ბოსნია და საქართველო - ევროპის უსაფრთხოების საფრთხე - კვირის პალიტრა

ბოსნია და საქართველო - ევროპის უსაფრთხოების საფრთხე

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის მეთაურმა დენის ბლერმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 2010 წელს ევროკავშირს საფრთხე ემუქრება ბოსნიაში არასტაბილურობისა და სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელი სისხლის ღვრის გამო. მისი აზრით, ევროკავშირის უდიდესი მეზობელი, რუსეთი ცივი ომის მენტალიტეტში შთაინთქა.

"2010 წელს ბალკანეთში განვითარებული მოვლენები კვლავ საფრთხის წინაშე დააყენებს ევროპის სტაბილურობას, - თქვა ბლერმა და ილაპარაკა ბოსნიისა და კოსოვოს ეთნიკურად სერბულ ანკლავებში განვითარებულ სეპარატისტულ ტენდენციებზე, როგორც ძირეულ პრობლემებზე, - ადვილი შესაძლებელია, რომ რუსეთ-საქართველოს (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო) და სომხეთ-აზერბაიჯანის (მთიანი ყარაბაღის გამო) გაყინული კონფლიქტები  სისხლის ღვრაში გადაიზარდოს. - საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან რუსეთის მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებამ, იქ რუსი სამხედროების ყოფნამ და მათგან პერიოდულად ძალადობის გამოჩენამ, შესაძლოა, ბრძოლების განახლება გამოიწვიოს".

ბლერი აღნიშნავს, რომ ბარაქ ობამას პრეზიდენტობის პირველსავე წელს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა გამოკეთდა. მიუხედავად ამისა, ის ევროკავშირის გიგანტურ მეზობელზე აშკარად შეშფოთებით საუბრობდა. "მე მაწუხებს ის, რომ რუსეთი პოსტსაბჭოელ მეზობლებს თავისი ინტერესების ზონად მიიჩნევს და ზესახელმწიფოს სტატუსის განსამტკიცებლად შეიარაღებული ძალების მეშვეობით ძალის დემონსტრირებას აგრძელებს. რუსეთი თავის სადაზვერვო პოტენციალსაც ზრდის და მთელ მსოფლიოში ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ იყენებს. მისი დაზვერვა საზღვარგარეთ ჯაშუშობს, ტექნოლოგიებს იპარავს და საიდუმლო ოპერაციებს ატარებს".

აშშ-ის მთავარმა მზვერავმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ევროპაში ისლამური ტერორიზმის გააქტიურებაზე.

"ეუობსერვერი", ბელგია