რას იქმს იანუკოვიჩი? - კვირის პალიტრა

რას იქმს იანუკოვიჩი?

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში ყურადღებით აკვირდებიან. ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ,

რომ ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ  ნატოში არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს შესვლაც საეჭვო ხდება.

მაგრამ ამ შესაძლებლობის სავსებით გამორიცხვაც არ შეიძლება. უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით, მარტო საქართველო იმდენად საინტერესო არ იქნება ნატოსთვის, როგორც უკრაინასთან ერთად. ნატო რეგიონული პრინციპით ფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა ერთ ჯგუფში მოიაზრებოდა და ბლოკში ერთად უნდა შესულიყვნენ.

"იანუკოვიჩის უარის შემთხვევაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი შეიძლება დაბრკოლდეს. პრობლემა კი ის არის, რომ ალიანსი თავად ვერ გარკვეულა, რა უყოს ჩვენს ქვეყნებს და შესაძლოა თუ არა საქართველოს "სოლო" ინტეგრაცია", - ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ალიანსში საქართველოს შესვლა მარტო უკრაინაზე არ არის დამოკიდებული - ქართულ-რუსული ომის შემდეგ ნატოში შესვლის პერსპექტივამ ისედაც გაურკვეველი დროით გადაიწია.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი კოლეგებს მოუწოდებს, შეფასებებში არ აჩქარდნენ, დააკვირდნენ, როგორ აეწყობა იანუკოვიჩის ხელში კიევი-ბრიუსელის, ვაშინგტონი-მოსკოვის ურთიერთობები და მხოლოდ ამის შემდეგ დაასკვნან, საქართველოსთან ურთიერთობაზე როგორ აისახება უკრაინის გარეპოლიტიკური ვექტორი.

2008 წელს, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ვიქტორ იანუკოვიჩი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომხრე იყო, მაგრამ ახლა, ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტი იანუკოვიჩი ამ საკითხს უფრო რაციონალურად მიუდგება. სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი - პრეზიდენტისგან მკვეთრად განსხვავდება. "როცა ადამიანს დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა სურს, ის ყველას ყველაფერს ჰპირდება... უპირველესად, იანუკოვიჩმა თავის ბელორუს კოლეგას, ლუკაშენკოს ჰკითხოს, რატომ არ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი". ექსპერტები იმედოვნებენ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტი იანუკოვიჩი საერთაშორისო სამართალს არ დაარღვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ თბილისსა და კიევს შორის მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი.

"დოიჩე ველე", გერმანია