რას ეძებდა ბურჯანაძე დავოსში - კვირის პალიტრა

რას ეძებდა ბურჯანაძე დავოსში

ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში, დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, მსოფლიოს 96 ქვეყნიდან ჩასული ცნობილი ეკონომისტები, მსხვილი პოლიტიკოსები, საქმიანი წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველო ფორუმზე ოფიციალური პირებით არ იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, დავოსში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჩავიდა - ის არაერთხელ დასწრებია დავოსის ფორუმს.

ეკონომიკურ ფორუმზე ექსსპიკერი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა და საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლის მხარდაჭერა დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარება და მოსკოვთან ღია დიალოგის მზადყოფნა დაადასტურა. საკითხავია, ასეთ ავტორიტეტულ ფორუმზე რა მიზნით გააკეთა ამგვარი განცხადებები ცნობილმა ქართველმა ოპოზიციონერმა.

ბურჯანაძემ ნეგატიურად მოიხსენია საქართველოს საინფორმაციო პოლიტიკაც. მან აღნიშნა, - ფორუმს არ ესწრებოდა საქართველოს მედია. ამიტომაც არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ამ საერთაშორისო მოვლენაზე ჩემს ქვეყანაშიო.

ქართველმა ოპოზიციონერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ სააკაშვილი უყურადღებოდ ექცევა საერთაშორისო ფორუმელებს. ასე, მაგალითად, 2009 და 2010 წლებში საქართველოს პრეზიდენტი დავოსში არ ჩასულა, წელს კი მიუნხენის კონფერენციაზე დასწრებაზეც უარი თქვა. ბურჯანაძის აზრით, ყველაფერი ეს საქართველოს შემდგომ იზოლაციას უწყობს ხელს.

დავოსში ბურჯანაძემ არა მარტო სააკაშვილის პოლიტიკა გააკრიტიკა, არამედ მისი ბოლოდროინდელი ზოგიერთი გადაწყვეტილებაც, რომლებიც უმთავრესად რუსეთის ინტერესებს ეხებოდა.

ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მომხრეა და მზადაა, დიალოგი აწარმოოს არა მარტო ბრიუსელსა და ვაშინგტონთან, არამედ მოსკოვთანაც. მას საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ რუსეთის სრული იგნორირება უპასუხისმგებლობად მიაჩნია.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ამჟამინდელი რიტორიკა აშკარად რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯია და ეტყობა, დაკავშირებულია სააკაშვილის რეჟიმის საპროტესტო აქციების ახალი ტალღის აგორებასთან. ახალი კამპანია ხომ გაზაფხულზე დაიწყება.

საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერის განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ მომავალ დაპირისპირებებში ის შეეცდება, რუსეთსაც დაეყრდნოს. შესაძლოა, ქართველ ოპოზიციონერ ქალბატონს სურს მოსკოვთან მოლაპარაკების პროცესს უხელმძღვანელოს. შედეგად კი მიიღოს დამატებითი ქულები გაერთიანებული ქართული ოპოზიციის ლიდერის ადგილის მოსაპოვებლად.

ბურჯანაძე რომ ამას უმიზნებს, მისი განცხადებითაც დასტურდება: "ჩვენ არა მარტო მონაწილეობას მივიღებთ აქციებში, არამედ ორგანიზატორიც ვიქნებით". ამისთვის მას სჭირდება რუსეთის მხრიდან მისი პოლიტპროგრამისადმი ლოიალური დამოკიდებულება. დავოსის ფორუმი კარგი მოედანია ამისთვის და საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

ბურჯანაძემ უნდა იჩქაროს, რადგან მოსკოვთან დიალოგში ნოღაიდელი უფრო აქტიურობს და სავსებით შესაძლებელია, ამ მიმართულებით ექსსპიკერს დაასწროს - უკვე აცხადებს, რომ თებერვალში კვლავ აპირებს მოსკოვში ჩასვლას "ედინაია რასიასთან" თანამშრომლობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

"კომერსანტი", რუსეთი