ადვილად აალებადი ფსონი - კვირის პალიტრა

ადვილად აალებადი ფსონი

5-7 თებერვალს მიუნხენში ჩატარდა კონფერენცია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ კონფერენციას არ დასწრებია. მისი პრესსამსახური ირწმუნებოდა, - მოუცლელობის გამო ვერ ჩადის მიუნხენშიო. საქართველოს მედია იტყობინება, - ისევე, როგორც შარშან, სააკაშვილი იქ არავის მიუწვევიაო.

მაშინ საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში სამხრეთ ოსეთში რუსეთის აგრესიის სააშკარაოზე გამოსატანად ჩავიდა, მაგრამ სიტყვა არ მისცეს. წელს კონფერენციაზე საქართველოდან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია მიიწვიეს. მიხეილ სააკაშვილი არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოჩენილა. საქართველოდან სტუმრის სტატუსით ფორუმს პარლამენტის ექსსპიკერი, ახლა კი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეწვია. როგორც კი გაიგო, სააკაშვილი მიუნხენში არ მიუწვევიათო, ქ-ნმა ნინომ განაცხადა, - სააკაშვილისა და მისი გუნდის უნიჭო პოლიტიკის გამო საქართველო პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცაო.

ქართული პრესა წერს, რომ "პრეზიდენტის გუნდი" დატოვა "რუხმა კარდინალმა", ამერიკელმა მრჩეველმა, ვაშინგტონთან სააკაშვილის ოპერატიული კავშირის არაფორმალურმა პასუხისმგებელმა, პოლიტტექნოლოგმა დანიელ კუნინმა. ბოლო დროს კუნინი არ ერეოდა პრეზიდენტის საქმეებში, ახლა კი საერთოდ დატოვა საქართველო. ქვეყნის მეთაურის ადმინისტრაცია ამ პუბლიკაციებს არც ადასტურებს და არც უარყოფს - საერთოდ, კომენტარისგან თავს იკავებს.

მოსკოვს კი ამ ბოლო ორი თვის მანძილზე უკვე მეხუთედ თუ მეექვსედ, ქართული ტრადიციისამებრ, თანამდებობიდან მოხსნისთანავე ოპოზიციაში გადასული, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ეწვევა. ვარაუდობენ, რომ ის ხელს მოაწერს "ედინაია როსიასა" და თავისი პატარა "სამართლიანი საქართველოსთვის" თანამშრომლობის ხელშეკრულებას და მონაწილეობას მიიღებს ქუთაისში დანგრეული "დიდების მემორიალის" მოსკოვში გადატანასთან დაკავშირებულ თათბირში.

რუსეთის პირველი პირები ამბობენ, - ქართველ  ხალხთან ურთიერთობას არ გავწყვეტთ, ის ჩვენთვის ძვირფასია, როგორც ერთმორწმუნე, ისტორიულად და კულტურულად რუს ხალხთან დაკავშირებული ერიო. ყველაფერი ეს სწორია, მაგრამ ქართველ ხალხთან ჩატეხილი ხიდის აღსადგენად რაღა ნოღაიდელი არჩიეს, რომელსაც მთელი ქართველი ხალხი თუ არა, მისი უმეტესი ნაწილი მაინც "ტკბილი" სიტყვით მოიხსენიებს. თითქმის სამი წელი პრემიერის სავარძელში იყო მოკალათებული და საქმიანობით არათუ ქვეყნისთვის, არამედ კაბინეტის წევრებისთვისაც არაფრით დაუმახსოვრებია თავი.

საინტერესოა, ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოსაკეთებლად მოსკოვმა რატომ შეაჩერა არჩევანი უკიდურესად დაბალი რეიტინგის მქონე ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე?

იმიტომ ხომ არა, რომ ნოღაიდელი მოსკოვთან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა "ტერიტორიულ მთლიანობადაკარგული საქართველოს პირობებშიც" კი, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ ამას უფრო მაღალრეიტინგული და ხალხში პოპულარული ირაკლი ალასანიაც მოითხოვდა. ახლა კი ამასვე აცხადებს ალასანიაზე ნაკლებრეიტინგული, მაგრამ ნოღაიდელზე გაცილებით რეიტინგული  ნინო ბურჯანაძე.

2013 წელს, კონსტიტუციის თანახმად, სააკაშვილი თანამდებობიდან წავა. საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს. მოსკოვი ვარაუდობს, რომ ნოღაიდელს გამარჯვების შანსი აქვს, თუმცა ახლა ამის წინა პირობა არ ჩანს. კვლავ უნდა გაიხლიჩოს ქვეყანა პრორუსულ და პროდასავლურ კანდიდატებს შორის? მოსკოვმა უკვე დაატრიალა ასეთი "რულეტი" პოსტსაბჭოთა საქართველოში და ვერც ერთხელ ვერ მიაღწია წარმატებას.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი