყოფილი ავტონომიების მცხოვრებნი თავს ოკუპირებულად და დაჩაგრულებად არ გრძნობენ. შეიძლება ეს პროპაგანდის შედეგი ან ნაციონალისტური ციებ-ცხელებაა. ერთი კი ცხადია, რომ აფხაზეთისთვის საქართველოსთან ნებისმიერი სახით იდენტიფიკაცია ყოვლად მიუღებელია. თუმცა სოხუმი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში თბილისზე ნაკლებ როდია დაინტერესებული, მაგრამ აფხაზეთის მთავრობას ამ საკითხების მოგვარება ესახება, როგორც სიმეტრიული კონტაქტი თბილისთან.

ამიტომაც, არა მგონია, საქართველოს ახალმა სტრატეგიამ რამე შეცვალოს. კიდევ ერთი საკითხია გასარკვევი - ქართული "ჩართულობის" რეალიზაციისთვის, სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის თქმით, "ნავარაუდევია სახელმწიფოს მიერ ფინანსების გამოყოფა და ამ პროგრამის რეალიზაციის მომხრე ბიზნესმენთა სახსრების მოზიდვა"; მაგრამ როგორ მიესადაგება ყოველივე ეს "ოკუპაციის კანონის" წესდებას, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, თუ ის თბილისში არ არის ლიცენზირებული? ცხინვალსა და სოხუმში ვისთან აპირებენ ბიზნესის წარმოებას თბილისის ლიცენზიის მქონე პირები, იქ ხომ ასეთი ლიცენზიები არავის აქვს და მისი შეძენა არც შედის პრიორიტეტული ამოცანების სიაში? ფინანსები ყველა პრობლემას როდი წყვეტს.

მთავარია, ერთი მხრივ, ქართველებსა და ოსებს შორის, მეორე მხრივ, აფხაზებსა და ქართველებს შორის 1991 წლამდელი ურთიერთობების პრინციპული გადაფასება. ლაპარაკია არა მარტო პოლიტიკოსთა აღსარებებზე, არამედ ისტორიულ კონცეფციაზე (საქართველოს ტერიტორიაზე ოსებისა და აფხაზების "ჩამოსახლების" იდეა), სამართლებრივ მიდგომებზე (სამხრეთ ოსეთის ოლქის მოხსენიება "ყოფილად") და რადგან ეს არ მომხდარა, ახლანდელი სტრატეგია დაგვიანებულია. უფრო სწორად, ის საგარეო მოხმარებისა და ქართველი ამომრჩევლისთვის გამიზნული საპიარო პროპაგანდისტული პროდუქტია, მაგრამ როგორც ტერიტორიების "დაბრუნებისთვის" საჭირო ინსტრუმენტი - არადამაჯერებელი.

სერგეი მარკედონოვი

"პოლიტკომ.რუ" რუსეთი